დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №56აგ-15 1 დეკემბერი, 2015 წელი
ძ-ე ე.- 56აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენით ე. ძ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ე. ძ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 5.000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ძ-ეს სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5.000 ლარი.
ე. ძ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 20 სექტემბრიდან.
ე. ძ-ეს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენი ე. ძ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამარლთოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. დ-ის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამარლთოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე.
4. 2015 წლის 1 მაისს მსჯავრდებულმა ე. ძ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახალ გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განაჩენის (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 სექტემბრის განაჩენით) გადასინჯვის თაობაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი ორი წელია უკანონოდ იხდის სასჯელს, მას მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და აღნიშნული პროვოცირებულია პოლიციის, კერძოდ, სოდ–ის თანამშრომლების მიერ, ვინაიდან მათ გააჩნიათ პირადი ინტერესები ე. ძ-ის მიმართ; მსჯავრდებულს პოლიციის თანამშრომელთა უკანონო ქმედებებზე რეაგირებისათვის მიმართული აქვს აჭარის პროკურატურისათვის და როგორც იქნა, მიაღწია იმას, რომ მათ მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 333–ე მუხლით; მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რის შესახებაც მიმართული აქვს არაერთი სამთავრობო უწყებისათვის; ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი უდანაშაულობა და მიუსაჯეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; პარალელურად მისი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და დაშინება; ამასთან, საქმეში აღმოჩნდა ახალი გარემოება, რომელიც მას საერთოდ არ ახსოვდა, აღნიშნულს წარმოადგენს ლომბარდის სასესხო ხელშეკრულება (რომლის ასლიც დართულია შუამდგომლობაზე); წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს ქ. ბ-ში, ერთ–ერთ ლომბარდში, მან ჩააბარა ოქრო, ამ მტკიცებულებით კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დგება მის მიმართ წაყენებული ბრალდება; ასევე, განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა მისი ადვოკატის მიზეზით და იგი არაფერ შუაშია. ამასთან, ე. ძ-ემ ითხოვა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ძ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის უკანონო განჩინების გაუქმება და გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლო, არ იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ე. ძ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და მისი ბრალეულობა ეჭვქვეშ დგება იმ ახალი გარემოების საფუძველზე, რომელსაც წარმოადგენს შუამდგომლობაზე დართული ლომბარდის სასესხო ხელშეკრულების უბეჭდო და ხელმოუწერელი ქსეროასლი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. ძ-ის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს პოლიციის თანამშრომლებმა და მათ დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირებისათვის მიმართული აქვს პროკურატურისათვის, აღნიშნულ მოტივაციას სააპელაციო პალატა ასევე კანონიერად ვერ იზიარებს, რადგან საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „გ“ პუნქტი ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში კი შუამდგომლობის ავტორის მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი წარმოდგენილი არ არის.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ე. ძ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი