დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№47აგ-15 25 ნოემბერი, 2015 წელი
ბ-ე ზ, 47აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ზ. ბ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ზ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ლ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე, რის მოტივადაც მიუთითა შემდეგ გარემოებაზე: ზ. ბ-ს ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა და მასზე ვერ გავრცელდებოდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 და მე-7 მუხლები. ადვოკატმა შსს მომსახურების სააგენტოს მიაწოდა განაჩენები ზ. ბ-ს მიმართ, რის შედეგადაც მას ძველი ნასამართლობა გაუქარწყლდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა, რომ ზ. ბ-ს საბოლოო სასჯელი განსაზღვროდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 და მე-7 მუხლების საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაშვება, შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოებების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ლ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე