საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.02.2016
საქმის ნომერი
2კ-474აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №474აპ-15 თბილისი

ზ-ი მ, 474აპ-15 11 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ-ის, მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ი-ის, მსჯავრდებულ გ. თ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. თ-ის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის - ირაკლი ცირეკიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:

· მ. ზ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 3 თვე; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ზ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 10 დეკემბრიდან.

· გ. წ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. წ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 5 დეკემბრიდან.

· გ. თ-ის, ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 376-ე მუხლზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 5 დეკემბრიდან.

· ტ. ც-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. ც-ეს განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 5 დეკემბრიდან 2014 წლის 4 ივნისის ჩათვლით.

· ქ. ა-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 11 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 5 დეკემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენი, კერძოდ: დამტკიცდა მსჯავრდებულ ქ. ა-ესა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორს - ირაკლი ცირეკიძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ქ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - 5 წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2014 წლის 11 აგვისტოდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი. ქ. ა-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 5 დეკემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულების - მ. ზ-ის, გ. წ-ისა და გ. თ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ მ. ზ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. მ-მა, მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ი-ემ, მსჯავრდებულმა გ. თ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ. თ-ემ და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა - ირაკლი ცირეკიძემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

8. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

9. მსჯავრდებულების - მ. ზ-ისა და გ. წ-ის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს, ხოლო მსჯავრდებულ გ.თ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს ამავე კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

10. ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. მ-ის, მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ი-ის, მსჯავრდებულ გ. თ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. თ-ის, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის - ირაკლი ცირეკიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე