საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.12.2015
საქმის ნომერი
2კ-376აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №376აპ-15 ქ. თბილისი

ც-ე რ.- 376აპ-15. 29 დეკემბერი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების: რ. ც-ის, გ. ზ-ისა და ნ. ც-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენით რ. ც-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რ. ც-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა რ. ც-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 1 თვე და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ რ. ც-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 9 მარტიდან.

გ. ზ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ზ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა გ. ზ-ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ გ. ზ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 9 მარტიდან.

ნ. ც-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ნ. ც-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. ც-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 20 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 9 მარტიდან იმავე წლის 21 მარტამდე.

გაუქმდა ნ. ც-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ე. ქ-ის (პ/N ...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ო-ის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: ო-ი - კოდი ..., სექტორი - ... კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაზუსტებული ფართი - ... მ2, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად, შეადგენს 10.300 ლარს) - 10.000 ლარის ღირებულების წილს.

ა/მანქანა ,,ფორდ-ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით ,,...“, ჩაბარდა მის კანონიერ მესაკუთრეს - ი. ტ-ეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი პლასტმასის, მრგვალი ფორმის ნაწილი და ა/მანქანის დათვალიერების დროს ამოღებული სავარძლის შალითები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ი. ტ-ეს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების: რ. ც-ის, გ. ზ-ისა და ნ. ც-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3, მე-4 და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების: რ. ც-ის, გ. ზ-ისა და ნ. ც-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი