საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №637აპ-15 ქ. თბილისი
ა-ი მ, 637აპ-15 25 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ივლისის განაჩენით:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილსა და ბრალდებულ ი. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ი. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოიხადოს 2 წელი და 6 თვე, ხოლო დარჩენილი 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 6 თვე, პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე და გამოსაცდელი ვადა - 1 წელი და 6 თვე. საბოლოოდ ი. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მოიხადოს 2 წელი და 6 თვე, ხოლო დარჩენილი 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
ი. ბ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღინისძიება- გირაო გაუქმდა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 24 ივნისიდან.
განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ყადაღა უნდა მოეხსნას და სრულად დაუბრუნდეს ი. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 3000 ლარის უზრუნველსაყოფად ი. ს-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს გ-ს რაიონში, სოფელ ბ-ი ,,ნ-ი“, საკადასტრო კოდი ...., დაზუსტებული ფართი 2143.82კვ.მ, რაც აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შეფასებულია 5100 ლარად, გირაოს ფულადი თანხის - 3000 ლარის ეკვივალენტური წილი.
მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 24 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ მ. ა-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი