გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1026-1219-08 3 ივლისი 2009 წ ¹ ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ნ. კ-ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი---მ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე--- მ. ქ-იანი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი –ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების მ. ქ-იანის, ლ. დ-ძისა და ნოტარიუს ნ. უ-ძის მიმართ და მოითხოვა 2005 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მასსა და ლ. დ-ძეს შორის 2002 წლიდან მიმდინარეობს დავა, რომლის ერთ-ერთ ეტაპზე აღმასრულებლის 2004 წლის 24 ივნისის განკარგულებით ლ. დ-ძეს საკუთრებაში ნატურით გადაეცა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ. ქათუმში, ... ქუჩის ¹51-ში. ზემოაღნიშნულ განკარგულებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მის მიერ აღძრულ იქნა სარჩელი, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ სადავო ქონება ლ. დ-ძის საკუთრებაში აღირიცხებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი გადაიხდიდა ბინის აღსრულების პროცესში დაფიქსირებულ შეფასებას და ვალს შორის სხვაობას 17 448 აშშ დოლარს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ამდენად კანონიერ ძალაში არ არის შესული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ძის უფლებამონაცვლის ნ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლ. დ-ძესა და მ. ქ-იანს შორის 2005 წლის 5 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მ. ქ-იანს კი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-იანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ქ-იანის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ძეს ლ. დ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 8120 აშშ დოლარის გადახდა 2002 წლის 24 ივნისს აღმასრულებლის განკარგულებით ლ. დ-ძეს ნატურით გადაეცა ი. კ-ძის საკუთრებაში აღრიცხული 121,57 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹51-ში, რის შემდეგაც საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა ლ. დ-ძე. ზემოაღნიშნულ განკარგულებებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ი. კ-ძის მიერ აღძრული იქნა სარჩელი, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ცვლილებები იქნას შეტანილი ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 24 ივნისის განკარგულებაში იმ მითითებით, რომ კრედიტორ ლ. დ-ძეს ნატურით გადაეცეს ი. კ-ძის საკუთრებაში აღრიცხული სახლი მას შემდეგ, როცა კრედიტორი მოვალეს გადაუხდის სახლის ღირებულებასა და ვალს შორის სხვაობას 17 448 აშშ დოლარს. ამავე გადაწყვეტილების თანახმად გაუქმდა საჯარო რეესტრში ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹51-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ლ. დ-ძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მხარეთა განმარტებით საქმე შეჩერებულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის.
პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 თებერვალს ლ. დ-ძესა და მ. ქ-იანს შორის სადავო ბინაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2005 წლის 7 თებერვლიდან ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. ქ-იანი.
პალატა თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ მ. ქ-იანისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ი. კ-ძეს გასაჩივრებული ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი აქტი.
პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედევად იმისა რომ 2008 წლის 21 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ. ბათუმში ქ ... ქუჩა ¹51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო დაყადაღებული, აღნიშნული ვერ განიხილებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მტკიცებულებად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ძის წარმომადგენელმა მ. ბ-ძემ.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც აღნიშნა, რომ აღმასრულებლის განკარგულებით კრედიტორისათვის აუქციონზე მოვალის ქონების ნატურით გადაცემისთანავე უქმდება ყადაღა. ყადაღა უქმდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მეორე მხარის მიერ აღმასრულებლის განკარგულება კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრდება.
კასატორის აზრით, მ. ქ-იანისათვის, რომელიც 2005 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით 9800 აშშ დოლარად იძენდა მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სახლს, ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ დაკავებული ჰქონდა კასატორის ოჯახს და მიმდინარეობდა დავა მის კუთვნილებასთან დაკავშირებით. მ. ქ-იანისათვის რომ ცნობილი იყო ქ. ბათუმში, ... ქუჩა ¹51-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით არსებული დავა, ამ გარემოებას სასამართლო იმითაც ასაბუთებს, რომ მ. ქ-იანმა სახლი შეიძინა 2005 წლის 7 თებერვალს, ხოლო მის მიერ აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან კასატორის გამოსახლების თაობაზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის თებერვალში და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, როცა მათთვის ცნობილი გახდა სადავო სახლის გაყიდვის თაობაზე და მოითხოვა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მ. ქ-იანი არ შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. ასევე მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 4 თებერვლის ცნობით, ნასყიდობის საგანი არ იყო დატვირთული ყადაღით, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში, გარიგების დადების ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობდა. ეს აზრი არასწორია ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრიდან ცნობით, უძრავ ქონებას ყადაღა არ ადევს, რეალურად სადავო ბინას ყადაღა ედო, რაც დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყადაღა რეგისტრირებულია 2002 წლის 26 მარტიდან ¹557 მომართვის საფუძველზე. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რეგისტრირებული იყო ყადაღა, იმ მომენტიდან ნებისმიერი გარიგება უნდა ჩაითვალოს ბათილად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მ. ქ-იანი მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მ. ქ-იანისათვის ცნობილი იყო ი. კ-ძის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს აქტის გასაჩივრების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია აგებულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებზე. აღნიშნული ნორმებით დაცულია ნივთის შემძენის ინტერესები და თუ გამსხვისებელი რეესტრში რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ, მის მიერ დადებული გარიგება ითვლება ნამდვილად. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა რომ ჩანაწერი უზუსტოა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ამ პირთა შორის დავის გადასაწყვეტად უნდა დაედგინა, იყო თუ არა საჩივარი შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ და შემძენმა იცოდა თუ არა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი უზუსტოა. იმ შემთხვევაში თუ უფლებამოსილ პირს საჩივარი აქვს შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ივარაუდება რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენდა საჩივრის შეტანის ფაქტს, მას უფლება არ ჰქონდა დაყრდნობოდა საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას და სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენი მიეჩნია კეთილსინდისიერად.
ზემოთ მითითებული შედეგი დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. როგორც კასატორი უთითებს, ბინის შემძენი მისი კარის მეზობელია. ასეთ შემთხვევაში კი ძნელად სარწმუნოა ის გარემოება, რომ შემძენს არ სცოდნოდა მის მეზობლად მდებარე სახლის ნაკლის არსებობა-არარსებობის თაობაზე, უკიდურეს შემთხვევაში მას მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდა, შეეტყო მეზობლისგან ყველა გარემოება, რაც დაკავშირებული იყო ბინის ავკარგიანობასთან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებას საერთოდ აუარა გვერდი და არ იმსჯელა ამ ფაქტის თაობაზე. მითუმეტეს, რომ მითითებულ გარემოებას ეყრდნობოდა საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას.
ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ განსახილველი საქმის ბედი სამართლებრივად დაკავშირებულია ლ. დ-ძისა და ი. კ-ძეს შორის არსებული ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავაზე, ამიტომ სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული გარემოებაც. ამასთან შეგებებული სარჩელის ბედიც მთლიანად დამოკიდებულია ძირითადი სარჩელის ბედზე. ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ ამ სარჩელის ბედიც უნდა გადაწყდეს ძირითად სარჩელთან ერთად.
ზემოა ღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი იმის თაობაზე, იყო თუ არა გასაჩივრებული საჯარო რეესტრის მონაცემები ბინის გასხვისებისას და იცოდა თუ არა შემძენმა ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ი ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება