დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №6აგ-17 5 ივნისი, 2017 წელი
ნ-ე ლ, 6აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით დამტკიცდა განსასჯელ ლ. ნ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ ლევან ნუცუბიძეს შორის 2007 წლის 6 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.
განსასჯელი ლ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ , ,,დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ლ. ნ-ეს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 8 იანვრიდან იმავე წლის 7 მარტამდე. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებული ლ. ნ-ე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ნ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
4. 2016 წლის 16 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ლ. ნ-ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. 2015 წლის 30 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დ. რ-ემ შეადგინა ექსპერტიზის დასკვნა №.., რომლითაც დგინდება მისი უდანაშაულობა და აღნიშნული დასკვნა, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ახალ მტკიცებულებას, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გადაისინჯოს მის მიმართ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენი და დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ნ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - მსჯავრდებული ლ. ნ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით, დამატებით კასატორი აღნიშნავს, რომ იგი აიძულეს საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, რის გამოც ეს შეთანხმება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის განაჩენით სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის LXIV1 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ლ. ნ-ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა დანაშაულით მიყენებული ზიანი. გამამტყუნებელ განაჩენს, გარდა მისი აღიარებისა, საფუძვლად დაედო კომპლექსური საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის 2006 წლის 19 ოქტომბრისა და დამატებითი ექსპერტიზის 2006 წლის 11 დეკემბრისა და 2007 წლის 8 თებერვლის დასკვნები. შესაბამისად, ლ. ნ-ის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ ამტკიცებს მის უდანაშაულობას. ამასთან, კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ, ობიექტური მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მისი წარმოდგენა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
4. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მითითებას, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მისი იძულებით, ვინაიდან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
5. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე