დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №86აპ-16 ქ. თბილისი
ჯ-ი ლ. 86აპ-16 28 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორების - ნათია კიკვაძის, დათო ცირეკიძის
ადვოკატ - ი. გ-ს
მსჯავრდებულ - ლ. ჯ-ს
მონაწილეობით განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით ლეპერტის, მსჯავრდებულ ლ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განაჩენით ლ. ჯ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2. ლ. ჯ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით, 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. ლ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 3 ოქტომბრიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია, ჩაწერილი ორ კომპაქტდისკზე, შპს ,,…..’’ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩამწერის დათვალიერებისას გადმოწერილი ვიდეოფაილები ერთ კომპაქტდისკზე, ლ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ კომპაქტდისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს უნდა დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით;
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,სუბარუ ფორესტერის’’ მარკის სახ.#..... მქონე ავტომანქანის წინა საქარე მინა, რომელიც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
5. ლ. ჯ-სგან ამოღებული ტანსაცმელი (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), რომელიც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
6. მ. ბ-ს ტანსაცმელი (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტებში) და პირადი ნივთები, რომელიც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
7. მ. ბ-ს სისხლის ნიმუში მშრალი სახით (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), უ. კ-ს ხელის ანაწმენდი (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), მ. ფ-ს ხელის ანაწმენდი (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), გ. მ-ს ხელის ანაწმენდი (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), ლ. ჯ-ს ხელის ანაწმენდი (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის დეტალი და მინის ნატეხები (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), შემთხვევის ადგილისა და ლ. ჯ-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტყვიის გულა და ტყვიის მასრა (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), რომლებიც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
8. მ. ფ-სგან, უ. კ-სგან, გ. მ-სა და ლ. ჯ-სგან ამოღებული და მათზე გაპიროვნებული ….. მოდელის №….., №….., №….. და №….. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები (დალუქული ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პაკეტში), რომლებიც ინახება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს შემდგომი განკარგვის მიზნით;
9. ,,სუბარუ ფორესტერის’’ მარკის, სახ.#..... მქონე ავტომანქანა (ინახება ….. რაიონის სოფელ …..(…..) მდებარე შპს „…..“-ის სპეც. ავტოსაჯარიმო სადგომზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
10. განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2008 წლის 4 მარტის №….. ბრძანებით ლ. ჯ-ი დაინიშნა ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითვლებოდა მოხელედ. 2014 წლის 3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №….. საქმეზე, ქ.ქუთაისში, …… №…..-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ლ. ჯ-ი იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილების სხვა თანამშრომლებთან ერთად, დაკვირვების კამერების დათვალიერების მიზნით, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე _ ….. №…..-ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში. დაკვირვების კამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მაღაზია, სავარაუდოდ, გაქურდული უნდა ყოფილიყო მ. ბ-ს მიერ, რის შემდეგაც ლ. ჯ-მ თანმხლებ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მ. ბ-ს დაძებნისა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად პოლიციაში მიყვანის მიზნით, დაიწყო სათანადო ღონისძიებების გატარება.
11. დაახლოებით 16 საათზე ზემოაღნიშნულ მაღაზიასთან მყოფმა ლ. ჯ-მ შენიშნა საავტომობილო გზაზე ,,სუბარუ ფორესტერის’’ მარკის ….. სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით მოძრავი მ. ბ-ე. ლ. ჯ-ი უბნის ინსპექტორ-გამოძიებელ გ. მ-სთან, მ. ფ-სა და უ. კ-სთან ერთად ფეხით დაედევნა მ. ბ-ს. ავტომანქანას უშუალოდ უკან მისდევდნენ ლ. ჯ-ი და მ. ფ-ე, ხოლო პოლიციის სხვა ორი თანამშრომელი გაემართა იქვე არსებული საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით, რათა ავტომანქანისათვის გადაეღობათ გასასვლელი გზა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მ. ბ-ე აღმოჩნდა სამანქანო გზის ჩიხში, ამიტომ მან მოაბრუნა ავტომანქანა და იმავე გზით დაბრუნდა უკან. ამ დროს ლ. ჯ-მ მ. ბ-ს მოსთხოვა ავტომანქანის შეჩერება. მ. ბ-ე არ დაემორჩილა ლ. ჯ-ს მოთხოვნას და იმავე მიმართულებით მაღალი სიჩქარით განაგრძო მოძრაობა.
12. ლ. ჯ-მ ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არაპროპორციული იძულების ღონისძიების გამოყენებით, იარაღის გამოყენებისათვის სავალდებულო პირობების არარსებობისას, სიტყვიერი გაფრთხილებისა და გამაფრთხილებელი გასროლის განუხორციელებლად, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ტაბელური ….. მოდელის №…… იარაღიდან გასროლით განზრახ დააზიანა მ. ო-ს ავტომობილი და გაუფრთხილებლობით სიცოცხლე მოუსპო მ. ბ-ს.
13. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
14. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი - დავით ლეპერტი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ლ. ჯ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
15. კასატორის მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ის გარემოება, რომ მ. ბ-ს სიკვდილი უშუალოდ ლ. ჯ-ს მიერ მისსავე სახელზე გაპიროვნებული იარაღიდან განხორციელებულმა გასროლამ გამოიწვია, რაც სასამართლოს სავსებით კანონიერად გაიზიარა; სასამართლომ ასევე მართებულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება ლ. ჯ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და იარაღის უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით საფუძვლიანადაა უარყოფილი დაცვის მხარის ვერსია გამაფრთხილებელი გასროლის დროს ლ. ჯ-ს მიერ ბეტონის ზედაპირზე ფეხის წამოკვრისა და წაბორძიკების თაობაზე.
16. ამასთან, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ. ჯ-ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მხულიდან 116-ე მუხლზე და თვლის, რომ მ. ბ-ს სიკვდილის მიმართ ლ. ჯ-ი მოქმედებდა არაპირდაპირი - ევენტულური განზრახვით.
17. ლ. ჯ-ი ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისა და გასროლის დროს სრულად ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც დადასტურებულია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით _ გასროლა მოხდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში, დღისით, შუადღის საათებში, მრავალბინიანი კორპუსების წინ მდებარე ეზოში, ასევე თავად ლ. ჯ-ს ჩვენებით, რომლის თანახმად, იგი იყო კორპუსების ახლოს, ამიტომ რაიმეს დაზიანებისა და ტყვიის სახლებში შევარდნის თავიდან ასაცილებლად, გადავიდა ბეტონის გზაზე, სადაც მოახდინა გასროლა ანუ მას სრულად გათვალისწინებული ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა. ლ. ჯ-ი პოლიციელი იყო, კარგად იცნობდა ”პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, მის უფლება-მოვალეობებს და გავლილი ჰქონდა იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური კურსი. მ. ბ-ე სწრაფი სვლით გადაადგილდებოდა ”სუბარუ-ფორესტერის” მარკის, უკან დაბურული საქარე მინის მქონე ავტომანქანით და მისგან დაშორებული იყო რამდენიმე ათეული მეტრით, ასეთ ვითარებაში მოძრავი ავტომანქანის მიმართ უკნიდან გასროლის განხორციელების დროს ლ. ჯ-ი უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ გასროლილი ტყვია შეიძლება მოხვედროდა მ. ბ-ს.
18. ის ფაქტი, რომ მოძრავი ავტომანქანა საკმაო მანძილით იყო დაშორებული ბრალდებულიდან და კიდევ უფრო შორდებოდა, მიანიშნებს არა ქმედების დაუდევრობით, არამედ არაპირდაპირი განხრახვით ჩადენაზე, ვინაიდან რაც უფრო დაშორებული იყო ავტომანქანა ლ. ჯ-საგან, დაბურული ჰქონდა უკანა საქარე მინა და სწრაფად მიდიოდა, უფრო მეტად იზრდებოდა სროლის შემთხვევაში არამარტო მანქანის დაზიანების, არამედ მის საჭესთან მჯდომ პირზე გასროლილი ტყვიის მოხვედრის რისკი, რაც შეგნებული ჰქონდა ლ. ჯ-ს. მართალია მას არ სურდა მ. ბ-ს მოკვლა, მაგრამ ასეთ ვითარებაში იგი უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ გასროლილი ტყვია მოხვედროდა მ. ბ-ს, რაც მოხდა კიდევაც, აღნიშნული კი წარმოადგენს არა დაუდევრობას, არამედ ევენტუალურ განზრახვას. ყველა განზრახი დანაშაულის ჩადენისას, პირს ამოძრავებს გარკვეული მოტივი, საბაბი, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ კანონმდებლობით უპირობოდ დასადგენი. მოცემულ შემთხვევაში მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ლ. ჯ-ს როგორც პოლიციელს, განყოფილების უფროსის ზ. ჯ-საგან მიღებული ჰქონდა დავალება ყველა ღონე ეხმარა მ. ბ-ს პოლიციის განყოფილებაში წარმოსადგენად. ამასთან, ბრალდებული იყო ოპერატიული ჯგუფის უფროსი. შესაბამისად ყოველი გაუხსნელი დანაშაული და მიმალული სავარაუდო დამნაშავე, უარყოფითად აისახებოდა მის სამსახურებრივ ავტორიტეტზე. ასევე უარყოფითად იმოქმედებდა მის სამსახურებრივ მდგომარეობაზე უშუალო უფროსის ზ. ჯ-საგან მიღებული დავალების დადგენილ დროში შეუსრულებლობა და იმავე დღით მ. ბ-ს პოლიციის განყოფილებაში წარუდგენლობა. ამ ფონზე ლ. ჯ-ი განაწყენდა რა მასზედ, რომ მ. ბ-ე არ დაემორჩილა მის კატეგორიულ მოთხოვნას ავტომანქანის შეჩერების თაობაზე. პირიქით, ის როგორც პოლიციელი უგულებელყო მ. ბ-მ და მოძრავი ავტომანქანის პირდაპირ წავიდა ლ. ჯ-საკენ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გვერდულზე გადახდომაც კი დასჭირდა. ლ. ჯ-მ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და როგორც პოლიციელმა ვერ მოახერხა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის შეჩერება, რაც ისევ უარყოფითად აისახებოდა მის სამსახურებრივ მდგომარეობაზე. ამიტომ მან ავტომანქანის ჩავლის შემდგომ უკნიდან მოახდინა მ. ბ-ს მიმართ მიზანმიმართული გასროლა. ასეთ ვითარებაში ლ. ჯ-ი შეგნებულად უშვებდა (გაცნობიერებული ჰქონდა) იმის შესაძლებლობას, რომ ტყვია შეიძლება მოხვედროდა დაბურული მინის მქონე, სწრაფად მოძრავ მანქანაში მჯდომ მ. ბ-ს, რაც მოხდა კიდეც. აღნიშნული კი შეიცავს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. არაპირდაპირი განზრახვის უარსაყოფად არც ის არგუმენტი გამოდგება, რომ „თუნდაც მ. ბ-ს არააპირდაპირი განზრახვით მოკვლის მოტივის არსებობის პირობებში ეს უკანასკნელი არ დაჯერდებოდა მხოლოდ ერთ გასროლას“. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ლ. ჯ-მ მეორე გასროლა იმიტომ კი არ განახორციელა, რომ მას არაპირდაპირი განზრახვა არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ გასროლისთანავე მ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ბოძს შეეჯახა და სვლა შეწყვიტა. სასამართლო არაპირდაპირი განზრახვის უარსაყოფად ასევე აღნიშნავს, რომ ლ. ჯ-ს მ. ბ-ს მიმართულებით სრლისათვის გაცილებით კარგი პირობები ჰქონდა მაშინ, როდესაც იდგა ავტომობილის პირისპირ, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. მეტიც იარაღიც კი არ ამოუღია საქამრიდან, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული არათუ აქარწყლებს, არამედ უფრო ამყარებს ბრალდების მოსაზრებას ევენტუალურ განზრახვასთან დაკავშირებით. სწორედ ის გარემოება, რომ მ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მიმართ, არა მის წინ დგომის, არამედ ჩავლისა და უკნიდან გასროლის განხორციელება მიანიშნებს ლ. ჯ-ს არა თავდაცვის მინით, არამედ პირიქით მ. ბ-ს შესაძლო მოკვლის მიზნით მოქმედებას, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
19. მსჯავრდებული ლ. ჯ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჯ-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, კერძოდ:
20. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ჯ-მ გაუფრხილებლობით მოუსპო სიცოცხლე მ. ბ-ს, ასეთ ვითარებაში კი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, მანვე განზრახ როგორ დაუზიანა ავტომანქანა მ. ო-ს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დაზარალებულ მ. ო-ს კანონიერი ინტერსესი არ შელახულა და ვერც შეილახებოდა, რადგან კანონიერი ინტერესი ეს არის ინტერესი იმ სამართლებრივი ურთიერთობისადმი (ხელშეკრულების შესრულება, ადმინისტრაციული აქტის გამოცემა), რომლისგან გამომდინარე შედეგები შესაძლოა პოზიტიურად ან ნეგატიურად აისახოს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია საუბარი იყოს მხოლოდ ქონებრივ ზიანზე, რაც არის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი, რადგან ლ. ჯ-ს დაზარალებულად ცნობილი მ. ო-ს ავტომანქანის დაზიანება და მისი კანონიერი ინტერესის შელახვა განზრახული არ ჰქონია, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახი ბრალის გარეშე არ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია სასამართლომ გაითვალიწინოს დაზარალებულ მ. ო-ს ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მისი კანონიერი ინტერესი არ შელახულა და ბრალდებულ ლ. ჯ-ს მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
21. უსაფუძვლოა გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთება მსჯავრდებულის მიერ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე და 34-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის შესახებ, რადგან ლ. ჯ-მ მ. ბ-ე ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ წინ გადაუდგა მას და მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მ. ბ-ს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა შეესრულებინა, მან ლ. ჯ-ი სასიკვდილოდ გაიმეტა და დიდი სიჩქარით ცდილობდა მასზე დაჯახებას. შემდეგ ავტომანქანით მაღალი სიჩქარით მოძრავი მ. ბ-ს შესაჩერებლად ლ. ჯ-მ ჰაერში გააკეთა გასროლა, რაც დადასტურდა სასამართლო პროცესზე დაკითხული თვით ლ. ჯ-სა და მ. ფ-ს ჩვენებებით. საქმეში არსებობს იარაღიდან გასროლის ადგილის ამსახველი სურათი, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ .….. სადარბაზოსა და გზის სავალი ნაწილის გადაკვეთასთან არის ჭის თავი და სანიაღვრე პატარა არხი, სადაც ბეტონის საფარი დაზიანებულია, ამოყრილი, რასაც წამოჰკრა ფეხი ლ. ჯ-მ. მართალია, სასამართლომ განზრახ დანაშაულის ჩადენაში არ ცნო იგი დამნაშავედ, მაგრამ დადასტურებულად მიიჩნია მის მიერ მ. ბ-სთვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტი. სასამართლოს სწორად რომ შეეფასებინა საქმის გარემოებები, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ჯ-ს არც უფლებამოსილებისთვის გადაუმეტებია და არც გაუფრთხილებელი დანაშაული - სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ჩაუდენია, რადგან ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომელიც მოჰყვა ლ. ჯ-ს მიერ გამაფრთხილებელ გასროლას, კერძოდ, გამაფრთხილებელი გასროლის განხორციელებისას ლ. ჯ-მ ფეხი წამოჰკრა დაზიანებულ ბეტონის საფარს და წაბორძიკდა, რა დროსაც ჰაერში ნასროლმა ტყვიამ შეიცვალა მიმართულება და მოხვდა მ. ბ-ს.
22. ლ. ჯ-ი ამ სისტემის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც 2008 წლიდან კეთილსინდისიერად ანხორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ასეთი მოვალეობის შესრულებისას გასაჩივრებული განაჩენით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე იქნა მსჯავრდებული, რაც არასწორია და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, ასევე ლ. ჯ-ი ასრულებდა მისი ზემდგომის ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ..... განყოფილების უფროსის ზ. ჯ-ს დავალებას, რომელიც მისთვის სავალდებულო იყო, დაეძებნა ბ-ე და მიეყვანა პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. პოლიციაში მიყვანას, კანონმდებლობა ასეთ ტერმინს არ იცნობს, პიროვნება ან უნდა მოიწვიაო პოლიციის განყოფილებაში (პოლიციის შესახებ კანონის 21-ე მუხლი), რომელსაც ეგზავნება შესაბამისი უწყება ასეთის შესახებ, ან უნდა მიიყვანო იძულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პირს მისი ნების საწინააღმდეგოდ ხანმოკლე ვადით შეუზღუდო თავისუფლება დააკაო, თანახმად სსკ-ის 170-ე მუხლისა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა კანონით დადგენილი წესით შესწავლილი და არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
23. ლ. ჯ-ი იყო იმ ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო იყო, ის ასრულებდა ოპერატიულ ფუნქციას, რომელსაც გაუწია წინააღმდეგობა შპს „.....“ ..... გაქურდვაში ამოცნობილმა ბ-მ, არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვენას, გაუწია წინააღმდეგობა და საფრთხე შეუქმნა ლ. ჯ-ს სიცოცხლეს, სადაც პოლიციელს თუნდაც დავალების გარეშე უფლება ჰქონდა დაეკავებინა იგი. დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შესაძლო იყო ის მიმალვოდა გამოძიებას, იყო სამჯერ ნასამართლევი მძიმე დანაშაულისათვის, შესაბამისი მტკიცებულებები დევს სისხლის სამართლის საქმეში. ასევე არ ჰქონდა იურიდიული მისამართი, უბრალოდ საცხოვრებელი, სადაც შესაძლებელი იყო მისი დაძებნა, რითაც ლ. ჯ-ს ქმედებაში დაცულია სსკ-ის 171-ე მუხლის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე კასატორებს მიაჩნიათ, რომ ბ-ე იყო ის პიროვნება, რომელიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, გაუწია მას წინააღმდეგობა, ხოლო ლ. ჯ-ი იყო ის პოლიციელი, რომელსაც ბ-ს კანონიერი დაკავების უფლება ჰქონდა. აქედან გამომდინარე სასმამართლომ არასწორი შეფასება მისცა ლ. ჯ-ს ქმედებას.
24. ლ. ჯ-მ მოსთხოვა სიტყვიერად ბ-ს, რომ შეეწყვიტა მოძრაობა და დამორჩილებოდა პოლიციას და გადაუდგა მანქანას წინ, ნაცვლად იმისა, რომ ბ-ე დამორჩილებოდა პოლიციელის კაენონიერ მოთხოვნას, მან ლ. ჯ-ი სასიკვდილოდ გაიმეტა და დიდი სისწრაფით უნდოდა მანქანის დაჯახება, მაგრამ ლ. მიხვდა მის განზრახვას, როდესაც მანქანას გაზი მოუმატა და სწრაფი სიჩქარით მისკენ წამოვიდა, გვერდით წამიერად გადახტა, ამით თავი დააღწია სიკვდილს, როდესაც ლ. ჯ-ი ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლისათვის მოემზადა, ბ-ე მისგან დაახლოებით 75–80 მეტრი მანძილით იყო მოცილებული, (რაც დასტურდება სათვალთვალო გარე ხედვის კამერით, რაც გამოირკვია პირველი ინსტანციის სასამართლომ პროცესზე და ექსპერტის დაკითხვით, რომელმაც მიუთითა, რომ ტყვია ბ-ს ხვდება უკვე თავდაღმართში მანქანის დაშვების დროს ბოძს როდესაც გაცდა მაშინ. სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაადასტურა, რომ იარაღიდან გასროლის დროს ბ-ე ლ. ჯ-დან საკმაო მანძილით იყო მოცილებული. რას ნიშნავს საკმაო მანძილი და გაუგებარია რა უნდა გაეთვალისწინებინა ჯ-ს, ის, რომ თუნდაც საკმაო მანძილით 75მ მოცილებული დიდი სისწრაფით მოძრავი ბ-ს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით მოუსპობდა სიცოცხლეს. სასამართლო ამ დროს მსჯელობს დამდგარი შედეგიდან გამომდინარე და არა იმწუთიერი გადაწყვეტილების კანონიერებაზე და მართლზომიერებაზე - ამ ნაწილში განაჩენი დაუსაბუთებელია. სასამართლო იზიარებს სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, მაგრამ არ მიუთითებს ტყვიის შემავალი და გამავალი ჭრილობის ლოკალიზაციას, ასევე დადგენილია საქმეზე ლ. ჯ-ს დგომის ადგილი, სადაც ამოღებულია ტვიის მასრა. ამიტომ სიტყვიერ გაფთრხილებას ბ-ს ჰაერში სროლის შესახებ ვერ მისცემდა და ვერც იმას დაუშვებდა, რომ ჰაერში ნასროლი ტყვია ბ-ს მოხვდებოდა, უნებურად, როდესაც ჰაერში ზემოთ იხედებოდა და ხელსაყრელ პირობებს ეძებდა, რომ მოსახლეობისათვის უსაფრთხო ყოფილიყო მისი ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა, სროლის დროს ფეხი წამოკრა ტყვიამ მიმართულება შეიცვალა და მოხვდა ბ-ს, რასაც ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული მ. ფ-ე და ლ. ჯ-ს ფეხსაცმლის მექანიკური დაზიანება, რომელიც ვიზუალურად თვალნათლივ შეიმჩნევა მარჯვენა ფეხსაცმელზე. ამავე დროს მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, მაღაზია „.....“ სათვალთვალო გარეხედვის კამერების დათვალიერების შედეგად სასამართლომ გამოარკვია და დაათვალიერა, მაღაზიიდან ჩანს მანქანა რომელსაც ბ-ე მართავდა თავდაღმართში დაშვებისას ხვდება ტყვია, ამავე დროს სწრაფი ნაბიჯით, გზაზე სადაც მანქანა მოძრაობდა გადადის, გზას კვეთავს ოჯახი, ლ. ფ-ე, მეუღლე ფეხმძიმე ცოლი და პატარა ბავშვი, რომელიც ხელში უჭირავს მამას, ჯ-ი ამას ყველაფერს ხედავს, ასევე ხედავს საფრთხეს მანქანის დიდი სისწრაფით მოძრაობის გამო, ამავე დროს ბ-ე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციას ცდილობს მიმალვას და დანარჩენი ორი პოლიციელი, რომლებსაც სხვა მიმართულებით ჰქონდათ გზა ჩაკეტილი ფუნქციას კარგავს თუ ბ-ე გაიქცა, სწორედ ეს ფაქტები მიიჩნია ჯ-მ გამაფრთხილებელი გასროლის აუცილებელ პირობად. ეს უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ რადგან ჯ-მ ჩათვალა, რომ შესაძლებელია სხვა მძიმე შედეგი გამოეწვია დაყოვნებას. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დროს არ საუბრობს რეალურ საფრთხეზე, რომელსაც ჯ-ი ხედავს, არამედ საუბრობს დამდგარი შედეგის მიხედვით, რადგან სირბილით მიმავალმა ფ-მ გადაასწრო მანქანას, რისი გათვალისწინებაც წინასწარ ჯ-ს არ შეეძლო, რადგან ეს ყველაფერი ხდება წამის მეასადში ინტერვალი არის 9 წამი.
25. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა - ნათია კიკვაძემ და დათო ცირეკიძემ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით ლეპერტის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.
26. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ლ. ჯ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოთხოვნების გაცნობის, საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ ლ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ლ. ჯ-ს გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ლ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ლ. ჯ-მ იარაღის გამოყენებით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მანვე გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე მ. ბ-ს, კერძოდ:
3. მოწმე უ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, ….., N…..-ში მდებარე სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ამავე განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება. მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ჩანაწერებში ასახული პირი იყო მ. ბ-ე. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების დასრულების შემდგომ, რასაც ლ. ჯ-ც ესწრებოდა, მათ განყოფილების უფროსმა - ზ. ჯ-მ დაავალა მ. ბ-ს მოძებნა და პოლიციის განყოფილებაში წარდგენა. ამის შემდეგ ის და მისი თანამშრომლები - მ. ფ-ე, გ. მ-ე და ლ. ჯ-ი იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერების ამოსაღებად და იქვე მაღაზიის წინ სკამზე ისხდნენ. რამდენიმე წუთში შემოუხვია ვერცხლისფერი ,,სუბარუ-ფორესტერის’’ მარკის ავტომანქანამ, რომელსაც მ. ბ-ე მართავდა, სვლას უმატა და კორპუსებში შეიმალა. მათ გადაწყვიტეს ორ ჯგუფად გაყოფილიყვნენ და მ. ბ-ს დადევნებოდნენ. მ. ფ-ე და ლ. ჯ-ი მანქანის მიმართულებით წავიდნენ, ხოლო თვითონ და გ. მ-ე - საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. უეცრად შემოესმა გასროლის და 5-6 წამში შეჯახების ხმაც, მაგრამ უშუალოდ გასროლის მომენტი არ დაუნახავს. მან შენიშნა, რომ მ. ფ-ე და ლ. ჯ-ი გარბოდნენ ავტომანქანისკენ. შეჯახების ადგილზე მისულმა დაინახა, რომ მანქანაში მარჯვენა მხარეს, საჭესთან იჯდა მ. ბ-ე, რომელიც დასისხლიანებული იყო. დაჭრილი გადმოიყვანეს მანქანიდან, ჩასვეს ლ. ჯ-ს ავტომანქანაში და საეკლესიო საავადმყოფოში წაიყვანეს.
4. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე გ. მ-მ ანალოგიური ჩვენება მისცა და იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში.
5. მოწმე მ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ბ-ს შემჩნევისთანავე მან, გ. მ-მ, უ. კ-მ და ლ. ჯ-მ გადაწყვიტეს დასდევნებოდნენ და განაწილდნენ ორ ჯგუფად. კერძოდ, უ. კ-ე და გ. მ-ე საცხოვრებელი ბინების მიმართულებით გაემართნენ, ხოლო თვითონ და ლ. ჯ-ი მოძრავ ავტომანქანას დაედევნენ სირბილით. რამდენიმე წუთში დაინახა, რომ მ. ბ-ე ცდილობდა ავტომანქანის მობრუნებას. ლ. ჯ-მ მას რამდენჯერმე მოსთხოვა მანქანის გაჩერება და მოუწოდა დამორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, თუმცა მან არ შეწყვიტა მოძრაობა და წამოვიდა ლ. მიმართულებით, რა დროსაც ეს უკანასკნელი მარჯვენა მხარეს გადახტა და წაიფორხილა. როდესაც ლ. ჯ-ი შემობრუნდა, მას ხელში იარაღი ეჭირა ლულით ცისკენ მიმართული, იგი მისდევდა ავტომანქანას და მ. ბ-ს მოუწოდებდა შეჩერებულიყო. ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა მის მითხოვნას და მანქანამ დაიწყო მაღალი სიჩქარით მოძრაობა. ამ დროს დაინახა, რომ ლ. შეანელა სვლა, მაღლა აიხედა და წაბორძიკდა, რა დროსაც მოხდა გასროლა. მალე გაიგონა ბინის მიშენების კონსტრუქციაზე ავტომანქანის შეჯახების ხმა. ლ. ჯ-მ მომხდარის შესახებ ტელეფონით აცნობა განყოფილების უფროსს, რის შემდეგაც მ. ბ-ე გადმოიყვანეს მანქანიდან და იგი ლ. თავისი ავტომანქანით წაიყვანა საავადმყოფოში. მოწმე მ. ფ-ს განმარტებით, ლ. ჯ-ს მიერ გამაფრთხილებელი გასროლის განხორციელების მომენტში არც მასზე და მისი თვალთახედვის არეში არც სხვა ვინმეზე შეჯახების საფრთხე არ არსებობდა.
6. მოწმე ზ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ივნისიდან მუშაობს საქართველოს შსს ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლის 3 ოქტომბერს, დილით, შეიტყო, რომ გაიქურდა ….. მდებარე სასურსათო მაღაზია. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დათვალიერდა მაღაზიაში არსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, რა დროსაც პოლიციის მუშაკებმა, მათ შორის ლ. ჯ-მ, ამოიცნეს ვიდეოჩანაწერში ასახული სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირი - მ. ბ-ე. ამის გამო მან დაავალა პოლიციელებს, რომ მოეძებნათ ეს უკანასკნელი და წარედგინათ განყოფილებაში. რამდენიმე ხნის შემდეგ დაუკავშირდა ლ. ჯ-ი, რომელმაც განუცხადა, რომ მ. ბ-ე არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას და მოჰყვა ავტოავარიაში. შემთხვევის ადგილზე გასულმა ნახა, რომ ავტომანქანა შეჯახებული იყო საცხოვრებელი კორპუსის ბეტონის ბოძს, ხოლო დაშავებული მ. ბ-ე ლ. ჯ-ს გადაყვანილი ჰყავდა საავადმყოფოში. მოგვიანებით ლ. ჯ-ი გამოცხადდა განყოფილებაში და დაწერა პატაკი, სადაც მიუთითა, რომ მ. ბ-ე არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. მოწმე ზ. ჯ-ს განმარტებით, მას ლ. ჯ-სთვის მ. ბ-ს დაკავება არ დაუვალებია, ვინაიდან დაკავების საკითხი გადაწყდებოდა მხოლოდ მ. ბ-ს პოლიციაში წარდგენისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ.
7. მოწმე მ. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ….., N…..-ში აქვს სასურსათო მაღაზია - შპს ,,…..’’, სადაც მუშაობს ოთხი ადამიანი - ლ. კ-ე, ჟ. კ-ი, ნ. ვ-ე და მისი შვილი - დ. ა-ე. მაღაზიაში და მის გარეთ დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. 2014 წლის 3 ოქტომბერს, დილით, აღმოაჩინეს, რომ მისი მაღაზია იყო გაქურდული, რის თაობაზეც მიმართა სამართალდამცავ ორგანოს. პოლიციის თანამშრომლებმა მასთან ერთად დაათვალიერეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელზეც ასახული იყო ერთი უცხო პირი, რომელიც მაღაზიიდან ეუფლებოდა ნივთებს. მოგვიანებით ვიდეოჩანაწერის ამოსაღებად მარკეტში მივიდა პოლიციის ოთხი თანამშრომელი და როდესაც ვიდეოჩანაწერის გადაწერის პროცესი მიმდინარეობდა, ისინი მაღაზიის წინ გავიდნენ და იქვე ხის სკამზე დასხდნენ. უეცრად გაიგონა ავტომობილის მოტორის ძლიერი ხმა, დაინტერესდა რა ხდებოდა და მივიდა მაღაზიის კართან, რა დროსაც შემოესმა დაძახება - შეჩერდიო და იარაღიდან გასროლის ხმა. ამ დროს მაღაზიის წინ სწრაფად ჩაიარა ავტომანქანამ და საცხოვრებელი კორპუსის ბეტონის ბოძს შეეჯახა.
8. მოწმე ნ. ვ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კონსულტანტად მარკეტ შპს ,,…..’’, რომელიც მუშაობს 08:30 საათიდან 23:00 საათამდე. მარკეტში როგორც შიგნით, ასევე გარეთ დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. 2014 წლის 3 ოქტომბერს, დილით, სამსახურში მისვლისთანავე შეიტყო, რომ მარკეტი გაქურდული იყო. შენობაში მუშაობდნენ პოლიციის მუშაკები. ისინი ათვალიერებდნენ ვიდეოჩანაწერებს, სადაც ჩანდა, თუ როგორ იპარავდა მაღაზიიდან ნივთებს პიროვნება. მოგვიანებით მათთან მივიდა ოთხი პოლიციელი ვიდეოჩანაწერის წასაღებად. მცირე დროის გასვლის შემდგომ გარედან შემოესმა ძლიერი ხმა და გარეთ გასულმა დაინახა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ბოძს ავტომანქანა იყო შეჯახებული.
9. იგივე გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში მოწმე ჟ. კ-მ, რომელმაც დამატებით მიუთითა, რომ პოლიციის თანამშრომლები მაღაზიიდან გავიდნენ და იქვე არსებულ სკამზე დასხდნენ. ამ დროს მაღაზიის წინ გაიარა ვერცხლისფერმა ავტომანქანამ, რომელსაც პოლიციის მუშაკები დაედევნენ, ხოლო თვითონ მარკეტის წინ შეჩერდა. მალევე გაიგონა იარაღიდან გასროლის ხმა, მაგრამ ვინ და რა ვითარებაში ისროლა, არ დაუნახავს. გასროლის შემდეგ ავტომანქანამ, რომელსაც უკან პოლიციის მუშაკები მოჰყვებოდნენ, მარკეტის წინ ჩაიარა და საცხოვრებელი კორპუსის ბეტონის ბოძს შეეჯახა.
10. მოწმე ნ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, …..მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. მისი სახლიდან დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს სასურსათო მაღაზია. 2014 წლის 3 ოქტომბერს, შუადღისას, აივანზე გავიდა ანტენის შესაკეთებლად, რა დროსაც გაიგონა გასროლის ხმა, მაგრამ გასროლის მომენტი არ დაუნახავს. მალევე გაიგონა მეორე ხმაც. გარეთ გამოსულმა დაინახა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ბეტონის ბოძს შეჯახებული იყო ავტომანქანა, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და ჭრილობიდან სისხლი მოსდიოდა.
11. მოწმე ლ. ჭ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს, სახლში დაბრუნებულმა მეზობლებისგან შეიტყო, რომ მათ ეზოში მ. ბ-ე არ დამორჩილებია პოლიციას, რის გამოც მისთვის უსვრიათ და შეჯახებია ბოძს. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ავტომანქანა შეჯახებული იყო ბინის წინ ბეტონის ბოძს და დაზიანებული იყო. ასევე მან ფანჯრიდან დაინახა, რომ პოლიციის მუშაკმა ეზოში ძებნის შემდგომ იპოვა ტყვიის გულა.
12. მოწმე მ. ო-ს ჩვენებით, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან მოესმა სწრაფად მოძრავი ავტომანქანის ხმა და ფანჯრიდან შენიშნა ძალიან დიდი სიჩქარით მოძრავი ვერცხლისფერი ავტომანქანა. უცებ გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა, რომ ავტომანქანის მიმართულებით მირბოდა ორი თუ სამი პოლიციის თანამშრომელი. მათგან ერთი მანქანას მისდევდა ოდნავ წინ წახრილი, სადღაც 45 გრადუსით დაშვებული ხელით, რომელშიც იარაღი ეჭირა. მან რაიმეს გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ შეჯახების ხმა გაიგონა. მოწმის განმარტებით, ავტომანქანა ამ პირებისგან იმდენად შორს იყო, გასროლილი ტყვია მძღოლს თუ მოხვდებოდა, ვერ წარმოედგინა.
13. მოწმე ლ. ფ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს, მეუღლესთან - ე. ჭ-სთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა მის მეზობლად მცხოვრებ მ. კუთვნილ მარკეტში. იქიდან გამოსვლის შემდეგ გადაჭრეს მარკეტის წინ არსებული გზა და წავიდნენ ბინის წინ მდებარე ავტოფარეხების მიმართულებით, რა დროსაც შემოესმა იარაღიდან გასროლის ხმა. ამავე დროს შემობრუნდა და დაინახა, რომ გზაზე დიდი სისწრაფით ჩამოიარა ,,სუბარუს’’ მარკის ავტომანქანამ, რომელიც შეეჯახა ბინის წინ არსებული ბეტონის ბოძს. მოწმე ლ. ფ-ს განმარტებით, ხსენებული ავტომანქანა მას და მისი ოჯახის წევრებს საფრთხეს არ უქმნიდა, რადგან მანქანის გამოვლის მომენტისათვის ისინი საკმაოდ იყვნენ მოშორებული გზას. იმ მომენტში ეზოში სხვა ვინმე არ შეუნიშნავს.
14. საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მ. ო-ს ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავდა ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც შეიძინა 4500 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანა მასზე იყო გაფორმებული, მაგრამ მისი შვილებიც სარგებლობდნენ. 2014 წლის 3 ოქტომბერს, დილით, მანქანა ათხოვა თავის შვილს - გ. ო-ს, რომელმაც, თავის მხრივ, ათხოვა თავის მეგობარ მ. ბ-ს. საღამო ხანს პოლიციის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ავტომანქანა შეჯახებული იყო ბეტონის ბოძს. როგორც იქვე მყოფი პირებისგან შეიტყო, მ. ბ-ე არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკს, რომელსაც უსვრია მისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რამაც გამოიწვია ავტომობილის ბოძზე შეჯახება. დაზარალებულ მ. ო-ს განმარტებით, ბრალდებულის ძმამ - ზ. ჯ-მ მას აუნაზღაურა მიყენებული ზიანი 4400 ლარის ოდენობით.
15. იგივე გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მ. ო-ს შვილმა - გ. ო-მ.
16. ლ. ჯ-მ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2007 წლიდან მუშაობდა პოლიციაში და შესაბამისად, გაეცნო ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონს, ასევე იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გავლილი ჰქონდა სპეციალური კურსი. ბოლოს ეკავა საქართველოს შსს ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა და მასზე გაპიროვნებული იყო ….. მოდელის №….. სამსახურებრივი საშტატო იარაღი. 2014 წლის 3 ოქტომბერს, სამსახურში შეიტყო, რომ ….. უბანში გაქურდეს მაღაზია. შემთხვევის ადგილზე მისვლისას პოლიციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს მაღაზიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რა დროსაც ამოიცნეს ქურდობის ჩამდენი მ. ბ-ე. შესაბამისად, განყოფილების უფროსმა მათ მისცა დავალება, რომ სასწრაფოდ მოეძებნათ იგი და მიეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. რამდენიმე საათის შემდეგ მისგან მიიღო სხვა დავალებაც, რომ დახმარებოდა ტექნიკურ მუშაკს - ა. ყ-ს მეხსიერების ბარათზე მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადმოწერაში. მაღაზიაში მივიდა პოლიციის თანამშრომელ გ. მ-სთან ერთად. ამ დროისათვის გადმოწერის პროცესი დასრულებული არ იყო, რის გამოც ის და გ. მ-ე დასხდნენ მაღაზიის წინ განთავსებულ ხის სკამზე. მათ შეუერთდნენ პოლიციის თანამშრომლები - უ. კ-ე, მ. ფ-ე და ყველანი ელოდებოდნენ ჩანაწერის გადმოწერის პროცესის დასრულებას. ამ დროს მათ წინ გაიარა ვერცხლისფერი ,,სუბარუს’’ მარკის ავტომანქანამ, რომელშიც შენიშნა მ. ბ-ე, რომელმაც მათ დანახვაზე სიჩქარეს მოუმატა. მან და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ფეხით დადევნებოდნენ მ. ბ-ს. გ. მ-ე და უ. კ-ე ბინების მიმართულებით წავიდნენ, ხოლო თვითონ და მ. ფ-ე კი პირდაპირ დაედევნენ ავტომანქანით მოძრავ მ. ბ-ს. მან დაინახა, რომ ეს უკანასკნელი კორპუსის ბოლოში იწყებდა ავტომანქანის მობრუნებას და გაიქცა იმ მიმართულებით, რადგანაც ავტომანქანის ნელი მოძრაობის დროს შეიძლებოდა მისი დაკავება. როცა მიუახლოვდა, მ. ბ-ს უკვე შემობრუნებული ჰყავდა მანქანა და მოდიოდა პირდაპირ მისი მიმართულებით. იგი წინ გადაუდგა მას, მოუწოდა შეეწყვიტა მოძრაობა და დამორჩილებოდა, თუმცა მ. ბ-მ უფრო მოუმატა სიჩქარეს და სწრაფად წავიდა მისი მიმართულებით. როდესაც ავტომანქანა მას მიუახლოვდა და თითქმის ეჯახებოდა, მოასწრო გზის გვერდულზე, კორპუსის მიმართულებით გადახტომა და წაიბორძიკა, ავტომანქანამ კი გააგრძელა მოძრაობა. ამის შემდეგ იგი გადმოვიდა ბეტონის საფარზე, ამოიღო იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და, ვინაიდან, საცხოვრებელ კორპუსების სიახლოვეს იდგა, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის წარმოების მიზნით დაიწყო უსაფრთხო ადგილის ძებნა, რა დროსაც წამოედო ბეტონის ზედაპირს და უნებლიედ გაისროლა, ამ დროს იარაღის ლულა ჰაერში ჰქონდა მიმართული. ამის შემდეგ დაინახა, რომ ავტომობილი საცხოვრებელი ბინის ბოძს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ტყვია ვერტიკალურად ჰაერში არ წავიდა, ეგონა, რომ ტყვია მოძრავ მანქანას და მ. ბ-ს არ მოხვდებოდა. მისი მიზანი იყო გამაფრთხილებელი გასროლით მოეხდინა დამნაშავის ფსიქიკაზე ზემოქმედება, რათა იგი დამორჩილებოდა. ლ. ჯ-ს განმარტებით, შემთხვევის ადგილი არის დასახლებული და ადამიანების მიმართ რეალური საფრთხე არსებობდა. გასროლის მომენტში ავტომანქანა, რომელსაც უკანა საქარე მინა დამუქებული ჰქონდა, მისგან საკმაოდ დიდი მანძილით იყო დაშორებული. მომხდარის თაობაზე მაშინვე დაურეკა პოლიციის უფროსს, აღარ დაელოდა სასწრაფო დახმარების მოსვლას და მძიმედ დაჭრილი მ. ბ-ე თავისი ავტომანქანით გადაიყვანა საავადმყოფოში.
17. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ….. №…..საცხოვრებელი კორპუსის წინა ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მითითებული კორპუსის პირველ და მეორე სადარბაზოებს შორის არსებულ ბეტონის ბოძს შეჯახებულია ,,სუბარუ-ფორესტერის“ მარკის ავტომანქანა, სახ.#...... კორპუსის პარალელურად, გზის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს მაღაზია. გზის ორივე მხარეს განლაგებულია საცხოვრებელი კორპუსები, თავად გზა მობეტონებულია, ასევე მობეტონებულია №….. კორპუსის ეზო. …... სადარბაზოს შესასვლელის მიმდებარედ ბეტონის საფარზე აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც აღებული იქნა ნიმუშები და დაილუქა. №….. კორპუსის ….. სადარბაზოს დასავლეთ კუთხიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 112.75 მეტრში, ხოლო ”სუბარუ-ფორესტერის” მარკის ავტომანქანიდან 116.35 მეტრში აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მასრა, რაც დაილუქა. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ბეტონის საფარზე მიმობნეული მინის ნამსხვრევები. ავტომანქანის უკანა საქარე მინა მთლიანად დამსხვრეულია. ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის მინის შიდა ზედაპირზე, უსაფრთხოების ბალიშებზე, ავტომანქანის ე.წ. ტორბედოზე, წინა სავარძლებზე, გადაცემათა კოლოფის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომანქანის სალონის წინა ნაწილში ჭერზე შუა ადგილას აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუშები და დაილუქა. ავტომანქანის წინა საქარე მინა მთლიანად დაზიანებულია, კერძოდ, მთელ ზედაპირზე აღინიშნება ბზარები, საქარე მინის მარჯვენა ნაწილში აღინიშნება ნაჭდევი, ზომით დაახლოებით 3.5X2.5სმ.
18. შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ….. №…..-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2014 წლის 3 ოქტომბერს მ. ბ-ე „სუბარუს“ მარკის ავტომანქანით, სახ.#..... შეეჯახა რკინა-ბეტონის ბოძს, სადარბაზოს მოპირდაპირე მხარეს, სამხრეთ-დასავლეთით ბეტონის სხმულიდან მიწის საფარზე 0,75 სმ სიგრძეზე აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა ტყვიის გულისმაგვარი მეტალის დეტალი.
19. სასურსათო მაღაზია შპს „…..“ გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერის 2014 წლის 7 ოქტომბრის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ობიექტის მფლობელის - მ. ა-ს განმარტებით ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილი დრო საათნახევრით ჩამორჩება რეალურ დროს. 2014 წლის 3 ოქტომბრის 14:45:13 წუთიდან პირველი კამერის ჩანაწერზე ასახულია შპს ,,…..“ სასურსათო მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე გამავალი საავტომობილო გზა, უშუალოდ მაღაზიის კედელთან არსებული ძელსკამი, მასზე მჯდომი სამი და ერთიც მათ წინ ფეხზე მდგომი პიროვნება. მ. ა-ს განმარტებით, მითითებული პირები არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მომხდარი ქურდობის ფაქტზე მისულები იყვნენ მის მაღაზიაში ვიდეოსისტემის ჩანაწერების დათვალიერებისა და შემდგომი ამოღების მიზნით. 14:46:17 წამზე მაღაზიის წინ გზაზე გაიარა აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავმა ღია ფერის ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანამ, რა დროსაც სკამზე მსხდომი პირები წამოდგნენ და დაიწყეს აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა. ორ პირს აცვია მოცისფრო ზედა ტანსაცმელი ზურგზე თეთრი წარწერით, ხოლო დანარჩენ ორს - მუქი ფერის ქურთუკი. 14:46:34 წამზე მოცისფრო ქურთუკიანმა პირებმა დაიწყეს მოძრაობა სამხრეთის მიმართულებით, ხოლო მუქ ქურთუკებში ჩაცმული პირები წავიდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით, გზაზე ზემოაღნიშნული მანქანის მოძრაობის მხარეს. 14:46:40 წამზე ორივე შავქურთუკიანი მამაკაცი გაიქცა აღმოსავლეთის მიმართულებით და გავიდა კამერის თვალთახედვიდან. 14:47:15 წამზე, მ. ა-ს განმარტებით, მაღაზიიდან გამოვიდნენ თავად, ნ. ა-ე და ნ. ვ-ე, რა დროსაც სამივე მათგანი შეხტა და ამავე დროს აღმოსავლეთის მხრიდან გზაზე გამოჩნდა ,,სუბარუ-ფორესტერის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა წინა მხრით დასავლეთისკენ. 14:47:18 წამზე მანქანა იყო კიბეებთან, თუმცა მანამდე 14:47:17 წამიდან, როდესაც მანქანის დეტალური გარჩევა შესაძლებელი იყო, მას წინა საქარე მინაზე მარჯვენა ზედა ნაწილში აღენიშნებოდა თეთრი ლაქა. 14:47:18 წამზე მანქანა დასავლეთის მხარეს გავიდა კამერის თვალთახედვის არიდან. 14:47:25 წამზე გამოჩნდა მუქ ქურთუკში ჩაცმული ორი პირი, ისინი სწრაფი ნაბიჯებით მოძრაობდნენ დასავლეთის მიმართულებით. წინ გამორბის მუქ ქურთუკიანი პირი, რომელიც შარვლის უკანა სათავეზე იკიდებს ხელს, უკან მოჰყვება ასევე მუქ ქურთუკიანი პირი, მის შემდეგ ღია ფერის ქურთუკიანი პირი. ორივე მათგანი შარვლის მარჯვენა საქამრეზე იკიდებს ხელს. სულ ბოლოს, 14:47:37 წამზე გამორბის ცისფერ ქურთუკიანი პირი, რომელიც ასევე შარვლის საქამრეზე იკიდებს ხელს. 14:53:20 წამზე გაირბინა მუქ ქურთუკიანმა მამაკაცმა, გამოიყვანა მოლურჯო ჯიპის მოდელის ავტომანქანა და გაიარა სწრაფად დასავლეთის მიმართულებით, 14:55:21 წამზე კი აღმოსავლეთით გაიარა მოცისფრო მაისურიანმა მამაკაცმა, ჩაჯდა მაღაზიის კიდესთან შეჩერებულ მომწვანო ფერის ავტომანქანაში და 14:55:57 წამზე გაიარა დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნულით №1 კამერის ჩანაწერის დათვალიერება დასრულდა. ამის შემდეგ დათვალიერდა ამავე სათვალთვალო სისტემის №6 კამერა, საიდანაც გაირკვა, რომ 14:45:59 წამზე აღმოსავლეთიდან მითითებულ გზაზე შემოუხვია ,,სუბარუ-ფორესტერის“ მარკის ავტომანქანამ. მ. ა-ს განმარტებით, ამ დროს მაღაზიასთან დგანან ბ. ხ-ე და დ. ა-ე. 14:47:10 წამზე დ. ა-ე უკანა შესასვლელიდან შევიდა მაღაზიაში, ბ. ხ-ე კი წამოვიდა კამერის მიმართულებით. 14:47:35 წამზე ბ. ხ-მ გაირბინა ჩრდილოეთის მიმართულებით და შემოუარა მაღაზიას უკნიდან. 14:53:47 წამზე შემოსახვევში შემოვიდა თეთრი ფერის პიკაპის მოდელის ავტომანქანა, წარწერით ”პოლიცია”, 14:53:16 წამზე მითითებული პიკაპი გავიდა უკანა სვლით შემოსახვევში და მას მიჰყვა მოლურჯო ფერის ჯიპის მოდელის ავტომანქანა. ორივე მანქანა წავიდა დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნულით №6 კამერის ჩანაწერის დათვალიერება დასრულდა.
20. ვიდეო ექსპერტიზის №….. დასკვნის თანახმად, ვერცხლისფერი ,,სუბარუს“ მარკის ავტომანქანის საქარე მინის შესწავლისას გაირკვა, რომ მასზე კადრში გამოჩენის მომენტში დაზიანება არ აღინიშნებოდა. საქარე მინაზე დაზიანება გამოჩნდება მოგვიანებით. ავტომობილის საჭესთან მჯდომი პირის მდგომარეობის დადგენა ვერ მოხერხდა გამოსახულების დაბალი ხარისხის გამო.
21. ვიდეო ექსპერტიზის შედეგების სისწორე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ლ. ა-მ.
22. სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ მ. ბ-ს სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქვლისა და ფუძის ძვლების ფრაგმენტოვანი და ხაზოვანი მოტეხილობით. მ. ბ-ს ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებულ იქნა 2014 წლის 3 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე, სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. მ. ბ-ს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემ-კეფის საზღვარზე ცენტრალურად, ტერფის ძირიდან 171 სმ. დაშორებით, თავის რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, ქალა-სარქვლის ძვლების, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქვლის ძვლების ფრაგმენტოვანი და ხაზოვანი მოტეხილობით, გამოსავალი ხვრელით შუბლის მიდამოში ოდნავ მარცხნივ, ტერფის ძირიდან 160 სმ დაშორებით, ჭრილობის არხის გასწვრივ მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, რაც მიყენებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან - წინ, ოდნავ მარჯვნიდან - მარცხნივ, ოდნავ ზემოდან - ქვემოთ. მ. ბ-ს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, რომლებიც განვითარებული იყო სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებოდნენ დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. იმავე დასკვნიდან ირკვევა, რომ სამედიცინო კრიმინალისტიკური კვლევის დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილ მ. ბ-ს გვამიდან აღებულ კანის პრეპარატზე, თხემ-კეფის მიდამოდან ცენტრალურად, აღინიშნებოდა დაზიანება (ჭრილობა), რომელიც თავისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, განვითარებული იყო რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და წარმოადგენდა შესავალ ხვრელს. სროლა ნაწარმოები იყო არაახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ.
23. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - მ. ნ-მ და გ. გ-მ.
24. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ ლ. ჯ-ს ტანსაცმელზე (პოლიციის უნიფორმა) - მაისურზე, შარვალზე, ქამარსა და ფეხსაცმელზე - საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე რაიმე დაზიანება, დამახასიათებელი მექანიკური ზემოქმედებისათვის არ აღინიშნებოდა, რაც დაადასტურა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. შ-მ.
25. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ ,,სუბარუ-ფორესტერის’’ მარკის ავტომანქანის, სახ.#..... წინა მარცხენა საბურავის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტომანქანის მარცხნივ მიმდებარე ტერიტორიიდან, ბეტონის ზედაპირიდან, ავტომანქანის უკანა მარცხენა მხარის მიმდებარე ტერიტორიიდან ბეტონის ზედაპირიდან და ,,სუბარუ-ფორესტერის’’ მარკის ავტომანქანიდან, სახ.#..... ამოღებული, ასევე მ. ბ-ს ტანსაცმელზე არსებული მოწითალო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი მ. ბ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.
26. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ….. №….. საცხოვრებელი კორპუსის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი და ამოღებული ტყვიის გულის ზედაპირზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი იდენტურია მ.ბ-ს გვამიდან აღებული სისხლის გენეტიკური პროფილის.
27. ბიოლოგიური ექსპერტიზების შედეგების სისწორე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ. გ-მ და ქ. ქ-მ.
28. შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის - ზ. ჩ-ს წერილიდან ირკვევა, რომ ქ. ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის …..განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის კაპიტან ლ. ჯ. ძე ჯ-ს სახელზე 2009 წლის 21 თებერვლიდან გაპიროვნებული იყო ”…..” სისტემის №….. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდითა და 28 ცალი …..მმ კალიბრიანი ,,…..“ ვაზნით.
29. ბალისტიკური ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული …..მმ კალიბრიანი ,,…..’’ მოდელის №….. პისტოლეტი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; ქარხნული წესით დამზადებული …..მმ კალიბრიანი 1908 წლის ნიმუშის ვაზნები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული ….. მმ კალიბრიანი 1908 წლის ნიმუშის ვაზნის ერთი მასრა ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია ექსპერტიზაზე წარდგენილი …..მმ კალიბრიანი ,,…..’’ მოდელის №….. პისტოლეტიდან.
30. ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგების სისწორე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. შ-მ.
31. ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ №….. იარაღიდან ნაწარმოები უნდა იყოს გასროლა (გასროლები) ბოლო გაწმენდის შემდეგ. გამოსაკვლევი ტყვია გასროლილია №…..პისტოლეტიდან. გამოსაკვლევ ტყვიაზე ასხლეტისთვის დამახასიათებელი კვლები არ აღინიშნება. გამოსაკვლევ საქარე მინაზე კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი, სავარაუდოდ ძალადაკარგული ტყვიის მოქმედების შედეგად. ავტომანქანა ,,სუბარუ-ფორესტერის’’, სახ.#,,…..’’ ფაქტიურ მდგომარეობაში რაიმე ცეცხლნასროლი დაზიანება არ აღინიშნება. სროლა ნაწარმოებია ავტომანქანის უკანა საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხის მიდამოში გრძივი ღერძის მიმართ ვერტიკალურ სიბრტყეში მცირე 20-50 კუთხით ოდნავ ზემოდან ქვემოთ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში თითქმის ამავე კუთხით მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით (ამავე სავიზირო ხაზზე იმყოფებოდა მ. ბ-ს თავი); გამოსაკვლევად წარდგენილი №….. იარაღი გამართულია და მისგან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხორციელდება.
32. ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა. ა-მ, გ. ც-მ და ნ. მ-მ.
33. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ უ. კ-ს, გ. მ-ს, მ. ფ-სა და ლ. ჯ-ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდებზე დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები არ აღინიშნებოდა; ექსპერტიზაზე წარდგენილ ლ. ჯ-ს ტანსაცმლიდან, მაისურზე აღინიშნებოდა დენთის წვის პროდუქტების მიკრონაწილაკები.
34. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის შედეგების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ლ. მ-მ და დ. ჩ-მ.
35. ქ. ქუთაისში, ….. №…..-ში განთავსებული სასურსათო მაღაზიის (შპს ,,…..“) სათვალთვალო კამერებზე არსებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ვიდეოფირზე ასახულია 2014 წლის 3 ოქტომბრის 03:00 საათიდან 04:00 საათამდე დროის ერთსაათიანი მონაკვეთი, რა დროსაც კადრში ჩნდება პიროვნება, რომელიც მიდის დახლთან, იღებს ცელოფანს და იწყებს დახლიდან ცელოფანში სიგარეტების ჩალაგებას. მონაწილე პირების - ი. ბ-სა და ნ. ქ-ს განმარტებით, პიროვნება, რომელიც კადრში ჩანს, არის მ. ზ. ძე ბ-ე, დაბადებული 19.. წლის ….. ივლისს, რეგისტრაციის მიხედვით მცხოვრები ქ. ქუთაისში, ….. ქუჩის №…..-ში.
36. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ხაჩიძის 2014 წლის 20 დეკემბრის დადგენილებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს, ..... საქალაქო სამმართველოს პოლიციის ….. განყოფილებაში საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №….. საქმეზე, ქ. ქუთაისში, ….. №..-ში მდებარე მ. ა-ს მაღაზიიდან (შპს ,,…..’’) სხვადასხვა დასახელების ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტზე. დადგენილების მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ჩადენილი ჰქონდა მ. ბ-ს, მაგრამ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ დაიწყებოდა გარდაცვალების გამო. ამდენად 2014 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N….. საქმეზე არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მ. ბ-ს მიმართ მისი გარდაცვალების გამო და შესაბამისად, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება.
37. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან მისი ბრალეულობა იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მ. ბ-ს სიცოცხლის მართლსაწინააღმდეგოდ მოსპობაში დასტურდება როგორც ნაწილობრივ თვით ლ. ჯ-ს ჩვენებებით, აგრეთვე საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერების დათვალიერების ოქმითა და საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნებით, კერძოდ:
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ჯ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დადგა მ. ბ-ს სასიკვდილო შედეგი, საკასაციო საჩივრებით მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
39. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დასტურდება მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ვითარების ანალიზი, რომელშიც მოქმედებდა ლ. ჯ-ი და მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათი, რასაც მ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, აშკარად მიუთითებს ლ. ჯ-ს მიერ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სახით, რასაც ახლდა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის არამართლზომიერი გამოყენება. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომლითაც დეტალურად არის განსაზღვრული, თუ რა ვითარებაშია უფლებამოსილი პოლიციის მუშაკი უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, ლ. ჯ-ი შექმნილ ვითარებაში არ იყო უფლებამოსილი მოეხდინა არათუ დამაზიანებელი, არამედ გამაფრთხილებელი გასროლაც კი, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სროლის მომენტში არსებობდა მ. ბ-ს მხრიდან ლ. ჯ-ს და ან სხვა პირის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.
40. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ ლ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა არ ჩაუდენია, არამედ ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, რომელიც მოჰყვა მის მიერ გამაფრთხილებელ გასროლას. კასატორი საჩივარში მიუთითებს, რომ გამაფრთხილებელი გასროლის განხორციელებისას ლ. ჯ-მ ფეხი წამოჰკრა დაზიანებულ ბეტონის საფარს და წაბორძიკდა, რის შედეგადაც ჰაერში ნასროლმა ტყვიამ შეიცვალა მიმართულება და მოხვდა მ. ბ-ს, ხოლო საკასაციო პალატის სხდომაზე კი ახალი ვერსია წარმოადგინა, რომლის მიხედვით, როდესაც ის მიწის საფარიდან გადადიოდა ბეტონის საფარიან გზაზე, რომელიც თავის მხრივ არის შემაღლებული, ამ დროს წაიფორხილა, მუხლი თითქმის დაადო ბეტონის საფარს, რა დროსაც მოხდა გასროლა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არცერთი პოზიციის საფუძვლიანობა არ დასტურდება საქმის მასალებით. სახელდობრ, 1-ელი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავად მსჯავრდებულმა და მოწმე მ. ფ-მ კონკრეტულად ვერ მიუთითეს ის საგანი და ადგილი, რასაც თითქოსდა ფეხი წამოკრა ლ. ჯ-მ, ხოლო მის მიერ საკასაციო სასამართლოში წამოდგენილი ახალი ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე თანდართული ფოტოილუსტრაციით დადგენილია, რომ გასროლის ადგილას ბეტონის გზას გააჩნია სწორი ზედაპირი და მასზე არ შეინიშნება რაიმე ისეთი ობიექტი ან დაზიანება, რაზეც შესაძლოა ფეხი წამოეკრა ლ. ჯ-ს. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლებმა - გ. ჩ-მ და ვ. ხ-მ აჩვენეს, რომ მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე არსებულ ბეტონის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანება ან დეფექტი - ორმოების ან ჩაღრმავების სახით, რომელზეც შეიძლება მსჯავრდებულს ფეხი წამოეკრა, ვერ აღმოაჩინეს. ამასთან, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ფეხსაცმელზე, რომელიც შემთხვევის დღეს ეცვა ლ. ჯ-ს, ექსპლუატაციური ცვეთის გარდა სხვა მექანიკური დაზიანება არ აღინიშნებოდა.
41. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტ თ. შ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ. ჯ-ს ფეხსაცმელზე, რომელიც მას ეცვა შემთხვევის დღეს, შეინიშნება მხოლოდ ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები. ამასთან, მასზე რაიმე სახის დაზიანება, დამახასიათებელი მექანიკური ზემოქმედებისათვის, არ აღინიშნება. ამდენად, ლ. ჯ-ს მიერ გასროლის დროს ფეხის წამოკვრის შემთხვევაში ფეხსაცმელზე აუცილებად უნდა დარჩენილიყო შესაბამისი დაზიანების კვალი, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. საკითხი იმის თაობაზე, რომ ლ. ჯ-ს გასროლის დროს ცეცხლსასროლი იარაღი ლულით მიმართული ჰქონდა არა ვერტიკალურად ჰაერში, არამედ ჰორიზონტალურად იმ ავტომანქანისაკენ, რომელსაც მართავდა მ. ბ-ე და სწორედ ამ დროს მან მოახდინა არა გამაფრთხილებელი, არამედ მიზანმიმართული გასროლა ავტომანქანის გასაჩერებლად, რასაც მოჰყვა არა მხოლოდ ავტომანქანის დაზიანება, არამედ ასევე ავტომანქანის საჭესთან მჯდომი მ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობაც, უდავოდ დასტურდება აგრეთვე ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით და შესაბამისი ექსპერტების ჩვენებებით.
42. ბალისტიკური ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევი ავტომანქანის წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია სპილენძის შემცველი, სავარაუდოდ ძალადაკარგული, ტყვიის მოქმედების შედეგად.
43. ექსპერტ ნ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ლ. ჯ-ს მიერ განხორციელებული გასროლის მიმართულება განისაზღვრა საქარე მინაზე მდებარე დაზიანების ადგილით, რაც მიწის ზედაპირიდან დაცილებულია 134 სმ-ით, ასევე დაზარალებულის სხეულზე თავის არეში, თხემ-კეფის საზღვარზე არსებული შემავალ-გამავალი დაზიანებების მიხედვით - ვიზირებით. მანვე განმარტა, რომ ექსპერტებს დადგენილი ჰქონდათ სამი მყარი წერტილი, რომელთა ვიზირებით უტყუარად დადგინდა, რომ სროლა ნაწარმოებია ავტომანქანის უკანა საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხის მიდამოში გრძივი ღერძის მიმართ, ვერტიკალურ სიბრტყეში მცირე - 2-5 გრადუსიანი კუთხით, ოდნავ ზემოდან ქვემოთ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში თითქმის ამავე კუთხით, მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულებით (ამავე სავიზირო ხაზზე იმყოფებოდა მ. ბ-ს თავი).
44. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ. შ-მ დეტალურად განმარტა, თუ როგორ ხდება ,,…..’’ მოდელის პისტოლეტიდან გასროლების წარმოება. ამისთვის საჭიროა გარსაცმი საკეტის ანუ ზედა მოძრავი ნაწილის უკან მოზიდვა, უკიდურესად უკანა მდგომარეობაში, რა დროსაც მჭიდში არსებულ ვაზნას ქვევიდან აწვება ზამბარა და ვაზნა ხვდება ლულაში. გარსაკეტზე ხელის აშვებისას ვაზნა მიდის წინ და თავსდება ლულის სავაზნეში, საკეტი კეტავს ლულის სავაზნეს. ამ დროს პისტოლეტის ჩახმახი მოდის საბრძოლო მდგომარეობაში.
45. აღნიშნული მოდელის პისტოლეტიდან გასროლის წარმოებისათვის საჭიროა ხელში მჭიდროდ დაფიქსირდეს იარაღის სახელური, რამეთუ მას პირველი დამცველი გააჩნია პისტოლეტის სახელურზე, რომელზე დაჭერის გარეშე სროლის წარმოება შეუძლებელია.
46. სახელურის ხელში მჭიდროდ დაფიქსირების შემდეგ ასევე საჭიროა დაფიქსირდეს თითი სასხლეტ კაუჭზე იმიტომ, რომ პისტოლეტს აქვს ორმაგი დამცველი, რომლებიც განლაგებულია როგორც სახელურზე, ისე სასხლეტ კაუჭზე ანუ შემთხვევითი შეხებით, წარმოდგენილი პისტოლეტის სასხლეტი კაუჭის გამოკვრით, შეუძლებელია გასროლის განხორციელება, რადგან საამისოდ უნდა არსებობდეს მჭიდრო კავშირი ხელსა და პისტოლეტს შორის. კერძოდ, უნდა დაფიქსირდეს მჭიდროდ მოკიდებული ხელი როგორც სახელურზე, ისე სასხლეტ კაუჭზე - თითის ფალანგი მთელი ფართობით, რათა გაითიშოს სასხლეტ კაუჭზე არსებული დამცველი და მოხდეს გასროლა.
47. ბალისტიკური ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგენილია, რომ №….. იარაღს არ გააჩნია ავტომატური დამცველი მექანიზმი, სასხლეტის ფეხზე, სახელურის უკანა ფართზე, ნემსას ავტომატური დამცველი, ლულის არასრულად დაკეტვის შემთხვევაში. გასროლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსროლელს მყარად აქვს დაფიქსირებული სახელური დამცველთან ერთად, იარაღისგან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხორციელდება.
48. ამრიგად, ამგვარ პირობებში, ფაქტობრივად გამორიცხულია იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიერ მომხდარიყო აღნიშნული ცეცხლსასაროლი იარაღის შემთხვევითი გასროლა მისი ნებისგან დამოუკიდებლად.
49. მსჯავრდებულმა ლ. ჯ-მ განმარტა, რომ გამაფრთხილებელი გასროლის განხორციელებას აპირებდა მყარად დგომის და არა მოძრაობის მომენტში. ამ უკანასკნელისა და მოწმე მ. ფ-ს ჩვენებების მიხედვით, გასროლა მოხდა ლ. ჯ-ს მოძრაობის პროცესში. ასეთ ვითარებაში, გამაფრთხილებელი გასროლის სურვილის შემთხვევაშიც კი, ლ. ჯ-ს მყარი პოზიციის დაფიქსირებამდე, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ,,…..’’ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის სასხლეტზე თითი არ უნდა ჰქონოდა დადებული, რაც სინამდვილეში ასე არ იყო. აღნიშნული გარემოება კი პირდაპირ მიუთიუთებს ლ. ჯ-ს სურვილზე - მოეხდინა არა გამაფრთხილებელი, არამედ გამიზნული გასროლა მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით, მის შესაჩერებლად.
50. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია წაბორძიკების შედეგად ტყვია თითქმის ჰორიზონტალურად, მხოლოდ მცირედი დახრით (როგორც ეს ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით არის დადგენილი) წასულიყო ავტომანქანის და არა მიწის ზედაპირის მიმართულებით. სადაო არ არის, რომ მ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა და გასროლის განხორციელების მომენტში ლ. ჯ-სგან საკმაო მანძილით იყო დაშორებული, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა გასროლილი ტყვიის მიზნიდან გადახრისა და, შესაბამისად, ავტომანქანაში მყოფი ადამიანისათვის მისი მოხვედრის რისკს.
51. ასევე სწორია გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კასატორის პოზიცია, რომლის მიხედვით, შესაძლოა მ. ბ-ს მოხვდა რაიმე მყარი საგნიდან ასხლეტილი ტყვია, რაც არ გამოიკვლია და არ შეაფასა 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, ვერ ჩაითვლება ისეთ გარემოებად, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ლ. ჯ-ს ბრალეულობა, რადგან ასეთ შემთხვევაშიც კი იარსებებდა მისი მხრიდან სულ ცოტა საფრთხის გათვალისწინების შესაძლებლობა და ვალდებულებაც.
52. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდების შესახებ და მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა საკმარის საფუძველს, რათა სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული ლ. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ჩადენა.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებულ დაშვებას ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. როგორც თავად ლ. ჯ-ს ჩვენების, ასევე მისი თანამეწყვილის - მ. ფ-სა და შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა მოწმეების ჩვენებების შინაარსი ადასტურებს, ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილია არა განზრახ მკვლელობა, არამედ მ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ ლ. ჯ-ს სურდა მ. ბ-ს მოკვლა ანდა იგი შეგნებულად უშვებდა მის სიკვდილს ან გულგრილად ეკიდებოდა ასეთ შედეგს.
54. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება ლ. ჯ-ს ქმედებაში გაუფრთხილებელი დანაშაულის ნიშნების არსებობა, მაგრამ საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ლ. ჯ-მ გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა დაუდევრობის ფორმით, ვინაიდან მან არ გაითვალისწინა, მის მიერ გასროლის განხორციელების შემთხვევაში, მ. ბ-სათვის ტყვიის მოხვედრის რეალური შესაძლებლობა, რისი გათვალისწინების მოვალეობა მას ეკისრებოდა სამართლებრივად და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა მისი საქმიანობის ხასიათიდან და გამოცდილებიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის თუნდაც გამაფრთხილებელი გასროლისათვის გამოსაყენებლად არახელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლოს ასეთი პოზიციის საწინააღმდეგოდ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღწერილ ვითარებაში ლ. ჯ-ს მიზანი იყო არა მ. ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის ხელყოფა, არამედ ავტომანქანის შეჩერება, რის გამოც გაისროლა მან ავტომანქანის მიმართულებით, რა დროსაც მას გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, კერძოდ, გარდა ავტომანქანის გაჩერებისა, შესაძლებელი იყო ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ადამიანის, ამ შემთხვევაში, მ. ბ-ს ჯანმრთელობის დაზიანება ან მისი სიცოცხლის მოსპობაც. თუმცა, ლ. ჯ-ი იმაზე დაყრდნობით, რომ ავტომანქანა დიდი სისწრაფით მოძრაობდა და უკვე მისგან შორ მანძილზე იმყოფებოდა, იმედოვნებდა, რომ მოძრავი ავტომანქანის მიმართულებით გასროლის შემთხვევაში არ დადგებოდა სხვა მძიმე შედეგი, გარდა ავტომანქანის დაზიანებისა, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის ხელყოფა თავიდან იქნებოდა აცილებული. სინამდვილეში როგორც აღმოჩნდა, იგი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამჯერად ასეთი შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული. გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სუბიექტი ახორციელებს მიზანმიმართულ გასროლას მოძრავი ავტომანქანისაკენ, შეუძლებელია იმავდროულად არ ითვალისწინებდეს გასროლილი ტყვიის მიზნიდან გადახრისა და ამ ავტომანქანაში მყოფი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სუბიექტი არის პოლიციელი, მრავალწლიანი სამსახურებრივი და პროფესიული საქმიანობის, აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღთან ურთიერთობისა და სხვადასხვა რთულ სიტუაციებში მისი გამოყენების გამოცდილებით.
55. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებულია ლ. ჯ-ს მიერ არაპირდაპირი განზრახვით მ. ბ-ს მკვლელობის ჩადენა, საფუძველს მოკლებულია, რადგან საამისოდ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებითი ბაზა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მხარის ხსენებული პოზიციის დადასტურებულად მიჩნევა.
56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ამ უკანასკნელთ არ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ბრალის ფორმის თვალსაზრისით. კერძოდ, მხედველობაშია ის გარემოება, რომ აღნიშნული ქმედება ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი ბრალის ისეთი ფორმით, როგორიცაა თვითიმედოვნება და არა დაუდევრობით, როგორც ეს ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღნიშნული არ წარმოადგენს ლ. ჯ-ს ქმედების სამართლებრივ შეფასებაში დაშვებულ ისეთ არსებით ხარვეზს, რაც შეიძლება გამხდარიყო გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი.
57. ამრიგად, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ. ჯ-მ ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და იმავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
58. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ. ჯ-სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი სავსებით შეესაბამება როგორც ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ასევე მისი ჩამდენის პიროვნებას: ლ. ჯ-ს მიერ ჩადენილია ორი დანაშაული და მისი ქმედებებით გამოწვეულია მძიმე შედეგი. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ლ. ჯ-ს წარსული ხასიათდება დადებითად, ქმედების ჩადენის შემდეგ ის შეეცადა პირადად აღმოეჩინა დახმარება დაზარალებულ მ. ბ-სათვის და მიიღო ზომები საიმისოდ, რომ ის დროულად ყოფილიყო გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მის მიერ ქმედება ჩადენილია გაუფრთხილებელი ბრალის უფრო მძიმე ფორმით, რის გამოც, სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება ვერ ჩაითვლება მიზანშეწონილად და დასაბუთებულად. თუმცა მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს სასარგებლოდ არსებული ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება ვერ იქნება მიჩნეული აუცილებელ და საჭირო ზომად მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ჯ-სათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა არის სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დავით ლეპერტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ ლ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი