გაუქმდა და შეწყდა

სამოქალაქო 11.05.2007
საქმის ნომერი
ას-1286-1417-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-1286-1417-04 11 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია,სხდომის მდივანი _ ეკა ხაჩიძე

კასატორები – შპს «ვ-ი” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი – ი. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ო. თ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «ვ-ის” დირექტორს კ. კ-ს შემდგომში წოდებული «დილერად” და «მყიდველს” თ. თ-ეს შორის დაიდო ა/მანქანის ყიდვა-გაყიდვის 2003 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, «დილერი” ყიდის, ხოლო «მყიდველი” ყიდულობს ერთ ერთეულ ა/მანქანა «იაგუარს” შემდეგი მონაცემებით: გამოშვების წელი 2001, 3, 2 ლ მოცულობის რვა ცილინდრიანი ძრავით, ABშ სისტემის, ოთხი ეარბეგი, გადაცემათა ავტომატური კოლოფი, კონდენციონერით, ნავიგაციის სისტემით, ალუმინის დისკებით, ტყავის სალონით, ფერი-შავი.

ხელშეკრულებით ა/მანქანის ფასი განისაზღვრა 52000 ლარი განბაჟების ჩათვლით. ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო გრაფიკის მიხედვით (ს.ფ. 5-6) კერძოდ კი: 21500 ლარი მყიდველს ანუ თ. თ-ეს უნდა გადაეხადა დილერისათვის შეკვეთისთანავე. დანარჩენი 30500 ლარი კი მყიდველს უნდა გადაერიცხა «დილერი”-სათვის ანგარიშზე ა/მანქანის მიღებისთანავე ან მანამდე.

ა/მანქანის მიწოდება უნდა მომხდარიყო შეკვეთის გახსნიდან 20 დღის განმავლობაში. დაგვიანების შემთხვევაში «დილერს” მყიდველისათვის უნდა გადაეხადა 0,1% ყოველ ვადაგადაცილებული გადახდილი თანხიდან. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით კი, «დილერი” ვალდებული იყო, რომ მიეწოდებინა «მყიდველისათვის” ავტომანქანა დროულად, გაეფორმებინა სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, გადაეცა მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ავტომანქანა, ავტომანქანის ღირებულებაში შედიოდა მათი ტრანსპორტირება თბილისამდე და მათი განბაჟების თანხები.

ავტომანქანა «იაგუარი”, სახ. ნომრით – ........, შსს ინფორმატიზაციის სამმართველოს მონაცემებით რეგისტრირებულია თბილისში .........-ის 22, ბინა 57-ში მცხოვრები თ. თ-ის სახელზე, რაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმატიზაციის სამმართველოს მიერ გაცემული 2004 წლის 12 თებერვლის ცნობით და ს.ფ. 7 მხარის მიერ წარმოდგენილი ტრანსპორტის სარეგისტრაციო ¹...... ¹......... მოწმობით, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ავტომანქანის რეგისტრაციის საფუძველია «ვ-ის” წარმომადგენლის და თ. თ-ის ერთობლივი განცხადება.

მოპასუხე თ. თ-ეს ავტომანქანის რეგისტრაციისთანავე გადაეცა საკუთრებაში ავტომანქანა.

შპს «ვ-მა” 2004 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. თ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და გაყიდული ნივთის უკან დაბრუნება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე.

მოპასუხე თ. თ-ის წარმომადგენელმა დ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ. თ-ეს სრულად აქვს გადახდილი ავტომანქანის ღირებულება 52000 ლარი, რის შემდეგაც მოხდა ორივე მხარის ერთობლივი განცხადებით ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმება, მოსარჩელე «ვ-მა” კი თავის მხრივ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება თავისი სარჩელის დასადასტურებლად.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ვ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. თ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

უარი ეთქვა შპს «ვ-ს”, მას და თ. თ-ეს შორის 2003 წლის 11 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ავტომანქანის დაბრუნების შესახებ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თ. თ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისა და მყიდველისათვის ავტომანქანის დაგვიანებით გადაცემისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ვ-ის” წარმომადგენელმა ი. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით, შპს «ვ-ის” დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე, შეჩერდა სამოქალაქო დავის განხილვა, სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე.

2007 წლის 7 მარტს შპს «ვ-ის” წარმომადგენელმა ი. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განხილვის განახლება.

2007 წლის 12 აპრილს მხარეებმა საკასაციო პალატას წარმოუდგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. თ-ესა და შპს «ვ-ს” შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:

თ. თ-ე საკუთრების უფლებას გადასცემს ავტომანქანა «იაგუარს” სახ. ნომრით ......... .

შპს «ვ-ის” ავტომანქანის გადაფორმება მოხდება საპატრულო პოლიციაში.

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მორიგება აღსრულდება იძულებითი წესით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება თუ მხარეები მორიგდნენ. საქმეში წარმოდგენილია კასატორის შპს «ვ-ის” მიერ 2080 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ვ-ის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 1040 ლარი, ხოლო თ. თ-ეს უნდა დაეკისროს შპს ,,ვ-ის” სასარგებლოდ 1040 ლარის ნახევრის _ 520 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. თ-ესა და შპს «ვ-ს” შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი სახით:

თ. თ-ე საკუთრების უფლებას გადასცემს ავტომანქანა «იაგუარს” სახ. ნომრით .........

შპს «ვ-ის” ავტომანქანის გადაფორმება მოხდება საპატრულო პოლიციაში.

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მორიგება აღსრულდება იძულებითი წესით.

გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა სახის გადაწყვეტილებები.

საქმის წარმოება აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით შეწყდეს.

განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე დავა დაუშვებელია.

შპს «ვ-ს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2080 ლარის ნახევარი _ 1040 ლარი.

შპს «ვ-ის” მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრიდან _ 1040 ლარის ნახევრის, ე.ი 520 ლარის გადახდა დაეკისროს თ. თ-ეს შპს «ვ-ის” სასარგებლოდ

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.