საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№215აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ი ა, 215აპ-17 25 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ქ-ს, ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. მასვე, ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებაში.
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 29 აპრილს თ-ის რაიონის სოფელ ვ-ში ა. ქ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა. ბ-ის კუთვნილ, 600 ლარად ღირებულ ხბოს. აღნიშნული ქმედებით ა. ბ-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 30 აპრილს ა. ქ-ი თ-ის რაიონის სოფელ ვ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გადაჭრილ თოფს, რომელიც ადრე წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების 16 კალიბრიან „3К“ მოდელის ერთეულიან თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული, არის ცეცხლსასროლი იარაღი და ვარგისია სროლისათვის.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ა. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ა. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 30 აპრილიდან.
3.აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება:
ა. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა. ქ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 30 აპრილიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ქ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 29 აპრილს თელავის რაიონის სოფელ ვანთაში ა. ქ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა. ბ-ის კუთვნილ, 600 ლარად ღირებულ ხბოს. აღნიშნული ქმედებით ავთანდილ ბაღათრიშვილს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 30 აპრილს ა. ქ-ი თ-ის რაიონის სოფელ ვ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა გადაჭრილ თოფს, რომელიც ადრე წარმოადგენდა ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების 16 კალიბრიან „3К“ მოდელის ერთეულიან თოფს, რომელსაც ლულა და კონდახი კუსტარულად აქვს დამოკლებული, არის ცეცხლსასროლი იარაღი და ვარგისია სროლისათვის.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ქ-მა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლოს დასკვნა, რომ იგი ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, დაუსაბუთებელია. მას იარაღი თან არ ჰქონია და იგი ჩაუდეს პოლიციელებმა, ვინაიდან მანამდეც ემუქრებოდნენ დაჭერით. პოლიციის განყოფილებაში კი უთხრეს, რომ თუ ძროხის ქურდობას არ აღიარებდა, ,,იარაღი მისი გახდებოდა“. სინამდვილეში კი არც ძროხის ქურდობა ჩაუდენია და არც ცეცხლსასროლი იარაღი უტარებია.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაზარალებულ ავთანდილ ბაღათრიშვილის, მოწმეების - ი. მ-ის, გ. გ-ის, ბ. ე-ის, დ. ა-ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ა. ქ-ის ბრალეულობა.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ხოლო რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გამხდარიყო, კასატორი ვერ უთითებს.
9. პალატა ვერ გაიზიარებს ა. ქ-ის მოსაზრებას თავისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე