გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 05.05.2009
საქმის ნომერი
ას-1120-1270-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1120-1270-08 5 მაისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) _ ა. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) _ ნ. ლ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 24 იანვარს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. ლ-ძემ მოპასუხე ა. ც-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზესტაფონში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილის გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და აღნიშნული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

2006 წლის 25 ოქტომბერს ნ. ლ-ძემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ისაგან შეიძინა ზესტაფონში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, 344კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დასახელებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.

მოპასუხე დაეუფლა ნ. ლ-ძის კუთვნილი შენობა-ნაგებობის ნაწილს, განახორციელა მისი დანგრევა და დაიწყო რეკონსტრუქცია. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მოსარჩელემ შესაბამისი განცხადებებით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებას. აღნიშნული მიმართვების შედეგად ა. ც-ძემ დროებით შეაჩერა შენობა-ნაგებობის ნაწილზე დაწყებული რეკონსტრუქცია, მაგრამ მოგვიანებით ეს პროცესი კვლავ განაახლა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებზე, რის შესაბამისადაც მიიჩნია, რომ უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ქონების გამოთხოვის შესახებ მისი მოთხოვნა მართლზომიერი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 4-5).

2008 წლის 4 მარტს ა. ც-ძემ იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა ნ. ლ-ძის შენობის ტექნიკური პასპორტიდან და საკადასტრო გეგმიდან სადავო ფართის ამორიცხვა, აგრეთვე საჯარო რეესტრის საკუთრების უფლების ჩანაწერის შესწორება, შემდეგი საფუძვლებით:

ფართი, რომელსაც მოსარჩელე ედავებოდა, ა. ც-ძეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის ოქმის საფუძველზე _ 2004 წლის 14 ივლისიდან. ამ დროიდან მოყოლებული მოპასუხეს ქონების ფლობასთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ გააჩნდა. აღმასრულებლის ოქმის საფუძველზე მას გადაეცა შენობები, ხოლო მიწა, რომელზეც შენობები იყო განთავსებული ,სახელმწიფოსაგან მოგვიანებით შეისყიდა.

ზემომითითებული ფართის მანამდელი მესაკუთრე იყო შპს “კ.”, შემდგომ მესაკუთრედ თავად ა. ც-ძე დარეგისტრირდა. ამ დროისათვის ქონება შპს “ო.” საწესდებო კაპიტალის შემადგენლობაში შედიოდა, რომლის დამფუძნებლებსაც ა. ც-ძე და ე. ხ-ძე წარმოადგენდნენ.

მოპასუხის მიზანი იყო ის, რომ ცდომილება, რომელიც ნახაზის შედგენის დროს იქნა დაშვებული, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. სადავო ქონება ნ. ლ-ძის კუთვნილი არასდროს ყოფილა და აღნიშნულით მას არ უსარგებლია. პირიქით, იგი მუდმივად მოპასუხის მფლობელობაში იმყოფებოდა და თუკი მეზობელი მესაკუთრის მხრიდან რაიმე პრეტენზია არსებობდა, ამ დრომდე უნდა გაცხადებულიყო. იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება თავდაპირველად შპს “კ.” საკუთრებას წარმოადგენდა, ადასტურებდა საქმეში არსებული 11.03.1997წ. ტექნიკური პასპორტი და 1.10.2005წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ამ დროისათვის ქონების შპს “ო.” საკუთრებაში არსებობას კი ცხადყოფდა 15.03.2006წ გენგეგმა, შპს “ზ.-ა.” ¹39 კონსულტაციის აქტი, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 აპრილის დადგენილება და მიწის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელსაც ა. ც-ძე მოგვიანებით წარადგენდა.

შეგებებული სარჩელის ავტორი საგულისხმოდ მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ ნ. ლ-ძის მიერ წარდგენილი ტექნიკური პასპორტის მიხედვით, სადავო ფართი წარმოადგენდა შენობას, რომელსაც გააჩნდა აგურით აგებული კედლები, ბეტონის იატაკი და “შიფერის” სახურავი, მაშინ როცა სინამდვილეში ამ ფართს გააჩნდა ბლოკით აგებული კედლები, ბეტონის სახურავი და იატაკი. ნ. ლ-ძის ტექნიკურ პასპორტში დაჯამებული მთლიანი ფართის ოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნახაზზე მითითებული ცალკეული ოთახების ზომათა ჯამი. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო გეგმა არ იყო ბეჭდით დამოწმებული (ს.ფ. 40-44).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა. ც-ძეს აეკრძალა ნ. ლ-ძის კუთვნილ ქონებაზე, მდებარე ზესტაფონი, ... ქ. ¹17, სარეგისტრაციო ზონა ზესტაფონი, კოდი 32, სექტორი ცენტრალური ზონა, კოდი 10, კვარტალი ¹01, ნაკვეთი ¹109, ფართობი 334 კვ.მ, მფლობელობის ხელშეშლა; ა. ც-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ზესტაფონის არქივის ¹5 ცნობის მიხედვით, ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 19 თებერვლის ¹46 გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა მსუბუქი ავტომობილების აღდგენილი საბურავების რეალიზაციისა და შეკეთების კოოპერატივი “ლადა”’, რომელსაც ფუნქციონირებისათვის გადაეცა ზესტაფონში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ზესტაფონის გაერთიანების კუთვნილი შენობის ერთი სათავსო არენდით;

ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 მარტის დადგენილებით კოოპერატივი “ლ.” გარდაიქმნა შპს “კ.”;

უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ 2004 წლის 14 ივლისის ოქმის მიხედვით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კრედიტორ ა. ც-ძეს შპს “კ.” ვალის _ 6 995 ლარის სანაცვლოდ ნატურით გადასცა ამავე საზოგადოების ოთხი ბოქსი _ 22.2კვ.მ, 22.80კვ.მ, 23.10კვ.მ და 15.6კვ.მ ფართის ოდენობით. მასვე გადაეცა ავტომაღაზიის შენობაში 27.02კვ.მ ოთახი, 27.63კვ.მ საწყობის შენობა და 11კვ.მ დამხმარე ფართი. გადაცემა მოხდა შპს “კ.” უძრავი ქონების შესახებ ზესტაფონის რაიონის ყოფილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1992 წლის 6 მარტს გაცემული ¹17 ტექნიკური პასპორტის მიხედვით. მითითებულ უძრავ ქონებაზე ა. ც-ძის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2004 წლის 13 აგვისტოს;

ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ზესტაფონში, ... ქუჩაზე მდებარე საქართველოს რკინიგზის მუშათა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ¹74 მაღაზიის ამორტიზებული შენობა, დაშენების ფართით, 1997 წლის 23 ივლისს შესყიდულ იქნა გ. წ-ძის მიერ, რომლის კანონიერებაზე სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2006 წლის 25 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ლ-ძემ გ. წ-ძისაგან შეიძინა არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი ზომით 334კვ.მ, მდებარე ზესტაფონში, ... ქ. ¹17-ში, დაშენების ფართით 334კვ.მ, მათ შორის სასარგებლო ფართით 292კვ.მ, სარეგისტრაციო ზონა ზესტაფონი, კოდი 32, სექტორი ცენტრალური ზონა, კოდი 10, კვარტლის ¹01, ნაკვეთის ¹109.

ნ. ლ-ძე შეძენილი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;

სადავო ფართის ადგილზე დათვალიერებით სასამართლომ გამოარკვია ნ. ლ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართის ზომის ფაქტობრივი სისწორე და ფართის სადავო ნაწილის რეკონსტრუქცია ა. ც-ძის მიერ. რეკონსტრუქციის მოხდენა ა. ც-ძისაგან დამატებით დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა დავით კვანტრაშვილმა. ამავე მოწმემ ასევე დაადასტურა რეკონსტრუქციის წარმოების დროს ნ. ლ-ძის მიერ რეკონსტრუქციის აღკვეთის მიზნით პოლიციის მიყვანა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ნ. ლ-ძისათვის მიყიდვამდე სადავო ფართის გ. წ-ძის მესაკუთრეობა.

მხარეები დაეთანხმნენ იმ გარემოებას, რომ გ. წ-ძემ სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული ქონება მიიღო მემკვიდრეობის გზით და მასზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა 2006 წლის 25 ოქტომბერს.

ნივთის ადგილზე დათვალიერების, აღმასრულებლის აქტისა და შპს “კუკურას” ¹17 ტექნიკური პასპორტის ურთიერთშედარების საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც-ძეზე ვალის სანაცვლოდ ნატურით გადაცემული მოვალე საზოგადოების ოთხი ბოქსი _ 22.2კვ.მ, 22.80კვ.მ, 23.10კვ.მ და 15.6კვ.მ ფართით, ავტომაღაზიის 27.02კვ.მ ოთახი, 27.63კვ.მ საწყობის შენობა და 11კვ.მ დამხმარე ფართი განთავსებული იყო შპს “ოსტატის” საქმიანი ეზოს შესასვლელი გზის მარცხენა მხარეს, მაშინ როცა სადავო ფართი მდებარეობდა მითითებული გზის მარცხენა მხარეს, წარმოადგენდა ნ. ლ-ძის მიერ შეძენილი მთლიანი ფართის ნაწილს და არ შედიოდა ნატურით გადაცემულ, აქტში სახელდებით აღწერილ ცალკეულ და არც მთლიან ფართში.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ა. ც-ძეს საკუთრებაში არ გადასცემია შპს “ო.” საქმიანი ეზოს შესასვლელი გზის მარცხენა მხარეს მდებარე სადავო ფართი და იგივე ფართზე გ. წ-ძე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში მისი გასხვისებისას იყო რეგისტრირებული, ა. ც-ძის მოთხოვნა საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 107-112).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

საქმეზე დასტურდებოდა, რომ ა. ც-ძეს სადავო ფართი საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2004 წლის 14 ივლისის ოქმით. იგი იმყოფებოდა შპს “კ.” საკუთრებაში. აღნიშნული ფართი თავდაპირველად წარმოადგენდა ამიერკავკასიის რკინიგზის მუშაკთა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ზესტაფონის გაერთიანების კუთვნილი შენობის ერთ სათავსო ოთახს, რომელიც ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 1988 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით არენდით გამოეყო კოოპერატივ “ლ.” მსუბუქი ავტომანქანების აღდგენილი საბურავების რეალიზაციის და შეკეთების მიზნით. ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 მარტის დადგენილებით კოოპერატივი “ლ.” გარდაიქმნა შპს “კ.”. 1988 წლიდან სადავო ფართი გამოიყენებოდა ზემომითითებული დანიშნულებით და 2004 წლამდე მას ფლობდა შპს “კ.”, ხოლო შემდგომ იგი გადაეცა კრედიტორ ა. ც-ძეს, რომელმაც მოგვიანებით ის მიწაც შეისყიდა, რომელზეც შენობა იდგა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, იმსჯელა ა. ც-ძისათვის საკუთრებაში ქონების გადაცემაზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ დაუდო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც სადავო ქონებაზე ამ უკანასკნელის საკუთრებას ადასტურებდა.

ნ. ლ-ძის საკუთრებასთან მიმართებით რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, თითქოს მოსარჩელის ქონების მანამდელი მესაკუთრის გ. წ-ძის წინაპარ ბაგრატ წ-ძეს აღნიშნული ქონება შეძენილი ჰქონდა ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ზესტაფონის გაერთიანებიდან ¹74 მაღაზიის ამორტიზებული შენობა. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებიდან, თუმცა დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილია გ. წ-ძის საკუთრება ¹74 მაღაზიის ამორტიზებულ კედლებზე და არა 334კვ.მ მიწის ფართობზე. ამასთან, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.05.2008წ. ¹395 წერილით ირკვევა, რომ სადავო ფართის წინა მესაკუთრე გ. წ-ძე 334კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის მესაკუთრედ 2004 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა სწორედ 1998 წლის 22 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამდენად, 334კვ.მ ფართის გ. წ-ძის საკუთრებაში დარეგისტრირება იყო არამართლზომიერი, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად დასახელებული გადაწყვეტილება გ. წ-ძის წინაპარ ბაგრატ წ-ძისათვის მხოლოდ ¹74 მაღაზიის ამორტიზებული კედლების მიკუთვნებაზე მიუთითებდა. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული აღნიშნული საფუძველი თავისთავად არასარწმუნოს ხდიდა რეგისტრაციის სისწორეს (ს.ფ. 115-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ა. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ზესტაფონის არქივის ¹5 ცნობის თანახმად, ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის 1998 წლის 19 თებერვლის ¹46 გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა და დაფუძნდა მსუბუქი ავტომობილების აღდგენილი საბურავების რეალიზაციისა და შეკეთების კოოპერატივი “ლ.”, რომელსაც ფუნქციონირებისათვის გადაეცა ზესტაფონში, ... ქ. ¹10-ში მდებარე ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ზესტაფონის გაერთიანების კუთვნილი შენობის ერთი სათავსო არენდით;

ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 მარტის დადგენილებით დგინდება, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კრედიტორ ა. ც-ძეს შპს “კ.” ვალის 6 995 ლარის სანაცვლოდ ნატურით გადასცა ამავე საზოგადოების ოთხი ბოქსი, მდებარე ზესტაფონში, ... ქ. ¹30-ში თითოეული 22.2კვ.მ, 22.80კვ.მ, 23.10კვ.მ და 15.6კვ.მ ფართით, ავტომაღაზიის შენობაში 27.02კვ.მ ფართის ოთახი, 27.63კვ.მ ფართის ოდენობის საწყობის შენობა და 11კვ.მ დამხმარე ფართი. გადაცემა მოხდა შპს “კ.” უძრავი ქონების შესახებ ზესტაფონის რაიონის ყოფილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1992 წლის 6 მარტის ¹17 პასპორტის შესაბამისად;

სადავო უძრავ ქონებაზე ა. ც-ძის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2004 წლის 13 აგვისტოს;

ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ქ. ზესტაფონში, ... ქუჩაზე მდებარე რკინიგზის მუშათა მომარაგების სამტრედიის განყოფილების ¹74 მაღაზიის ამორტიზებული შენობა, დაშენების ფართით, 1997 წლის 23 ივლისს შესყიდულ იქნა გ. წ-ძის მიერ, რომლის კანონიერებაზე სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ერთი და იმავე ადგილზე ფართის დარეგისტრირება საჯარო რეესტრის შეცდომას წარმოადგენდა;

ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დასტურდებოდა, რომ 2006 წლის 25 ოქტომბერს ნ. ლ-ძემ გ. წ-ძისაგან შეიძინა არასაცხოვრებელი ფართი და 334კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ზესტაფონში, ... ქ. ¹17-ში, დაშენების ფართით 334კვ.მ, მათ შორის სასარგებლო ფართით 292კვ.მ, სარეგისტრაციო ზონა ზესტაფონი, კოდი ¹10, კვარტალი ¹01, ნაკვეთი ¹109.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმად, უძრავი ქონების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი). მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება (სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი).

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 171-ე მუხლზე, რომელთა თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს; საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ც-ძე არ წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს და მისი მოთხოვნა მითითებული ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 183-189).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ც-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივებით:

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოარკვიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ერთი მხრივ, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ საჯარო რეესტრში სადავო ფართზე ორივე მოდავე მხარე იყო რეგისტრირებული, რომ აღნიშნული წარმოადგენდა შეცდომას, მაგრამ არ იმსჯელეს, რით იყო ეს შეცდომა განპირობებული, რომელი მათგანის რეგისტრაციისას ჰქონდა ადგილი ცდომილებას. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად სადავო ნივთის მესაკუთრედ სწორედ ა. ც-ძე ირიცხებოდა.

სასამართლომ ასევე არ დაადგინა, თუ როგორ შეიძინა ნ. ლ-ძემ სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა გ. წ-ძისაგან, რამდენადაც თავად გ. წ-ძის მამას ბაგრატ წ-ძეს, რომლისგანაც მან სადავო ნივთი მემკვიდრეობით მიიღო, შეძენილი ჰქონდა მხოლოდ ამორტიზებული შენობის აგურის კედლები და არა დაშენების ფართი. სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც საფუძვლად დაედო ბაგრატ წ-ძის საკუთრებაში სადავო ფართის რეგისტრაციას, საუბარია ამ უკანასკნელის მიერ ამორტიზებული კედლების შეძენაზე, მიწის ნაკვეთის გარეშე, ნ. ლ-ძე კი რეგისტრირებულია 334კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ბლოკის შენობის მესაკუთრედ.

საქმის მასალებით სრულად არის დადასტურებული, რომ სადავო ნივთი ა. ც-ძეს გადაეცა შპს “კ.” შესაბამისი აქტის საფუძველზე. ამგვარად, იგი არის სადავო ნივთის მესაკუთრე (ს.ფ. 195-205).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია დაუსაბუთებელი განჩინება, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს როგორც მოსარჩელე ნ. ლ-ძეს, ისე _ მოპასუხე ა. ც-ძეს და რომ ამ უკანასკნელზე სადავო ფართის რეგისტრაცია შეცდომაა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ არის დასაბუთებული საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ნ. ლ-ძისა და ა. ც-ძის საკუთრებაში სადავო მისამართზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის საფუძვლები, არც ამ ქონების წინა მესაკუთრეების (კანონიერი მოსარგებლეების) საკუთრებაში (კანონიერ სარგებლობაში) სადავო ფართის არსებობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც ადგილზე დათვალიერების შესახებ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის ოქმიდან, რომელსაც სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა, რამდენადაც მასში ასახული არ არის სადავო ტერიტორიაზე არსებული დეტალური ფაქტობრივი მდგომარეობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები სარწმუნოდ მიიჩნიოს და გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, სასამართლო რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო ფართზე ორივე მხარის საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე და ერთ-ერთი მხარის რეგისტრაციის მონაცემებში შეცდომის არსებობის შესახებ აუცილებლად მოითხოვს დასაბუთებას საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, შესაბამისი გეგმა-ნახაზების საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დამატებით გამოკვლევას და შეფასებას.

მოცემულ შემთხვევაში როგორც ნ. ლ-ძის, ისე ა. ც-ძის სახელზე არსებულ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში მითითებულია უძრავ ქონებაზე მოდავე მხარეთა საკუთრების წარმოშობის სხვადასხვა საფუძველი. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ დეტალურად უნდა გამოარკვიოს სადავო ქონების, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და მეორე მხრივ, მოპასუხეზე გადაცემის საფუძვლები, დაადგინოს, წინამორბედებს, რომლებისგანაც მოდავე მხარეებმა მიწის ნაკვეთი შეიძინეს, ჰქონდათ თუ არა იგი კანონიერ სარგებლობაში გადაცემული, სადავო ტერიტორიის რა ფარგლებში გააჩნდათ მანამდელ მესაკუთრეებს კანონიერი სარგებლობის უფლება. რამდენადაც საქმეზე დადგენილია, რომ ა. ც-ძეს მითითებული ქონება გადაეცა უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2004 წლის 14 ივლისის ოქმის საფუძველზე შპს “კუკურას” ვალის _ 6 995 ლარის სანაცვლოდ, მნიშვნელოვანია შპს “კუკურას” კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის ზუსტად განსაზღვრა, კერძოდ, იმის დადგენა, მოიცავს თუ არა აღნიშნული ტერიტორია ნ. ლ-ძის მიერ შეძენილი ფართის ნაწილს, დადებით შემთხვევაში, გააჩნდა თუ არა შპს “კ.” მოცემული მიწის ნაკვეთი მართლზომიერ სარგებლობაში. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება აღნიშნული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერების დასადგენად ასევე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, იყო თუ არა აღნიშნული ნივთი იმ პირის წინამორბედის კანონიერ სარგებლობაში, რომლისგანაც ნ. ლ-ძემ იგი შეიძინა. 2006 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანზე გამსხვისებელ გ. წ-ძის საკუთრების უფლებას ადასტურებს 25.10.2006წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 8-10). საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 28.05.2008წ. ¹395 ცნობით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრში 334კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის მესაკუთრედ გ. წ-ძის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 97). დასახელებულ გადაწყვეტილებაში საუბარია გ. წ-ძის მიერ ... ქუჩაზე მდებარე ¹74 მაღაზიის კედლების შეძენაზე (ს.ფ. 95). სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს, დასახელებული მტკიცებულებების საქმის დანარჩენ მასალებთან ერთობლიობაში შეფასება რამდენად იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნ. ლ-ძეზე მიყიდვამდე გასხვისებული ფართი გამყიდველ გ. წ-ძის წინამორბედის კანონიერ სარგებლობაში იმყოფებოდა.

მართალია, საპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთი და იმავე ფართის სხვადასხვა პირზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრის შეცდომას წარმოადგენდა, მაგრამ იმავდროულად არ დაასაბუთა, კონკრეტულად, როდის და ვისთან მიმართებით მოხდა ამ შეცდომის დაშვება, რით იყო იგი განპირობებული და საქმეში არსებული მტკიცებულებებით აღნიშნული შეცდომა დოკუმენტურად როგორ საბუთდება. მოცემული საკითხის გასარკვევად მარტოოდენ საჯარო რეესტრის სპეციალისტის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობა, როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი, სრულიად არასაკმარისია, რამდენადაც საქმე ეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების საკითხის გარკვევას, რაც, მასზე არსებული სპეციალური რეჟიმიდან გამომდინარე, აუცილებლად საჭიროებს წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებას, რაზეც ზემოთ უკვე აღინიშნა.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.