დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.10.2017
საქმის ნომერი
2კ-27-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

27I-17 ქ. თბილისი

ს-ო მ, 27I-17 26 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ _ ნ.ა ა-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ მ. ს-ოს

თარჯიმან _ ნ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ს-ოს მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

კრასნოდარის ოლქის ქ. ნოვოროსიისკის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების მიზნით, მ. ს-ო ჩაერთო გ. გ-ის, ა. კ-ისა და ა. ლ-ოს მონაწილეობით, წინასწარი შეთანხმებით შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში. დანაშაულებრივ ჯგუფში მ. ს-ოს ევალებოდა ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი გასაღების მიზნით, მათი გ. გ-ისგან მიღება, სათანადო შეფუთვაში დაფასოება, მათი სამალავში განთავსება და საკომუნიკაციო ქსელ „Viber-ის“ გამოყენებით გამოძიებით დაუდგენელი თანამონაწილის ინფორმირება ნარკოტიკული საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, საკომუნიკაციო ქსელ ,,Skype-ის“ გამოყენებით კლიენტებზე უშუალოდ ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. გარდა ამისა, მ. ს-ო საკომუნიკაციო ქსელ „Viber“-ის გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების ნაწილს გადასცემდა ა. კ-სა და ა. ლ-ოს, რომლებიც, თავის მხრივ, უკანონო გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებებს სამალავში ათავსებდნენ.

ზემოხსენებული პირების მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, 2013 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 4 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში მ. ს-ომ ფულადი თანხის (საერთო ჯამში - 10 000 რუბლის) სანაცვლოდ, გ. გ-თან, ა. კ-სა და ა. ლ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ნარკოტიკული საშუალებების ქ. ნოვოროსიისკში მდებარე სხვადასხვა მისამართზე არსებულ სამალავებში განთავსების გზით, განახორციელა ს. კ-ზე მათი გასაღების მცდელობა. ს კ-ი ,,მყიდველის“ როლში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ეკონტაქტებოდა კრასნოდარის ოლქის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში. ხსენებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საკონტროლო შესყიდვების ფარგლებში, საერთო ჯამში უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს: (1) 1,36 გრ. N-(ადამანტანი-1-ილ)-1-პენტილ-1H-ინდოლ-3-კარბოქსამიდი; (2) 0,795 გრ. (ჰინოლინ-8-ილ)-1-პენტილ-1H-ინდოლ-3-კარბოქსამიდი და (3) 13,375 გრ. N-(-1-კარბამოილ-2-მეთილპროპილ)-1-(ფენილმეტილ)-1H ინდაზოლი-3-კარბოქსამიდი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რამდენადაც ეს ნარკოტიკული საშუალებები უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში.

2. 2014 წლის 4 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ქ. ნოვოროსიისკის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გამოიტანა დადგენილება მ. ს-ს ძებნის შესახებ.

3. 2015 წლის 1 აპრილს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ქ. ნოვოროსიისკის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამსახურმა გამოიტანა დადგენილება მ. ს-ოს მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.

4. 2015 წლის 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის ქ. ნოვოროსიისკის ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის რეგიონალურმა სამმართველომ გამოიტანა დადგენილება მ. ს-ოს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მ. ს-ოს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის - ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ვადით.

5. 2015 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის ქ. ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს განჩინებით მ. ს-ოს მიმართ 2014 წლის 4 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიცვალა პატიმრობით.

6. 2016 წლის 23 თებერვალს მ. ს-ოს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

7. 2017 წლის 20 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს-ო.

8. 2017 წლის 21 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ს-ოს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

9. 2017 წლის 30 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ს-ოს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2017 წლის 28 მარტის განჩინების შეცვლის თაობაზე.

10. 2017 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო მ. ს-ოს ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

11. 2017 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ს-ოს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 20 სექტემბრამდე.

12. 2017 წლის 28 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ს-ოს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი 2017 წლის 16 ივნისის განჩინების შეცვლის თაობაზე.

13. 2017 წლის 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. ს-ოს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით, 9 თვემდე - 2017 წლის 20 დეკემბრამდე.

14. 2017 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, სასამართლოს დასაშვებად ეცნო მ. ს-ოს ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2015 წლის 17 აპრილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის - ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ოს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2015 წლის 17 აპრილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის - ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ოს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქართველოს კანონმდებლობით დასჯადად არ ითვლება ის ქმედება, რაც ბრალად ედება მ. ს-ოს, ანუ სავარაუდო ქმედების ჩადენის დროს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამგვარი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება დასჯადია 2014 წლის 1-ლი მაისიდან). დაცვის მხარის მოსაზრებით, მართალია, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას მ. ს-ოს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება დასჯადია საქართველოს კანონმდებლობითაც, მაგრამ სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება, რადგან მ. ს-ო საქართველოს კანონმდებლობით ვერ დაისჯება, ვინაიდან დაუშვებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამაფუძნებელი კანონის უკუძალით გამოყენება. შესაბამისად, მისი ქმედების დასჯადად შეფასება დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ პრინციპს, რომ არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად. ამდენად, მ. ს-ოს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედება, რაც ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის კონვენციისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.

17. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ნ. ა-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

18. პროკურორი დემეტრე ჯინჯოლია არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ დაცვის მხარის არგუმენტები არარელევანტურია ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ექსტრადიციასთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს-ო საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 20 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მ. ს-ოს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ძირითადად აპელირებს იმ საკითხზე, რომ არ არის დაცული ორმაგი დასჯადობის პრინციპი, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და სრულად იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს დაცვის მხარის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მ. ს-ოს ბრალი დაედო, ისჯება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის - ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ვადით.

5.2. მ. ს-ოსთვის ბრალად წარდგენილი ქმედება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ამასთან, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილი - 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

5.3. ამრიგად, ქმედება, რომლის სავარაუდო ჩადენასაც ედავებიან მ. ს-ოს, დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, დაცულია ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ორმაგი დასჯადობის წესი.

6. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოსაზრება, რომ ვინაიდან მ. ს-ოსთვის ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყო დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის დროს, ს-ოს ქმედების დასჯადად მიჩნევა დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტისა (არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით (არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად) გარანტირებულ უფლებას, ვინაიდან დასახელებული ნორმები არარელევანტურია პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, კერძოდ:

6.1. საქმეზე ,,საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ. მ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (2009 წლის 13 მასის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი, კონსტიტუციის ამ პუნქტის (42-ე მუხლის მე-5 პუნქტი) შინაარსიდან გამომდინარე, გულისხმობს იურიდიული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონისათვის უკუძალის აკრძალვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი მაშინ არის კონსტიტუციის შეუსაბამო, თუ მას მინიჭებული აქვს უკუქცევითი ძალა და ამავე დროს ის აწესებს ან ამკაცრებს პირის პასუხისმგებლობას.

6.2. საქმეზე ,,სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2015 წლის 4 მარტის № 1/2/552 გადაწყვეტილება) საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადება შეიცავს ნებისმიერი სახის საკანონმდებლო ნორმის უკუძალით გამოყენების ზოგად და აბსოლუტურ აკრძალვას.

6.3. საქმეზე X v. Netherlands (იქსი ნიდერლანდების წინააღმდეგ, №7512/76) ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ განმარტა, რომ ექსტრადიციის პროცესის მიზანი არ არის პირის დამნაშავედ ცნობა და ამდენად, სისხლის სამართლის კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი მასზე არ ვრცელდება.

6.4. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ევროპული კონვენციების ფუნქციონირების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (PC-OC) განმარტებას, კერძოდ: აღნიშნული კომიტეტი ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის გამოყენების პრაქტიკის შესწავლის შედეგად შეთანხმდა, რომ კონვენციის ერთგვაროვანი გამოყენებისათვის მონაწილე სახელმწიფოებმა ექსტრადიციის განმხილველი სახელმწიფოს სამართლით ქმედების დასჯადობის განსაზღვრისას გამოიყენონ სისხლის სამართლის ის კანონი, რომელიც მოქმედებს და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იყო ძალაში და არა ის კანონები, რომლებიც ქმედების ჩადენის დროს ან ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მიღების მომენტში იყო ძალაში (განმარტება ორმაგი დასჯადობის შესახებ იხ. https://rm.coe.int/1680075084 ).

6.5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტითა და, შესაბამისად, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტით ქმედების დასჯადობის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არსებული კანონმდებლობა, რაც არ არღვევს პასუხისმგებლობის დამაფუძნებელი კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის პრინციპს, ვინაიდან ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზანი არ არის პირის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის შეფარდება.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ოს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, 2015 წლის 17 აპრილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 228.1 მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელის - ინტერნეტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე