1. მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით.

2. გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.

საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1