დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.11.2015
საქმის ნომერი
58აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №58აგ-15 10 ნოემბერი, 2015 წელი

ე-ე გ, 58აგ-15 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 12 ოქტომბრიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ს-სა და შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2015 წლის 13 მაისს მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და მსჯავრდებულ გ. ე-ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებისა და 169-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან სისხლის სამართლის საქმეში გამომძიებელ გ. გ-ის ჩვენების გარდა, რომლის რეალურად გადამოწმების შესაძლებლობა არ არსებობს, არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. ე-ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბ ჩვენებებთან მიმართებით მიღებულია 2015 წლის 22 იანვარს. ამ დროისთვის გ.ი ე-ის მიმართ გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დაცვის მხარეს გასაჩივრებული ჰქონდა საკასაციო სასამართლოში, რომლითაც ითხოვდა მის გამართლებას. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 24 აპრილს გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ს-სა და შ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას, ვინაიდან ამ დროისათვის უკვე არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკასაციო საჩივრის მოთხოვნაც მსჯავრდებულის გამართლებას შეეხებოდა, საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა საკმარისობის, მათ შორის - ირიბი ჩვენებების გამოყენების საკითხის (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში) შეფასებისა და მისი გათვალისწინების გარეშე საკასაციო საჩივარს დაუშვებლად ვერ ცნობდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ საფუძვლით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. ე-ის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რადგან იგი ცნობილი იყო მისი საქმის სამართალწარმოებისას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებაც მიღებულია საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების პირობებში.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ე-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე