დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.03.2016
საქმის ნომერი
468აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№468აგ-15 14 მარტი, 2016 წელი

წ-ე ე, 468აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. წ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენით ე. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.მსჯავრდებულ ე. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 დეკემბრიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. წ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ე. წ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულმა ე. წ-მ 2015 წლის 10 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. მოტივად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისს შესული ცვლილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო მოყვანილი ახალ კანონთან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ე. წ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა ე. წ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ახალი კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. წ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამნისტიის გათვალისწინებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი – რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ ე. წ-ს სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ე. წ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ე. წ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე