გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 19.06.2009
საქმის ნომერი
ას-1031-1224-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1031-1224-08 19 ივნისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ .. ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ული, რ. ჩ-ელი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – Gგათავისუფლების შესახებ ბრძანებათა კანონშეუსაბამოდ აღიარება და მიუღებელი ხელფასის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს თ. გ-ულმა, რ. ჩ-ელმა, შ. წ-შვილმა, მოპასუხედ სს „ .. ..“ დაასახელეს და მოითხოვეს სამსახურიდან უკანონო დათხოვნით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2007 წლის 30 ივნისს მათსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც თ. გ-ული დაინიშნა ქ.ზესტაფონის მომსახურეობის ცენტრის უბნის მენეჯერის თანამდებობაზე ერთი წლის ვადით, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით და მისი ხელფასი შეადგენდა 650 ლარს; რ. ჩ-ელი და შ. წ-შვილი დაინიშნენ ზესტაფონის მომსახურეობის ცენტრის ...ის თანამდებობაზე, ერთი წლის ვადით, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით და მათი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 360 ლარს. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ დაკისრებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი არაბრალეულობით გამოწვეული ინციდენტის გამო შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებზე მითითებით. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ადმინისტრაციის მიერ უკანონოდ მოხდა, შესაბამისად მათ მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებათა უკანონოდ ცნობა და თ. გ-ულის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 5850 ლარის, რ. ჩ-ელის სასარგებლოდ 3240 ლარის, შ. წ-შვილის სასარგებლოდ 3240 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ .. ..-ს“ 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებები თ. გ-ულისა და რ. ჩ-ელის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ცნობილ იქნა უკანონოდ; სს „ .. ..-ს“ თ. გ-ულის სასარგებლოდ 5850 ლარის; რ. ჩ-ელის სასარგებლოდ 3240 ლარის გადახდა დაეკისრა. შ. წ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,, .. ..-მ“ და შ. წ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სს „ .. ..-ს“ და შ. წ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ. გ-ულსა და მოპასუხე ორგანიზაციას შორის 2007 წლის 30 ივნის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლით, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, ხელშეკრულების თანახმად თ. გ-ული დაინიშნა ზესტაფონის მომსახურეობის ცენტრის უბნის ...ის თანამდებობაზე და მისი ხელფასი 650 ლარით განისაზღვრა.

რ. ჩ-ელი და შ. წ-შვილი დაინიშნენ ზესტაფონის მომსახურეობის ცენტრის ტექნიკოსის თანამდებობაზე, ერთი წლის ვადით, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით და მათი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 360 ლარს.

პალატამ ჩათვალა, რომ აბონენტის (მესამე სკოლის) თვითნებურ ჩართვაზე მოსარჩელეთა ჩ-ელისა და გ-ულის მიერ 26 სექტემბერს შედგენილი აქტი მათი მხრიდან სწორედ დარღვევის ფაქტზე რეაგირების დასტურს წარმოადგენდა. რაც შეეხება იმას რომ 28 სექტემბერს გამოვლინდა ამ აბონენტის თვითნებური ჩართვის ფაქტი – პალატის მოსაზრებით არ ადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობას.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც შრომითი ხელშეკრულებით (არც თანამდებობრივი ინსტრუქციისა და „წესებით“ გათვალისწინებული) და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. ..-მ“.

კასატორის აზრით, გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია. სასამართლომ დადგენილად სცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დავალიანების გამო გამორთული აბონენტი თვითნებურად კვლავ ჩართული იყო ქსელში. ეს ქმედება მოსარჩელეთა მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე მაშინ, როცა აღნიშნული კონტროლი მათ სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა. ამავე დროს, მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლომ მიიჩნია არამართლზომიერად, თუმცა რაში გამოიხატა არამართლზომიერება, ამის სამართლებრივ საფუძვლები არ მიუთითებია.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეებს სადაოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ მიერ დავალიანების გამო გათიშული აბონენტი, შემოწმების დროს იყო თვითნებურად ჩართული ქსელში და კვლავ მოიხმარდა ელექტროენერგიას. აღნიშნული ფაქტის არსებობა უდაოდ ადასტურებს გ-ულისა და ჩ-ელის მხრიდან მათზე თანამდებობრივად დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, რაც გახდა კანონიერი საფუძველი მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტისა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სწორედ ადგილი ჰქონდა უნებართვო მიერთებას, ოღონდ ამგვარი უნებართვო მიერთებით მცირეოდენობის ზიანი (12 კვ) მიადგა კომპანიას. აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია და არ ეფუძნება კანონის მოთხოვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ თ. გ-ული და რ. ჩ-ელი 2007 წლის 30 ივნისს დაინიშნენ ქ.ზესტაფონის მომსახურეობის ცენტრში 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ისინი სამსახურიდან განთავისუფლდნენ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 38-ე მუხლის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მითითებულ პირთა განთავისუფლების თაობაზე მიიჩნია უკანონოდ იმ საფუძვლით, რომ დარღვევა იყო უმნიშვნელო და ამასთან მათ მიერ შეუძლებელი იყო საჯარო სკოლის მიერ ქსელში თვითნებური ჩართვის კონტროლი.

როგორც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, აღნიშნული დარღვევა ამ პირთა მიმართ გამოვლენილია გამოსაცდელ სამთვიან ვადაში და ეს პირები ამავე ვადაში არიან განთავისუფლებული სამსახურიდან. აღნიშნული გარემოება საერთოდ არ არის გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში სამართლებრივი რეგულირება შრომითი ურთიერთობებისა ცალსახაა და ამას უკავშირდება განსხვავებული შედეგი. კერძოდ, შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამსაქმებელს უფლება აქვს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლოს არ აქვს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებაც თუ როდის განთავისუფლდნენ აღნიშნული პირები სამსახურიდან. აღნიშნულ გარემოებათა დაუდგენლობა შეუძლებელს ხდის სამართლებრივად გადაწყდეს მოცემული დავა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზია დასაშვებია და დასაბუთებული და შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გაზიარება. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი, რის შემდეგაც მოახდინოს მათი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ .. ..“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.