დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.02.2016
საქმის ნომერი
101აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
09.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№101აგ-15 9 თებერვალი, 2016 წელი

ხ-ე ბ, 101აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით ბ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები.

მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დროიდან - 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ხ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ბ. ხ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 1 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა ბ. ხ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ხ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ბ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, მან საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩვენებები მიცემული აქვთ ზეწოლის შედეგად, რაც სასამართლომ უნდა მიიჩნიოს ახლად გამოვლენილ გარემოებად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით ბ. ხ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რისთვისაც განსაზღვრული იყო შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის განსაზღვრული სასჯელი არ შეცვლილა და, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებას არ გამოუწვევია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ბ. ხ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე