საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№189აპ-17 ქ. თბილისი
ლ-ა ბ, 189აპ-17 21 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით ბ. ლ-ას ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ბ. ლ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა შინაპატიმრობა 6 თვით; მსჯავრდებულ ბ. ლ-ას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 06:00 საათამდე; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ლ-ას დაეკისრა ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამაში - „ბრაზის მართვა.“ ბ. ლ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 11 ივნისის ჩათვლით. ბ. ლ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა დაუბრუნდა მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: ბ. ლ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ბ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი; მსჯავრდებულ ბ. ლ-ას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 06:00 საათამდე; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ბ. ლ-ას დაეკისრა ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამაში - „ბრაზის მართვა.“
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია ბ. ლ-ას მიერ სხვა პირთან ერთად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რ. ჩ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის - ”Samsung Galaxy J5-ის“ დაუფლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. ლ-ას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან დაზარალებულმა რ. ჩ-მა განმარტა, რომ მობილური ტელეფონის გატაცების შედეგად მას 500 ლარის ზიანი მიადგა. ამასთან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის ვალდებულება კანონმდებლობიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს. ბ. ლ-ას თანამზრახველის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნეს დამნაშავედ. რაც შეეხება სასჯელს, ბ. ლ-ას მიმართ წარსულში არ ყოფილა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, მაგრამ შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ბ. ლ-ამ წარდგენილი ბრალდება არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარა. გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, მსჯავრდებულს თვითკონტროლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას მნიშვნელოვანი ზიანის დამადასტურებელ მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №644აპ-08, №1795აპ-07). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე ბ. ლ-ას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახული დასკვნები და რეკომენდაციები. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებს, კერძოდ: ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლს, მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის N10 ზოგადი კომენტარის მე-10 პუნქტსა და ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს N14 ზოგადი კომენტარის 28-ე პუნქტს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე