დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №81აგ-15 თბილისი
ხ-ი ა, 81აგ-15 25 იანვარი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 მარტიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ა. ხ-ს გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - განესაზღვრა 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ა. ხ-ს გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - განესაზღვრა 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 13 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან.
5. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ხ-ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 მარტიდან.
6. 2015 წლის 6 ივლისს მსჯავრდებულმა ა. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ პროკურატურა და სასამართლო დაეყრდნო მოწმე დ. ქ-ის ჩვენებას, რომელიც პროკურატურამ შანტაჟისა და მუქარის საფუძველზე მოიპოვა. მისი საქმე ცრუ ჩვენებაზეა შეთხზული. ასევე, მოითხოვა მოწმე დ. ქ-ის დაკითხვა, რომელიც, მსჯავრდებულის თქმით, ამბობს, რომ აიძულეს და დაასახელებს იმ პიროვნებებს, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ა. ხ-ის განმარტებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისათვის საკმარისი იქნება მოწმე დ. ქ-ის დაკითხვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ხ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სასჯელისაგან გათავისუფლება იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება თავისი მოსაზრების დასადასტურებლად, რომ პროკურატურამ მოწმე დ. ქ-ის ჩვენება შანტაჟისა და მუქარის საფუძველზე მოიპოვა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახალ გარემოებად და საფუძვლად დაედოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე