დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 10.04.2007
საქმის ნომერი
ას-112-457-07
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-112-457-07 10 აპრილი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ კ. ჯ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “-- -- -- “ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „-- -- --“ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ჯ-ს მიმართ ფართიდან გამოსახლებისა და 14417 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც კ. ჯ-ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 1300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო 15 სექტემბრიდან _ 1400 აშშ დოლარი. მოპასუხეს ეკისრებოდა ასევე კომუნალური გადასახადების გადახდა. კ.ჯ-მ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, რის გამოც იგი სადავო ფართიდან უნდა გამოსახლდეს და გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა შპს “-- -- --” მიმართ. მისი განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და მოტყუებით დაადებინა ორი ხელშეკრულება, რომლებშიც საიჯარო ქირის გადასახადი განსხვავებულად დაფიქსირდა, კერძოდ, პირველში ყოველთვიურად 300 აშშ დოლარი, ხოლო მეორეში _ 1300-1400 აშშ დოლარი. ამასთან, კ. ჯ-მ მოითხოვა სადავო ობიექტის რემონტისთვის გაწეული ხარჯების _ 8000 აშშ დოლარის დაკისრება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კ.ჯ-ა გამოსახლდა ქ.თბილისში, შ-ს ქ.¹6-ში მდებარე პირველი სართულის არასაცხოვრებელი ფართიდან და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოპასუხეს შპს „-- -- --“ სასარგებლოდ დაეკისრა 14417 ლარის გადახდა, რაც კ.ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ამასთან, ამავე სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კ.ჯ-ს შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 მაისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს “-- -- --” სარჩელი დაკმაყოფილდა, კ.ჯ-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 14 417 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კ. ჯ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კ.ჯ-მ შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შპს “-- -- --” 12000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს „-- -- --“ სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. ჯ-ს დაეკისრა შპს „-- -- --“ სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2421 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წლის 14 ივნისს მხარეთა შორის დაიდო ქ.თბილისში, შ-ს ქ.¹6-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 300 აშშ დოლარით. ამავე წლის 15 ივნისს მხარეებმა იმავე საგანზე გააფორმეს მეორე იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც საიჯარო ქირა 2001 წლის 15 სექტემბრამდე განისაზღვრა 1300 აშშ დოლარით, 15 სექტემბრიდან კი 1400 აშშ დოლარის ოდენობით. მითითებული ხელშეკრულების 7.4 პუნქტით, ზემოხსენებულ ხელშეკრულებათა შორის უპირატესობა ენიჭება 2001 წლის 15 ივნისის გარიგებას. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 581-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შპს “-- -- --” მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანების _ 6000 აშშ დოლარისა და მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების _ 2421 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია. სასამართლომ არ გაიზიარა კ.ჯ-ს მითითება, რომ მან მოსარჩელეს საიჯარო ქირის სახით 6600 აშშ დოლარი გადაუხადა, ვინაიდან აღნიშნული მოსაზრება მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად ვერ დაადასტურა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კ.ჯ-მ სადავო ფართში აწარმოა რიგი სარემონტო სამუშაოები, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 545-ე და 974-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ კ.ჯ-ს მიერ შესრულებული სამუშაოები ნივთზე გაწეულ აუცილებელ ხარჯებს არ შეადგენს, ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნივთის მეპატრონემ სადავო სამუშაოების ჩატარებაზე თავისი ნება გამოხატა ან შესრულება შეესაბამება მეპატრონის ინტერესებს. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა ასევე კ.ჯ-ს მოთხოვნა საიჯარო ქირის დაბრუნების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კ. ჯ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს სათანადოდ არ გამოურკვევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება არ მიუცია იმ ფაქტისთვის, თუ რამ განაპირობა მხარეებს შორის ორი საიჯარო ხელშეკრულების დადება, რომელთა მიხედვით განისაზღვრა მკვეთრად განსხვავებული საიჯარო ქირა. სასამართლოს არ უმსჯელია აუდიტორის დასკვნაზე, რომელიც 2005 წლის 11 თებერვლის განჩინებით იქნა დანიშნული. გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლით გათვალისწინებულ აუცილებელ ხარჯებად კ.ჯ-ს მიერ ჩატარებული სამუშაოები, რომელთა შედეგად სადავო ნივთის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა სადავო ფართში არსებული მოძრავი ნივთების სამართლებრივი მდგომარეობა. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ იმსჯელა შეგებებულ სარჩელზე და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უთხრა უარი დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არ შეაფასა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის თანაშემწის ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით კ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ კ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით კასატორ კ. ჯ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დამთავრებამდე გადაედო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაეკისროს გადადებული სახელმწიფო ბაჟის _ 300 აშშ დოლარის ეკვივალეტი ლარისა და 121 ლარის 30%-ის გადახდა, რაც შეადგენს 90 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარსა და 36 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

კასატორს დაევალოს (საქართველოს ეროვნული ბანკის ¹220101502 კოდით საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე) სახელმწიფო ბაჟის _ 90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 36 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.