დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-161-489-09 სექტემბერი, 2009 წელი
ქ.თბილისი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. დ-ოვა, გ. ხ-აში(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სარჩელი ლ. დ-ოვასა და გ. ხ-აშს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივიდ შედეგის გაუქმების თაობაზე და მოეხსნა ყადაღა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 0,356 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა ირაკლი ბერიძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 9 მარტის ¹9 საოქმო და ¹14 გადაწყვეტილების და საკუთრების უფლების მოწმობა ¹10595 საფუძველზე, დაკანონებულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 0,356 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. დ-ოვას საკუთრება.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 16 აპრილის ¹11 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 9 მარტის ¹9 საოქმო და ¹14 გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა და რეესტრის ჩანაწერები არ გაუქმებულა.
საქმის მასალებით არ დადგინდა, რომ ამ გადაწყვეტილების თაობაზე ლ. დ-ოვას ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
2008 წლის 1 ივლისს ლ. დ-ოვასა და გ. ხ-აშს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძელზეც გ. ხ-აში საჯარო რეესტრში გაფორმდა დაბა ჩაქვში, გოგებაშვილივს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 0,356 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
პალატა დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს, რომ გ. ხ-აშმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა მიწის ნაკვეთზე აპელანტის პრეტენზიების თაობაზე. ამაზე არ მიუთითებია თავად აპელანტსაც.
პალატის განმარტებით, კანონმდებლობა ავალდებულებს პირს წარმოადგინოს თავისი შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხოლოდ გამონაკლის, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევებში, გარიგების ბათილად აღიარება მხოლოდ იმიტომ, რომ მხარე ვერ ასაბუთებს შემოსავლების არსებობას – დაუშვებელია. ამდენად ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას გარიგების მოსაჩვენებლად დადებულად ცნობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ გ. ხ-აშს არ წარმოუდგენია ნასყიდობის საზღაურის გადახდის შესაძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხეშეკრულებებით დგინდება გ. ხ-აშის მიერ სესხების სახით შემოსავლების მიღების ფაქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
კასატორი მიიჩნევს, რომ ლ. დ-ოვასა და გ. ხ-აშს შორის გაფორმებული 2008 წლის 1 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია, რის საფუძველსაც იწვევს შემდეგი გარემოებანი:
მოქალაქე ლ. დ-ოვამ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია კი დაეყრდნო კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებულ ჩვენებებს.
კასატორი საეჭვოდ თვლის იმ გარემოებას, თუ რა გზებით და რა სახსრებით გადაიხადა მოქალაქე გ. ხ-აშმა მიწის ნაკვეთის საფასური 125 600 ლარი. ვინაიდან მან ვერც რაიონულ და ვერც სააპელაციო სასამართლოში ვერ განმარტა თუ რა ფორმით გადაიხადა აღნიშნული თანხა, უფრო მეტიც მან სასამართლოში საერთოდ უარყო ნასყიდობის ხელშეკრულებული თანხის გადახდა და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის საფასურის სანაცვლოდ მხარეს გადასცა 2 ძვირადღირებული მანქანა, შესაბამისად მათივე განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან.
კასატორის განმარტებით მოქალაქე გ. ხ-აშმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლის საფუძველზეც ირწმუნებოდა, რომ მას გააჩნდა ამ მიწის ნაკვეთის შეძენის ინტერესი. ამ დროს კი კასატორის განმარტებით მიწის ნაკვეთი ღობითაც კი არ არის შეღობილი და მასზე არ აღინიშნება მხარის მიერ სარგებლობა.
კასატორის განმარტებით აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას წარმოდგენილი არ იყო აუდიტორული დასკვნა.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით გაბათილდა ამა წლის 9 მარტის ¹9 საოქმო და ¹14 გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაუკანონდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 0,356 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. დ-ოვას საკუთრება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თავად არ უზრუნველყო ზემოთ აღნიშნული გარემოების დაფიქსირება საჯარო რეესტრში იმ შედეგის თავიდან ასაცილებლად, რის ბათილად ცნობასაც ითხოვს დღეისათვის კასატორი.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გარიგებას მიიჩნევს მოჩვენებით დადებულად და ამ საფუძვლით ითხოვს ბათილად ცნობას. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული ნორმის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის ისეთი გარიგების არსებობა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს შესაბამისი იურიდიული შედეგის დადგომა. აღნიშნულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს აწევს. დღეისათვის სახეზეა ის გარემოება, რომ მიწის მესაკუთრეა გ. ხ-აში, ანუ გარიგებაში მითითებული შედეგი სახეზეა და ხელშეკრულების მეორე მხარე ამას სადავოდ არ ხდის. უფრო მეტიც, იგი სადავოდ არ ხდის თანხის გადახდის ფაქტსაც. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია იმსჯელო იმაზე, რომ ლ.დ-ოვას განზრახვა არ ჰქონდა, რომ მესაკუთრე გ.ხ-აში გამხდარიყო. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა მხარეთა შორის ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა ან ის ფაქტი, რომ ლ.დ-ოვამ ადმინისტრაციული წარმოების შედეგის ასაცილებლად გაასხვისა მიწის ნაკვეთი და თან ისე, რომ იგი კვლავაც მას საკუთრებაში დარჩებოდა, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გარიგება მიეჩნია მოჩვენებად. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის ნათესაური კავშირი არ დგინდება, ამასთან ლ.დ-ოვამ მიწა გაასხვისა ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ ორი-სამი თვის შემდეგ, თანაც ისე, რომ მან ამ აქტის გაუქმების შესახებ არაფერი იცოდა, ამასთან სადავოდ არ ხდის მისთვის მიწის საფასურის გადახდის საკითხს, შეუძლებელია კასატორის არგუმენტების გაზიარება. სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებული იყო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა როცა შემძენმა იცოდა , რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში მიწის გასხვისებისას უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ლ. დ-ოვა. ის გარემოება კი, რომ გ. ხ-აშმა იცოდა ლ.დ-ოვას საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე, საქმის მასალებით არ დგინდება. აღნიშნული გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი გ. ხ-აში ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და შეუძლებელია მისი საკუთრების უფლების გაუქმება სადავო მიწის ნაკვეთზე.
შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.