დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.05.2007
საქმის ნომერი
ას-869-1225-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-869-1225-06 30 მაისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ .......... ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ............. დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლო განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ............ ა/რ სახელმწიფო ტელევიზიის მიმართ და მოითხოვა საავტორო უფლების ხელყოფით მიყენებული 6000 აშშ დოლარის მატერიალური და 6000 აშშ დოლარის მორალური ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ორი სპექტაკლის „კარმენი“ და „დედა დედოფლის“ ინსცენირების ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც დაიდგა ............. თეატრში, აღნიშნული სპექტაკლები გადაიღო „ბეტეკამის“ სამი კამერით, დაამონტაჟა და გაახმოვანა. ვიდეოსპექტაკლი გამიზნული იყო გასაყიდად, მსახიობებს, მხატვარს, მთარგმნელს, ხმის რეჟისორს, მემონტაჟეს, მუსიკალურ გამფორმებელს და მუშებს გადაუხადა 6000 აშშ დოლარი. სპექტაკლის აუდიოვიზუალური ჩანაწერი ეკუთვნის მას და სხვა ჩანაწერის გაკეთების უფლება სხვას არავის გააჩნდა. მიუხედავად აღნიშნულისა, .......... ტელევიზიამ მისი თანხმობის გარეშე გადაიღო და ტელევიზიით უჩვენა სპექტაკლები, რითაც დაარღვია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის“ ნორმები, მართალია, მან სპექტაკლები დადგა და ტელევარიანტი გადაიღო შემდგომში მისი გაყიდვის მიზნით, მაგრამ ეს ვერ განახორციელდა, რადგან ........... ტელევიზიამ წინასწარ შემუშავებული გეგმის გარეშე გაუშვა უხარისხოდ გადაღებული ტელევარიანტი, ამასთან, ......... ტელევიზიით თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა სპექტაკლი, შესაბამისად, დაიკარგა მისი შეძენის ინტერესი.

თ. კ-ის მითითებით, .......... ტელევიზიის წარმომადგენლობის მოქმედებით მიადგა, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი, რაც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას, ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია მხოლოდ ჰონორარის მიღების უფლება და არა ნაწარმოების ავტორის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. რაც შეეხება ტელევიზიის მოქმედებას, ......... ტელევიზიამ გადაიღო პექტაკლი, რომლის ნაწყვეტი გავიდა საინფორმაციო გამოშვებებში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ......... ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ .......... დეპარტამენტს თ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას მორალური ზიანის 6000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ........... ა/რ სახელმწიფო ტელევიზიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და თ. კ-ის სარჩელზე მთლიანად უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ......... ა/რ სახელმწიფო ტელევიზიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში, ქ. ბათუმში, ............ თეატრ « ......... « გასტროლის დროს ........ ტელევიზიამ ავტორის ნებართვის გარეშე მთლიანად გადაიღო თ. კ-ის მიერ დადგმული სპექტაკლები «დედა დედოფალი» და «კარმენი». შემდგომში თ. კ-თან შეუთანხმებლად ეს ვიდეოჩანაწერი ......... ტელევიზიით ხარვეზებით, ნაწყვეტებით გადაიცა ეთერში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-59 მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «ე» ქვეპუნქტები და მიუთითა, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს უფლება აქვთ, დამრღვევისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, აგრეთვე,ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად _ კომპენსაციის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ......... ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ........... დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული, რომ თ. კ-ე მითითებული სპექტაკლების ინსცენირების ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის საავტორო უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ......... ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – .......... დეპარტამენტის (მოპასუხე) საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1999 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებით, საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების მიერ თ. კ-ეს, როგორც ხელშეკრულების დადებამდე, ისე მოქმედების პერიოდში, მის მიერ შექმნილ ნაწარმოებზე გააჩნია საავტორო უფლება და ამ უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სახის იურიდიული მოქმედებები კანონმდებლობის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თ. კ-ემ ........... თეატრში საკუთარი ხარჯებით დადგა სპექტაკლი „დედა დედოფალი».

სასამართლომ დაადგინა, რომ სპექტაკლი „დედა დედოფალი” გრძელდება 1 საათსა და 15 წუთს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული სპექტაკლი ს. ჭ-ის მონაწილეობით მიმდინარეობდა 2003 წლის 26 იანვარს, 17.20 საათიდან 18.30 საათამდე, ანუ 1 საათისა და 10 წუთის განმავლობაში.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, რადგან თ. კ-ესა და საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოებას შორის 1999 წლის 23 ივლისს დადებული ხელშეკრულებაში თ. კ-ე არ არის მითითებული სპეკტაკლების „დედა დედოფლისა“ და „კარმენის“ ინსცენირების ავტორად, ამიტომ მისი მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.

აღნიშნული წინაპირობები უკავშირდება საავტორო უფლების მოქმედების მომენტს და წარმოშობს ავტორის პირად არაქონებრივ და ქონებრივ უფლებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ საავტორო უფლების წარმოშობისათვის და განხორციელებისათვის კანონი არ ითხოვს ამ უფლების რეგისტრაციას ან სხვაგვარი ფორმალობის შესრულებას. ამდენად, ავტორი ნაწარმოების მესაკუთრე ხდება ნაწარმოების შექმნის მომენტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი (ამავე მუხლის მე-4 ნაწილი), რაც წარმოადგენს მის უფლებას და არა ვალდებულებას და წარმოშობს არა ავტორის უფლებას, არამედ ატარებს დაცვით ფუნქციას. ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის თანახმად, „საქპატენტში» ნაწარმოებების დეპონირება, წარმოადგენს ავტორის უფლებას და არ წარმოშობს და არც ადასტურებს საავტორო უფლებას.

ამდენად, ნაწარმოების ავტორად პირის მიჩნევისათვის საკმარისია ეს პირი სათანადო წესით აღნიშნული იყოს ნაწარმოების ავტორად (საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი). ნორმის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს ავტორობის პრეზუმფციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორად ივარაუდება ის პირი, რომლის სახელი და გვარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი) აღნიშნულია ნაწარმოებზე. პრეზუმფციის ინსტიტუტის მნიშვნელობა იმაშია, რომ პრეზუმფციის მოქმედების პერიოდში მისი გაქარწლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრება მეორე მხარეს, კერძოდ, აღნიშნულ ნაწარმოებზე ავტორად მითითებულია სხვა პირი.

ამასთან ერთად არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული სპექტაკლის ნაწყვეტები .......... დეპარტამენტის თავჯდომარის 2003 წლის 18 თებერვლის წერილის თანახმად, ნაჩვენები იყო საინფორმაციო მიზნით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის მითითებული იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც გააქარწლებდა ან უარყოფდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ........ ა/რესპუბლიკის ........... სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წლის გადაცემების პროგრამის თანახამად, სპექტაკლი მიმდინარეობდა 2003 წლის 26 იანვარს 17.20 საათიდან 18.30 საათამდე, ანუ 1 საათისა და 10 წუთის განმავლობაში.

ამრიგად, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილად მიიჩნევს, რომ სპექტაკლი A»დედა დედოფალი» დადგმულია თ. კ-ის მიერ და მისი ნებართვის გარეშე, 1 საათისა და 10 წუთის განმავლობაში, ........ ა/რესპუბლიკის ტელევიზიით მიმდინარეობდა მისი გადაცემა.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დრამატული ნაწარმოებები წარმოადგენენ ერთდროულად ლიტერატურულ და სასცენო ნაწარმოებათა რიცხვს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატულ იქნა სასცენო დადგმაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით დაცულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორს უფლება აქვს განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს კონკრეტულ შემთხვევაში ნაწარმოების საჯარო გადაცემა. ამავე კანონის 59-ე მუხლი წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სამოქალაქო სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თ. კ-ეს, ვინაიდან არ უცდია მის მიერ შექმნილი ტელევარიანტის გაყიდვა, ამდენად არ არსებობს ზიანის წარმოშობის საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. კ-ე ითხოვს არა დამზადებული ტელევარიანტის გაყიდვის შემთხვევაში მიღებულ თანხას, არამედ მხოლოდ ამ სპექტაკლის დადგმისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას 6000 აშშ დოლარის ოდენობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის დადგომაში უნდა ვიგულისხმოთ ის დანახარჯები, რაც გაიღო უფლებადარღვეულმა პირმა და რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

......... ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ............. დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.