გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 30.07.2009
საქმის ნომერი
ას-1121-1271-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1121-1271-08 30 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

სხდომის მდივანი – ვერიკო ბოკუჩავა

კასატორი _ შპს “ტ...” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ .. .. (მოსარჩელე)

დავის საგანი – საავტორო უფლებების დაცვა

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

.. ..მ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ტ...ს“ მიმართ და მოპასუხისათვის მუსიკალური ნაწარმოების სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე კაბელით გადაცემისათვის 439710 ლარის დაკისრება და გადაცემის აკრძალვა მოითხოვა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის ¹585 გადაწყვეტილებით .. .. “...” რეგისტრირებულ იქნა ხელახლა და მას მიენიჭა ქონებრივი უფლებების სპეციალური სტატუსი – ქონებრივი უფლებების სპეციალურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ¹1. .. .. არის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის “ჯ...ის” მუდმივი წევრი. ზემოთ დასახელებული კანონის თანახმად, მოპასუხე წარმოადგენს მოსარგებლეს და იგი ვალდებულია, ავტორთა საზოგადოებას გადაუხადოს ჰონორარი. ნაწარმოების კაბელით გადაცემის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი დგინდება მხოლოდ იმ ორგანიზაციისა და მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით. .. ..-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი საავტორო ჰონორარი უნდა შეადგენდეს თვეში 5%-ს, ვინაიდან მოპასუხის შემოსავალი 2007 წლის 1 იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით, მოპასუხის მიერ წარდგენილი ¹... წერილის თანახმად, თვეში შეადგენს 31408,27 ლარს, ხოლო წელიწადში-219857,9 ლარს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვა და 43 710 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მისი განმარტებით, მოსარჩელე არღვევს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართელოს კანონის 59-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით .. ..-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ტ...ს“ აეკრძალა მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახალი გადაცემა) მოსარჩელესთან სალიცენზიო შეთანხმების გარეშე; არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისათვის ფულადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ...მ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, შპს „ტ...სათვის“ მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვაზე მოსარჩელესთან სალიცენზიო შეთანხმების დადების აკრძალვა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ტ...ს” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის .. .. დარეგისტრირდა ხელახლა და მასზე შესაბამისი კავშირის რეგისტრაციის მოწმობა გაიცა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „ტ...ს“ შემოსავალი 2007 წლის 1 იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით შეადგენდა 219857,9 ლარს, ყოველთვიურად კი - 31408,27 ლარს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე შპს „ტ...“ არის ავტორიზებული პირი, რომელიც რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის ¹01/04-1584 დადგენილებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს ახორციელებს საკაბელო-სატრანზიტო ტელემაუწყებლობას და იგი ახდენს აბონენტისათვის სიგნალის მეშვეობით მაუწყებლის ორგანიზაციის უცვლელი სახით გადაცემას კანონიერ საფუძველზე, ე.ი მის მიერ ხორციელდება მაუწყებლის ორგანიზაციის, როგორც უფლების მფლობელის, სიგნალის გავრცელება აბონენტამდე, ხოლო თავად მაუწყებლობის ორგანიზაციები ტელერადიო გადაცემების შექმნის დროს, ვალდებული არიან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ავტორებთან ან მათ უფლებამონაცვლეებთან მოაგვარონ ამ უფლებების გამოყენების საკითხი, მიიღონ ნებართვა და განსაზღვრონ მათი ჰონორარის ანაზღაურების წესი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ .. .. რეგისტრირებული ორგანიზაციაა. .. .. შეტანილია რეესტრში, როგორც ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მიზანია საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება) და დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს “ტ...ს” საქმიანობა არის სატრანზიტო ტელემაუწყებლობა, რაც მოიცავს ქსელით უზრუნველყოფასა და მომსახურების მიწოდებას. ამ საქმიანობის დანიშნულებიდან გამომდინარე, ხორციელდება მხოლოდ ტრანზიტი იმ გადაცემებისა, რომლებიც ამ გადაცემათა შემქმნელი ორგანიზაციის მიერ უკვე დაცული და ანაზღაურებული უნდა იყოს საავტორო უფლების მქონე პირებთან. შპს „ტ...“ იყენებს არა საავტორო უფლების ობიექტს, არამედ „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლების ობიექტს – მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემას და მას ტრანზიტით აწვდის აბონენტებს, მოსარჩელე კი რეგისტრაციის მოწმობით ახორციელებს მხოლოდ საავტორო უფლებათა რეალიზაციასა და დაცვას და არა მომიჯნავე უფლებათა რეალიზაციასა და დაცვას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე შპს “ტ...ს” დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღებული აქვს ნებართვები სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან ამა თუ იმ გადაცემაზე კაბელის მეშვეობით. საკაბელო ტელევიზიის “ტ...ს” მიერ განხორციელებული სატელევიზიო ჩვენებები წარმოადგენს შესაბამისი სამაუწყებლო ორგანიზაციების გადაცემებს. ავტორს აქვს უფლება სალიცენზიო ხელშეკრულებით ამ ხელშეკრულების მეორე მხარეს გადასცეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ანდა ხელახალი გადაცემის ჩათვლით, აგრეთვე, ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “ტ...ს” სხვადასხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებისაგან აქვს ნებართვა აღებული მათი გადაცემების რეტლანსაციის თაობაზე. მომიჯნავე უფლების სუბიექტს – მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს, ნება დართოს სხვა პირს, მოახდინოს გადაცემის კაბელით მოსახლეობამდე რეტრანსლაცია, თუ მომიჯნავე უფლება ნაწარმოებია საავტორო უფლებებისაგან, სამაუწყებლო ორგანიზაციას საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მინიჭებული კაბელით გადაცემის უფლება შეუძლია გადასცეს სხვა პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მას მიღებული აქვს ავტორისაგან.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-7 და ამავე კანონის 64-ე მუხლის საფუძველზე სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების შესახებ და განმარტა, რომ მოპასუხე “ტ...ს” უნდა დაევალოს, გააფორმოს სალიცენზიო შეთანხმება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასთან - .. ..სთან.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ტ...მ”. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, რაც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორმა მიუთითა, რომ შპს “ტ...ს”, როგორც საკაბელო ტელევიზიას, გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები უფლებამოსილ პირებთან, რომლებიც ტელევიზიას აძლევს უფლებას განახორციელოს მათი არხების გადაცემა დროის რეალურ რეჟიმში, რაიმეს შეუცვლელად და დამატების გარეშე. კასატორის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში, ტელევიზია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მაუწყებელ ორგანიზაციად, რადგან ტელევიზიის ინიციატივით არანაირი კონკრეტული გადაცემა ან მუსიკალური ნაწარმოებები არ გადაიცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს “ტ...სათვის” სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის აკრძალვა.

მოსარჩელე ამ მოთხოვნას საფუძვლად უთითებდა შემდეგ გარემოებებს, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის ¹585 გადაწყვეტილებით .. .. “...” რეგისტრირებულ იქნა ხელახლა და მას მიენიჭა სპეციალური სტატუსი _ ქონებრივი უფლებების სპეციალურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ¹1. .. .. არის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაცია “ჯ...ის” მუდმივი წევრი. მას 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაფორმებული აქვს ხელშეკრულება 1000 მეტ ქართველ ავტორთან, დადებული აქვს 90-ზე მეტი ხელშეკრულება საზღვრგარეთის ანალოგიურ საავტორო სამართლებრივ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ, რის საფუძველზეც იგი საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ერთ მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ავტორის, მემკვიდრისა და სხვა უფლების მფლობელებს. მოპასუხე მოსარგებლეა და მასზე ვრცელდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი.

ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს მოსარჩელის უფლებამოსილებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით.

ასევე, სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს და არ ადგენს იმ იურიდიულად მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლის არსებობაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული თუ კონკრეტულად რა უფლებების დასაკმაყოფილებლად აეკრძალა მოპასუხეს გარკვეული მოქმედებების განხორციელება და რაში გამოიხატა ეს აკრძალვა. დაუშვებელია ერთ მხარეს განუსაზღვრელად მივანიჭოთ ყველაფერი და მეორეს კი - ავუკრძალოთ ყველაფერი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს, თუ კონკრეტულად რომელი მუსიკალური ნაწარმოების აკრძალვას ითხოვს მოსარჩელე. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია, აეკრძალოს მოპასუხეს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე, ე.ი სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე თანახმაა, რომ მოპასუხე ახორციელებდეს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემას. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, ჩართოს ნაწარმოები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ზოგადად ნაწარმოები და დაცვის სხვა ობიექტები, არამედ კონკრეტული საავტორო ან მომიჯნავე უფლებები, რომელიც სამართავად გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლებების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ზუსტად ამ ნორმით გათვალისწინებული უფლების განხორციელების ერთ-ერთი დაცვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ამავე კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ანდა ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ე.ი. ამ კანონის თანახმად ლიცენზიის გარეშე ჰონორარის შეგროვების შემთხვევაში.

აღნიშნული უფლებები წარმოადგენს არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტული ნაწარმოებისა და დაცვის სხვა ობიქტების მფლობელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რომლის საფუძველზე მათ ეძლევათ უფლება, მათი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის მიიღონ ჰონორარი, შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია გასცემს ლიცენზიას ამ კონკრეტული უფლებების გამოყენების შესახებ და ზუსტად ამ უფლებების მართვის უფლებამოსილება გააჩნია მას კანონით (65-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი). შესაბამისად, ამ უფლებების მფლობელები მას შეუძლია წარმოადგინოს სასამართლოში (65-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი).

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ, განსახილველი კანონის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია, აგრეთვე, წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამდენად, განსახილველი ნორმაც ითვალისწინებს მისთვის უცნობი ან დაუდგენელი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ნაწარმოებისა და დაცვის სხვა ობიექტების მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში ჩართვას, რაც შეუძლებელია უშუალოდ იმ ნაწარმოებებისა და დაცვის სხვა ობიექტების დადგენის გარეშე, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას.

“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე, ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. განსახილველი ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში, ე.ი. ივარაუდება, რომ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია, წარმოადგინოს აღნიშნული ნაწარმოებისა ან მომიჯნავე უფლებების მფლობელები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი. მიუთითებს იმ ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის მის რეპერტუარში, მაგრამ განსახილველი ნორმის დანაწესი არ მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე ორგანიზაცია თავისუფლდება იმ მუსიკალური ნაწარმოებების მითითებისაგან, რომლის აკრძალვასაც იგი ითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი ნორმის შინაარსი არეგულირებს ყველა კონკრეტული ნაწარმოებისა და მომიჯნავე უფლებების ობიექტთან დაკავშირებულ და არა აბსტრაქტულ ურთიერთობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მოსარჩელის უფლებამისილების საფუძველი და ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულად რომელი მუსიკალური ნაწარმოების აკრძალვას ითხოვს იგი. მათი დადგენის შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ კონკრეტულად რომელი მათგანი შედის მოსარჩელე ორგანიზაციის რეპერტუარში.

ს ა რ ე ზ უ ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ტ...-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.