დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.08.2008
საქმის ნომერი
ას-121-399-08
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.08.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-121-399-08 1 აგვისტო, 2008წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “საქართველოს რკინიგზა”

წარმომადგენელი _ თ. კ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “დ. ტ.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ს.რ-ის” სარჩელი შპს “დ.ტ-ის” მიმართ ვაგონებით სარგებლობისათვის და ტვირთის შენახვისათვის დავალიანების დასაფარავად მოპასუხისათვის 314 180 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ.” იურიდიული სამსახურის უფროსმა ვ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმებდა და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი – ნ. კ, თუმცა სასამართლო სხდომაზე შესაბამისი მინდობილობის გარეშე გამოცხდდნენ შპს “ს. რ-ის” იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები _ ჯ. ტ. და დ. დ., რომლებმაც წარმოადგინეს ნ.კ-ის განცხადება, ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა საავადმყოფო ფურცლის ქსეროასლი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „ს. რ–ის” წარმომადგენელ ნ. კ–ის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი ხელმოუწერელი იყო და არ ჰქონდა დასმული დაწესებულების ბეჭედი და შტამპი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარის შპს “დ.ტ-ის” წარმომადგენელ დ. შ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 12 ნოემბრს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “ს. რ-ის” იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე _ თ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ იმ მოტივით, რომ ნ.კ-ის მიერ წარდგენილ საავადმყოფო ფურცლის ქსეროასლზე არ იყო დასმული სამედიცინო დაწესებულების შტამპი, ბეჭედი და ექიმის ხელმოწერა, სასამართლომ იგი არასწორად მიიჩნია საქმის განხილვის გადადების არასაკმარის საფუძვლად, ვინაიდან “დროებითი შრომისუუნარობისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის” შესაბამისად, საავადმყოფო ფურცელს სამედიცინო დაწესებულებების შტამპი, ბეჭედი და ექიმის ხელმოწერა დაესმება სამედიცინო ფურცლის დახურვის შემთხვევაში ავადმყოფის გამოჯანმრთელებისას. ნ. კ-ლი საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2007 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, რის გამოც მან 2007 წლის 12 ნოემბერს ვერ შესძლო სასამართლოში გამოცხადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს “ს. რ-ის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს. რ-ის” იურიდიული სამსახუსრის უფროსის მოადგილე თ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან ავადმყოფობის დასადასტურებლად წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა არა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, არამედ საავადმყოფო ფურცელი, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, არის პირის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა პირის ავადმყოფობის შემთხვევაში და არ საჭიროებს სპეციალურ მითითებას პირის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გარდა 233-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამონათვალი გარემოებებისა, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევა, შეიძლება მომჩივნის მიერ მითითებულ იქნეს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მხარე თავის საჩივარში აღნიშნავს, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს.

დადგენილია, რომ საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი – ნ.კ-შვილი, თუმცა სასამართლო სხდომაზე შესაბამისი მინდობილობის გარეშე გამოცხდდნენ შპს “ს. რ-ის” იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები _ ჯ.ტ-ძე და დ. დ-ძე, რომლებმაც წარმოადგინეს ნ.კ-ის განცხადება, ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა საავადმყოფო ფურცლის ქსეროასლი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, მის მიერ წარდგენილი საავადმყოფო ფურცელი სასამართლოს უნდა შეეფასებინა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით.

კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტიელბას კანონის მიხედვით.

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის ბოლო წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, შპს “ს.რ-ის” წარმომადგენლის _ ნ. კ-ის ავადმყოფობა არ დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.