დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270აგ-15 თბილისი
ჯ-ა ლ, 270აგ-15 16 მარტი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ლ.ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი და „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან. ლ. ჯ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ლ. ჯ-ას მიმართ განსაზღვრული სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ. ჯ-ას ადვოკატის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განაჩენზე.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ლ. ჯ-ა გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. 2015 წლის 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა ლ. ჯ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ჯ-ამ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ჯ-ას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში არაერთგზის და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. ჯ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. მეიშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე