საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.06.2017
საქმის ნომერი
2კ-143აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №143აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი თ., 143აპ-17 27 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენით თ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით თ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. გ-ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 10 მარტიდან იმავე წლის 2 ივნისამდე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის 2016 წლის 2 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2016 წლის 2 ივნისიდან იმავე წლის 23 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 23 აგვისტოდან.

განაჩენით თ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 8 მარტს თ. გ-ი სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ ….., ….. ქუჩის №…..-ში მდებარე რ. ბ-ს სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 100 ლარად.

2016 წლის 8 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ. გ-ი, რ. ბ-თან ერთად, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში მარტო ღამის გასათევად. ამ დროს რ. ბ-მ სცადა, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. თ. გ-მ გაუწია მას წინააღმდეგობა და ამის საშუალება არ მისცა. თ. გ-მ განიზრახა, რომ შურისძიების მოტივით, განზრახ მოეკლა რ. ბ-ი და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მას სასმელში ჩაუყარა წამალი, რის შედეგადაც რ. ბ-ს დაეძინა. თ. გ-მ, ცეცხლის გაჩენისა და რ. ბ-ს დაწვის განზრახვით, ოთახში არსებულ ელექტროგამათბობელზე დადო ბალიში და სკამი, რის შემდეგაც, განზრახვის ბოლომდე მიყვანისა და რ. ბ-ს მოკვლის მიზნით, ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა ორი ლიტრი ბენზინის საწვავი, დაბრუნდა რ. ბ-ს ბინაში და შეასხა იგი, ბენზინი მაშინვე აალდა, თვითონ კი ტაქსით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. თ. გ-ს მიერ ჩადენილი განზრახი ქმედების შედეგად რ. ბ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ვლადიმერ ნარინდოშვილმა და მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ.

პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თ. გ-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სასჯელის ზომის გამკაცრებას, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატი - სსკ-ის 108-ე მუხლით დადგენილი სასჯელის ზომის შემსუბუქებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქმეში არსებული, მხარეების მიერ პრეიუდიციულად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმის და ბრალდებულის სახით დაკითხული თ. გ-ს ჩვენებების, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ც. ბ-ს ჩვენებების, მოწმეების - ბ. გ-ს, გ. ა-ს, შ. გ-ს, თ. მ-ს, ი. მ-ს, გ. კ-ს, ზ. ა-ს გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დამატებითი დათვალიერების ოქმების, რ. ბ-ს გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, თ. გ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ნავთობპროდუქტების, ბიოლოგიურ-გენეტიკური, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური, სახანძრო-ტექნიკური, ქიმიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნების, საქართველოს ეროვნული ბანკის მომართვისა და რ. ბ-ს საბანკო ამონაწერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმების, თ. გ-სგან ნივთების ამოღების ოქმის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, თ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განაჩენისა და სხვა მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომის გამკაცრების, ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდების ამ ეპიზოდში დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქების შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ როგორც გამოძიებაში ბრალდებულად დაკითხვის დროს, ისე წინასასამართლო სხდომაზე, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს და სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრების განხილვისას მსჯავრდებულმა თ. გ-მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები. გარდა აღნიშნულისა, პროკურორის სააპელაციო საჩივრის პასუხად, რომ მსჯავრდებულმა არ აუნაზღაურა დაზარალებულს ზიანი, სააპელაციო პალატამ განაცხადა, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები); სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ თ. გ-ს წარსულშიც აქვს ჩადენილი რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება; რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ განაჩენთა ერთობლიობით მოხდა სასჯელის სრული შთანთქმა მაშინ, როდესაც მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად საჭირო იყო სასჯელთა შეკრება, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, რაც ცალსახად და უპირობოდ ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის შეფარდებისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

მსჯავრდებულ თ. გ-თვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან როგორც თ. გ-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით ირკვევა (უდავო მტკიცებულება), ჩადენილი დანაშაულების შემდეგ ქუჩაში დამალული თ. გ-ი თვითონ, ნებაყოფლობით მივიდა პოლიციელებთან, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ეძებდნენ დამნაშავე პირს და განუცხადა, რომ სწორედ იგი იყო ის, ვისაც პოლიცია ეძებდა ჩადენილი დანაშაულისათვის. აღნიშნული კვალიფიკაციით სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა თ. გ-მ ქმედება (რ. ბ-ს განზრახ მკვლელობა) ჩაიდენა დაზარალებულის პროვოკაციული საქციელის შემდეგ. მხედველობაშია განაჩენით დადგენილი ის ფაქტი (რასაც მხარეები არ ხდიან სადავოდ), რომ რ. ბ-ი შეეცადა მასთან სახლში სტუმრად მყოფ თ. გ-თან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაზეც მან გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა ამის საშუალება.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ საქმეში არსებული გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად მსჯავრდებულ თ. გ-თვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის ზომის შემცირებას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მიერ პრეიუდიციულად მიღებული, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, თ. გ-ს მიერ რ.ბ-ს განზრახ მკვლელობის მოტივსა და მიზანზე, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგზე, კერძოდ იმ გარემოებებზე, რომ, მართალია, ნასვამი რ. ბ-ი შეეცადა მასთან სახლში ღამის გასათევად დარჩენილ, ასევე ნასვამ თ. გ-თან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა იმავდროულად, თ. გ-მ შეძლო რ. ბ-ს დაწყნარება და მოახერხა მისთვის სასმელში დასაძინებელი აბების ჩაყრა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გათიშული რ. ბ-სგან უკვე არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თ. გ-მ შურისძიების მოტივით განიზრახა უგონო მდგომარეობაში მყოფი რ. ბ-ს მოკვლა, კერძოდ, დაწვა თავისსავე ბინაში. ამ მიზნით, ხანძრის გასაჩენად, თ. გ-მ ოთახში ჩართულ ელექტროგამათბობელზე დადო ბალიში და ხის სკამი, თვითონ კი გამოვიდა ბინიდან, თუმცა გარკვეული ლოდინის შემდეგ, ვინაიდან ცეცხლი ვერ აალდა, თ. გ-მ ტაქსით ბენზინგასამართი სადგურიდან მოიტანა ბოთლით ბენზინი, რომელიც შეასხა რ. ბ-ს ბინაში ხანძრის გასაჩენად და მის დასაწვავად. აღნიშნულის გამო, უგონო მდგომარეობაში მყოფი რ. ბ-ი გარდაიცვალა ასფიქსიით, მხუთავი აირით მწვავე მოწამვლის შედეგად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედებები ხაზს უსვამს მის მტკიცე და ურყევ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოეკლა რ. ბ-ი. პალატის აზრით, მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედებით ნათლად იკვეთება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, თ. გ-ს მხრიდან მართლწესრიგის ნორმების განსაკუთრებული უპატივცემულობა და უგულებელყოფა, მისი ნების სიმტკიცე, გამორჩეული ცინიზმი და სიძულვილი მსხვერპლის მიმართ. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ს ქმედებაში გამოკვეთილია განზრახ მკვლელობა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს - დაზარალებულის სიკვდილს, სურდა ამ შედეგის დადგომა და ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (დაზარალებულის სიკვდილს).

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ წერეთელმა.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ზურაბ წერეთელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ თ. გ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ თ. გ-თვის შეფარდებული სასჯელის ზომას.

9. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. გ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ თ. გ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მან სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, საგამოძებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან; თ. გ-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმის თანახმად (უდავო მტკიცებულება), ჩადენილი დანაშაულების შემდეგ ქუჩაში დამალული თ. გ-ი თვითონ, ნებაყოფლობით მივიდა პოლიციელებთან, რომლებიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ეძებდნენ დამნაშავე პირს და განუცხადა, რომ სწორედ იგი იყო ის პირი, ვისაც პოლიცია ეძებდა ჩადენილი დანაშაულისათვის; თ. გ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედება (რ. ბ-ს განზრახ მკვლელობა) ჩადენილია დაზარალებულის პროვოკაციული საქციელის შემდეგ - მხედველობაშია განაჩენით დადგენილი ის ფაქტი (რასაც მხარეები არ ხდიან სადავოდ), რომ რ. ბ-ი შეეცადა მასთან სახლში სტუმრად მყოფ თ. გ-თან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რაზეც ამ უკანასკნელმა გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა ამის საშუალება), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. #398აპ-12).

11. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დამამძიმებელ გარემოებად პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული და მოითხოვს მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას. პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები).

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, პროკურორისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი