საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №161აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ა ე., 161აპ-17 27 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ქ-ს ბრალი დაედო შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილები); ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა (381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
ე. ქ-თვის ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 17 მარტს, დაახლოებით 15:50 საათზე, ....., ..... ქუჩაზე, „როვერის“ მარკის, ..... სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილით მოძრავმა, მთვრალმა ე. ქ-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილება, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15, 34.3 (გ) მუხლების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლზე და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ფიატის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა ვ. ყ-ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით ვ. ყ-ს მგზავრი ზ. ქ-ა გარდაიცვალა, ხოლო ე. ქ-ს მგზავრმა ბ. ა-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ე. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას სხვა უფლებებთან ერთად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, ე. ქ-ა 2016 წლის 17 მარტს ....., ….. ქუჩაზე, მთვრალი მართავდა „როვერის“ მარკის, ..... სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანას, რომლითაც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ე. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 276-ე მუხლის მე-5 ნაწილზე.
ე. ქ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და ე. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ე. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 27 ივლისიდან.
გაუქმდა ე. ქ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლიკა ბულიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ე. ქ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-6 ნაწილებითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით: ე. ქ-ს სიმთვრალის ფაქტი დადასტურებულია ექიმ ბ. შ-ს ჩვენებით, მის მიერ გაცემული დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ასევე თვითონ ე. ქ-ს ჩვენებითაც, რომელმაც დაადასტურა ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილი ფაქტების სინამდვილე ოპერაციიდან დაწყებული, წამლების მიღებით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზსა და მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოსაზრება, რომ ე. ქ-ს მიერ დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმ-ტრავმატოლოგ ბ. შ-ს ჩვენებით, მის მიერვე გაცემული სამედიცინო ცნობითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რადგან ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი სს სამედიცინო კორპორაცია „…..” ….. რეფერალური ჰოსპიტლის ექიმ-ტრავმატოლოგ ბ. შ-ს მიერ 2016 წლის 21 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №….. ცნობის (ფორმა .....) თანახმად, ე. ქ-ს დაუდგინდა: მარჯვენა კვირისტავის ღია დამსხვრეული მოტეხილობა დაცილებით; დაჟეჟილი ჭრილობები მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში და ალკოჰოლური სიმთვრალე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბ. შ-მ აჩვენა, რომ 2016 წლის 17 მარტს სამედიცინო კორპორაცია „…..“ ….. რეფერალურ ჰოსპიტალში შევიდა პაციენტი ე. ქ-ა კვირისტავის დამსხვრეული მოტეხილობით. მას პირის ღრუდან აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუნი, ამასთან, სამედიცინო მანიპულაციების დროს არ იცავდა ექიმის მითითებას და მოძრაობდა, ამიტომ სამედიცინო ისტორიაში გააკეთა ჩანაწერი ალკოჰოლურ სიმთვრალეზე. ბ. შ-ს განმარტებით, მათ კლინიკაში სიმთვრალის დასადგენად პირის გამოკვლევა არ ხდება და არც მის კომპეტენციაში შედის ტოქსიკოლოგის ფუნქციის შესრულება.
ე. ქ-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნა კი გაცემულია ზემოაღნიშნული №…..ცნობის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების (სს „სამედიცინო კორპორაცია …..”, ….. რეფერალური ჰოსპიტლის ცნობა №…..ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ე. ქ-მ მითითებულ საავადმყოფოს მიმართა - 17.03.16 წელს, სადაც დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა კვირისტავის ღია დამსხვრეული მოტეხილობა დაცილებით; დაჟეჟილი ჭრილობები მარჯვენა მუხლის სახსრის მიდამოში; ალკოჰოლური სიმთვრალე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი ე. ქ-ს მიერ დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენის დასადასტურებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად მსჯავრდებულმა კატეგორიულად უარყო შემთხვევის მომენტში თავისი სიმთვრალე. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ე. ქ-ს ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად არც ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილსა და არც გამოძიების ეტაპზე არ ჩასტარებია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რის გარეშეც სიმთვრალის ფაქტის დადგენა და მისი ხარისხის განსაზღვრა შეუძლებელია, ხოლო სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ე. ქ-ა მთვრალი მართავდა ავტომობილს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ლიკა ბულიამ. კასატორი ითხოვს განაჩენის შეცვლას კვალიფიკაციის ნაწილში და ე. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-6 ნაწილებითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, იმავე საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც ასევე არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად.
11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე. ქ-ს სიმთვრალის ფაქტს. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები - №410აპ-16, №453აპ-15). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც კასატორი - სახელმწიფო ბრალმდებელი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
12. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე მიღებულ გამამართლებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
13. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი