დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.07.2017
საქმის ნომერი
14აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №14აგ-17 12 ივლისი, 2017 წელი

ს-ი შ, 14აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ს-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის განაჩენით შ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. შ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 52–ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ქონების ჩამორთმევა და ნივთმტკიცებად ცნობილი თანხა - 27 ლარი, 400 აშშ დოლარი და შ. ს-ის კუთვნილი ავტომანქანა „ოპელ ვექტრა“, სახ. №..., ჩამოერთვა უსასყიდლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ. შ. ს-ს დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 28 ოქტომბრიდან. მასვე, როგორც ნარკომანიით დაავადებულს, დაენიშნა იძულებით მკურნალობა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება მსჯავრდებულ შ. ს-ისათვის სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობის დანიშვნის შესახებ. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით შ. ს-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ შ. ს-ს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. 2016 წლის 2 დეკემბერს მსჯავრდებულმა შ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს შ. ს-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორები აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ შ. ს-ს დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ვინაიდან დაკავების დროს შ. ს-ი და ფ. თ-ი იყვნენ ერთად, მას (ფ. თ-ს) აღიარებინეს დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობად ჩაუთვალეს შ. ს-ის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება. ამ ეტაპზე ფ. თ-ი აღიარებს, რომ მისი ჩვენება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის შედეგი იყო, რაც დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. კასატორი - მსჯავრდებული შ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შ. ს-ი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც მიუთითებდა მისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადების შესახებ, რაც არ იქნა გაზიარებული. ამავე საკითხზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი კი მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.

4. რაც შეეხება შუამდგომლობაზე დართულ ფ. თ-ის განცხადებას, რომ მან სამართალდამცველების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მისცა ცრუ ჩვენება შ. ს-ის წინააღმდეგ, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, ამ მოტივით გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ შ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ შ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე