შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №333აპ-16 ქ. თბილისი
ჯ. ბ., 333აპ-16 7 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ბ. ჯ., – დაბადებული ----ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2015 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2015 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ბ. ჯ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ბ. ჯ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2015 წლის 26 თებერვლიდან 2015 წლის 2 მარტამდე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 8 მაისიდან.
2. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–200 მუხლის მე–7 ნაწილის საფუძველზე ბ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განჩინების შესაბამისად დაყადაღებული, მ. ბ-ის (პ/ნ ----) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ----, სოფელ ---- (ზონა ---, სექტორი ----, კვარტალი --, ნაკვეთი --, საკადასტრო კოდი №---) 10 000 ლარის ღირებულების წილი, გირაოს პირობების დარღვევის გამო, გირაოს თანხის ამოღების მიზნით, მიექცა იძულებით აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და გადაეცა სახელმწიფოს.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ჯ-ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ ბ. ჯ-ეს 2015 წლის 11 თებერვალს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფისა და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.
· მასვე 2015 წლის 2 აპრილს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის, ,,ბუპრენორფინისა“ და ,,მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-ემ და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. წ-ამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ჯ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-ემ ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბოლო ეპიზოდში, ხოლო საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული წესის გამოყენება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. შ-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბოლო ეპიზოდში და ამ ნაწილში მისი გამართლება იმ მოტივით, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეები ბ. ჯ-ის დასჯით დაინტერესებული პირები არიან და მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მსჯავრდებას, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ხოლო საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული წესის გამოყენება შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისცა აღიარებითი ჩვენებები; მას კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, მოხუცი და ავადმყოფი დედა; მსჯავრდებული თვითონაც ავადმყოფია, დაავადებულია ღვიძლის ჰეპატიტითა და სხვადასხვა მძიმე დაავადებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას 2015 წლის 11 თებერვლის ეპიზოდში, რის გამოც საკასაციო პალატა არ მსჯელობს ამ საკითხზე.
3. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ ეპიზოდს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ჯ-თვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, კერძოდ:
4. --ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელ ს. ზ-ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის 1 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბ. ჯ-ეს, რომელიც იმყოფებოდა ქ. --ში, ა-ის გამზირის №-–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხმარებული უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც ნახა ბ. ჯ., რომელსაც წარუდგინა თავი და განუმარტა, რომ უნდა გადაემოწმებინა ნარკოლოგიურ კაბინეტში. ბ. ჯ-ემ მას დაუდასტურა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს ნარკოლოგიურ კაბინეტში. შემოწმება დასრულდა 2015 წლის 2 აპრილს, რის შედეგადაც ბ. ჯ-ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
5. საქმეში წარმოდგენილი, 2015 წლის 2 აპრილს გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის №--- დასკვნით დადგენილია, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ბ. ჯ-ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის, ,,ბუპრენორფინისა“ და ,,მეტადონის“ მოხმარების ფაქტი.
6. ექსპერტმა ნ. უ-მა დაადასტურა ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგების სისწორე და აჩვენა, რომ ბ. ჯ. შესამოწმებლად წარდგენილ იქნა 2015 წლის 1 აპრილს. კლინიკური გამოკვლევით დადგინდა, რომ ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, რომელიც დასრულდა 2015 წლის 2 აპრილს, მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის, ,,ბუპრენორფინისა“ და ,,მეტადონის“ მოხმარება. შემოწმებისას ბ. ჯ-ეს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც შემოწმების შედეგი გაუპროტესტებია.
7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევმა ბ. ჯ-ემ კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიმხარა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფი, ,,ბუპრენორფინი“ და ,,მეტადონი“, რაც დაუდგინდა 2015 წლის 2 აპრილს ნარკოლოგიური შემოწმებისას.
8. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მოწმეთა დაინტერესებულობის შესახებ, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია და არც საქმის მასალებში მოიპოვება, ხოლო ზოგადი განცხადების საფუძველზე პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტი, ვინაიდან ბ. ჯ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და თანხვედრილია და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
9. რაც შეეხება კასატორის პოზიციას სასჯელთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ჯ-თვის სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს და მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ. წ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვისა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია 70 გრამამდე სხვა ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხამრების მიზნით შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით პირის მსჯავრდებისას (მიუხედავად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებისა), მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
14. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად არასაკმარისია პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
15. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.
16. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, განსხვავებით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილისაგან (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას და პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა კონსტიტუციის შეუსაბამო სასჯელად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე, არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენში, სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ადვოკატის - პ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ბ. ჯ-ეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 2000 ლარი; მასვე სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 2000 ლარმა - შთანთქას სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჯ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ბ. ჯ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარი; პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ბ. ჯ. მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
5. ბ. ჯ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფოს მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე