შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.12.2015
საქმის ნომერი
2კ-401აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №401აპ-15 ქ. თბილისი

ტ-ე დ, 401აპ-15 24 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ტ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ხ. თ-ა და გ. დ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით დ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2. მასვე როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

3. განაჩენით მსჯავრდებულ დ. ტ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევმა დ. ტ-მ კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მარიხუანა), რაც დაუდგინდა 2014 წლის 2 დეკემბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

4. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: დ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით - დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ. ტ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2015 წლის 18 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრამდე. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

7. მსჯავრდებული დ. ტ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებასა და მსჯავრდებულ დ. ტ-ს გათავისუფლებას.

8. მსჯავრდებული დ. ტ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმებას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებასა და მსჯავრდებულ დ. ტ-ს გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ი. მ-ს, ა. ა-ს ჩვენებებით, დ. ტ-ს აღიარებითი ჩვენებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის #8016620 დასკვნით, ნასამართლობის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის განკარგულებით შეწყალების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივრები ხდის.

3. რაც შეეხება კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ დ. ტ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და, შესაბამისად, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა არ იზიარებს.

4. საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, 1-ლი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეუქმებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დ. ტ-ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან მან ბრალად შერაცხული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ტ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრამდე.

6. გამოსაცდელი ვადის დენა იწყება განაჩენის გამოტანის დღიდან და, შესაბამისად, დ. ტ-ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა იწურებოდა 2015 წლის 31 იანვარს. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს - 2014 წლის 4 დეკემბერს დ. ტ-ე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მიუხედავად ამისა, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მისთვის სასჯელის დანიშვნისას უგულებელყო პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისთვის სასჯელის დანიშვნის წესი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, კერძოდ: თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც განზრახი დანაშაულის ჩადენისას დ. ტ-ე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და იმ დროისათვის გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ არ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და დ. ტ-ს მხოლოდ ბოლო დანაშაულისთვის განუსაზღვრა სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა დ. ტ-ს სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით დანიშვნასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ პროკურორი დასკვნით სიტყვაში მიუთითებდა ამის თაობაზე.

7. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ სახეზეა დ. ტ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მისთვის საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველი, ვინაიდან, სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრი გაუქმდება, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში ჩაიდენს განზრახ დანაშაულს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხი უკავშირდება დანაშაულის ჩადენის დროს და არა განაჩენის გამოტანის დროს, ანუ თუ განზრახი დანაშაული ჩადენილია გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველს და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასულია თუ არა გამოსაცდელი ვადა, რადგან ასეთ დათქმას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

8. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ტ-ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა უნდა შეუმცირდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ. წ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით მართალია არ უმსჯელია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შესახებ ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 273-ე მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

11. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება, თუ რამდენად ირღვევა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებით სხვისი უფლებები მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

12. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული დ. ტ-ე წარსულში ნასამართლევია და სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, დ. ტ-ს შეუმცირდეს წინა განაჩენით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ასევე ახალი განაჩენით დანიშნული სასჯელის ჯარიმის ოდენობა

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. ტ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

14. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით - უნდა დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 თვე და 16 დღე. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ. ტ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

15. მსჯავრდებული დ. ტ-ე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2015 წლის 18 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრამდე), მთლიანად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის - 7 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. საბოლოოდ დ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ტ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ დ. ტ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

4. დ. ტ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 (შვიდი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ. ტ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 7 (შვიდი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7. მსჯავრდებულ დ. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2015 წლის 18 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 ოქტომბრიდან იმავე წლის 8 ნოემბრამდე.

8. მსჯავრდებული დ. ტ-ე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის - 7 (შვიდი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. საბოლოოდ დ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

10. მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

11. მსჯავრდებული დ. ტ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი