დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.03.2016
საქმის ნომერი
438აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№438აგ-15 16 მარტი, 2016 წელი

ე-ი გ, 438აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ე-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განაჩენით გ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპით, გ. ე-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

2. მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად. გ. ე-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 20 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განაჩენით გ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 მაისიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

8. მსჯავრდებულმა გ. ე-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და მისი ქმედების გადაკვალიფიცირება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლზე და სასჯელის შემსუბუქება.

9. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ე-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა საბოლოო სასჯელმა, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, სრულად შთანთქა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განაჩენით გ. ე-ს მიმართ დანიშნული სასჯელი, რომელიც ასევე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განაჩენით და საბოლოოდ გ. ე-ს, საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 20 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

10. უცვლელად დარჩა გ. ე-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

11. უცვლელად დარჩა გ. ე-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ე-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია). გ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელმაც შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და საბოლოოდ გ. ე-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადის ათვლაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 10 თებერვლიდან იმავე წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ე-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, მას უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი