დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.11.2016
საქმის ნომერი
123აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.11.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №123აგ-16 თბილისი

ტ-ი ი. 123აგ-16 16 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 22 ოქტომბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განაჩენზე.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ი. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 15 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულის მიმართ არსებული რამდენიმე განაჩენის მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დადგენილ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ტ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განჩინების მიღების დღიდან - 2014 წლის 21 ივლისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 სექტემბრის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის განჩინება შეიცვალა სასჯელის ვადის ათვლის ნაწილში, კერძოდ: ი. ტ-ს განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული 8 წლით თავისუფლების აღკვეთის ათვლა დაეწყო 2013 წლის 15 სექტემბრიდან.

7. 2016 წლის 20 აპრილს მსჯავრდებულმა ი. ტ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ტ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ტ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. ტ-ს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: დიდი ოდენობით - 196,9 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვაში არაერთგზის. აღნიშნული ოდენობა კი აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია ნარკოტიკულ საშუალება - „გამომშრალ მარიხუანაზე“.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური წარდგინებებით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, კონსტიტუციურობის შესახებ, მაგრამ წარდგინებებში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ მოცულობა არ აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულ 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობას (ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ ორმაგი ოდენობა გამომდინარეობს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, რომლის №2 დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ოდენობების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ ტოლფას ოდენობას შეადგენს „ნედლი მარიხუანის“ ორმაგი ოდენობა).

6. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წარდგინებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება ნარკოტიკულ საშუალება - „ნედლ მარიხუანაზე“, მით უმეტეს 196,9 გრამზე, რომელიც აღემატება გადაწყვეტილებაში მითითებულ 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობასაც კი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისათვის მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის კონსტიტუციურობის საკითხის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი დღევანდელი მოცემულობით არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისივე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

7. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ი. ტ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ი. ტ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი