შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№694აპ-16 18 მაისი, 2017 წელი
ტ. ლ-ი, 694აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ტ-ას საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განაჩენით ლ. ტ. (მონაწილეობის გარეშე), – დაბადებული -ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ. გ-ას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის N- ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოწმე ლ. ტ-ამ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, კერძოდ, არ გამოცხადდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ასევე - თურქეთში, სტამბულში მდებარე საქართველოს საკონსულოში, დისტანციური დაკითხვის მიზნით.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ლ. ტ-ას მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, კერძოდ, იგი დააკავეს 2016 წლის 11 მაისს.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ტ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-ამ.
4. მსჯავრდებულმა ლ. ტ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განაჩენის გაუქმება და ლ. ტ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. შემდგომ, სააპელაციო პალატის წინაშე მათ დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლა მოითხოვეს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ლ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ტ-ას, პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით (11.05.2016წ. – 22.09.2016წ.), შეუმსუბუქდა შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი. ლ. ტ. განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. კასატორის – მსჯავრდებულ ლ. ტ-ას მითითებით, 2016 წლის 1 მაისს ნებაყოფლობით ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჰბარდა სამართალდამცველებს. სააპელაციო სასამართლოში გულწრფელად აღიარა დანაშაული, დააზუსტა საჩივრის პირობა და ითხოვა სასჯელის - ჯარიმის მინიმალური ოდენობით შეცვლა. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, დააკმაყოფილა საჩივარი, მაგრამ სრულად არ გაითვალისწინა მისი ყოფაქცევა, დანაშაულის აღიარება, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ნებაყოფლობით აღსრულება, დანაშაულის ჩადენის მიზეზები, მისი ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა. ლ. ტ. თურქეთში სამსახურის შოვნის მიზნით დადის, მისი ერთადერთი ქვრივი ქალიშვილი და შვილიშვილი კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ პირობებში მისთვის დანიშნული ჯარიმა პატიმრობის ტოლფასია.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის - 1000 ლარის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ლ. ტ-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. ტ-ას (მოწმის) მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას.
3. რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ლ. ტ-ას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის, მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში. მართალია, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, რაც დასახელებული მუხლით დაცული სიკეთის ღირებულებასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის ფარგლებს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ აღნიშნულის პარალელურად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას, ოჯახურ, მატერიალურ პირობებს, დანაშაულის აღიარების ფაქტსა და მისი პატიმრობაში გატარებული დროის ხანგრძლივობას, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ლ. ტ. არ არის ნასამართლევი, ჰყავს ხანდაზმული დედა, ქალიშვილი და შვილიშვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ იგი საქართველოში ნებაყოფლობით ჩამოვიდა, აღიარა და მოინანია დანაშაული. ამასთან, ლ. ტ. 2016 წლის 11 მაისიდან - 2016 წლის 22 სექტემბრამდე პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა.
4. ამდენად, დანაშაულის სიმძიმის (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დამნაშავის წარსული ცხოვრების (ნასამართლობის არმქონე), მძიმე მატერიალური მდგომარეობისა და პატიმრობაში გატარებული დროის მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ტ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ შეფარდებული სასჯელის ოდენობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ტ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ლ. ტ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 500 ლარი;
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, ლ. ტ-ას, პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით (11.05.2016წ. – 22.09.2016წ.), შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 ლარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე