საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №304აპ-15 ქ. თბილისი
გ-ი გ, 304აპ-15 25 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის, მსჯავრდებულ თ. ც-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის, ასევე პროკურორ დ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი, -ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა ჯარიმა - 8000 ლარი. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 9 თვით თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
გაუქმდა გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ზ. გ-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება. ასევე ყადაღა მოეხსნა ზ. გ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარეს: ქ. ქ-ი, გ-ის - № (საკადასტრო კოდი: №).
2. ამავე განაჩენით თ. ც-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა ჯარიმა - 6000 ლარი. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 9 თვით თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
გაუქმდა თ. ც-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და ნ. ც-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება. ასევე ყადაღა მოეხსნა ნ. ც-ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარეს: ქ. ქ-ი, - გამზირი, № (საკადასტრო კოდი: №).
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ. ცა-ის ქმედება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა ჯარიმა - 6000 ლარი. გასაჩივრებული განაჩენი თ. ც-ის მიმართ გირაოსა და ყადაღის მოხსნის ნაწილში დარჩა უცვლელად. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
8. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
9. მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს, ხოლო მსჯავრდებულ თ. ც-ის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
10. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ის, მსჯავრდებულ თ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ის, პროკურორ დ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
მ. ოშხარელი