დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2017
საქმის ნომერი
30აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №30აგ-17 თბილისი

ნ-ი გ, 30აგ-17 10 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ნ-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. 2017 წლის 18 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. ნ-ა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძველზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ნ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. ნ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის) ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ნ-ა, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელისგან (150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) გათავისუფლება და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შემდეგი სასჯელის განსაზღვრა: 1 წლით პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

4. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით გ. ნ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით მას აღნიშნული სასჯელი მართებულად შეუცვალა სხვა, ალტერნატიული ძირითადი სასჯელით - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

6. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლოს უნდა შეეცვალა ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სხვა, ალტერნატიული სასჯელით, კერძოდ, ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გ. ნ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის დადგენილი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - კანონიერად შეუცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, რაც თანხვდენილია სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებასთან, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით არ მომხდარა მის მიერ ჩადენილი ქმედების დეკრიმინალიზაცია. შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისია), ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს ან შეცვალოს იგი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელისგან - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისგან - მისი გათავისუფლების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინების საფუძველზე.

8. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ნ-ს მოსაზრებას მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლით სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნის დარღვევის შესახებ, კერძოდ, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია, - საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ნ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, სასამართლო, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო, დადგენილი სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი