დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.04.2016
საქმის ნომერი
444აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.04.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №444აგ-15 25 აპრილი, 2016 წელი

ხ-ე გ., 444აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და გ. ხ-ს შორის, რომლის თანახმად, გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 5 წლით პირობითი სასჯელი, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ხ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილისა და იმავე სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 9 თვით პირობითი სასჯელი, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 6 ოქტომბრიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას და 3 წლითა და 9 თვით პირობით მსჯავრს დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 2 თვე და გ. ხ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 8 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენი და იმავე სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

4. 2015 წლის 25 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ხ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მსჯავრდებულ გ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. მსჯავრდებული გ. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

4. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე