საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№234აპ-17 ქ. თბილისი
მ. ბ-რ, 234აპ-17 16 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იმედა ფხაკაძის, მსჯავრდებულ მ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის, ასევე მსჯავრდებულ ბ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის განაჩენით ვ. ჩ.,- - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
იმავე განაჩენით ბ. მ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 12 სექტემბრიდან.
ბ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
იმავე განაჩენით მ. გ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, მე–3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 12 სექტემბრიდან.
მ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
იმავე განაჩენით მ. გ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“, და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით; სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთნათქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით „ამნისტიის კანონის“ საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 12 სექტემბრიდან.
მ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების - ბ. მ-ს, მ. გ-სა და მ. გ-ის ქმედებები საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), ხოლო სასჯელის სახით განესაზღვრათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში - მათ შორის მსჯავრდებულებისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში - დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. მ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, არაერთგზის. მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; მ. გ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; მ. გ-ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. მანვე ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ბ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12.00 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ის ქუჩის №-–ში მდებარე №- ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, 2009 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი ბ. მ., მ. გ-სა და მ. გ-თან წინასწარი შეთანხმებით, თავს დაესხა ლ. ჩ-სა და რ. ლ-ს, რის შედეგადაც იგი დაეუფლა ლ. ჩ-ის კუთვნილ ძვირფასეულობასა და 100 000 ლარს, 30 000 ამერიკულ დოლარსა და 30 000 ევროს.
2014 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 00.20 საათზე, თ-ში, წ-ის გზატკეცილზე, ბ-ის -ის მე- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. მ. უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით - 0,0217 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ ნივთიერებას.
მ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12.00 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ის ქუჩის №-–ში მდებარე №- ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით მ. გ., მ. გ-სა და ბ. მ-თან წინასწარი შეთანხმებით, თავს დაესხა ლ. ჩ-სა და რ. ლ-ს, რის შედეგადაც იგი დაეუფლა ლ. ბ-ის კუთვნილ ძვირფასეულობასა და 100 000 ლარს, 30 000 ამერიკულ დოლარსა და 30 000 ევროს.
2014 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 04.40 საათზე, თ-ში, ჯ-ის ქუჩისა და ი-ის ქუჩის კვეთაზე, მ. გ. უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით – 0, 0156 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ ნივთიერებას.
მ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12.00 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ის ქუჩის №-ში მდებარე №- ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, 2006 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და 2011 წლის 21 იანვარს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ. გ., ბ. მ-სა და მ. გ-თან წინასწარი შეთანხმებით, თავს დაესხა ლ. ჩ-სა და რ. ლ-ს, რის შედეგადაც იგი დაეუფლა ლ. ჩ-ის კუთვნილ ძვირფასეულობასა და 100 000 ლარს, 30 000 ამერიკულ დოლარსა და 30 000 ევროს.
2014 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 01.15 საათზე, ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩის №- მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. გ. უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეძენილ დიდ ოდენობით – 0, 01542 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ ნივთიერებას.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჩ-ს ბრალი ედებოდა ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12.00 საათზე, ქ. თ-ში, ი. ა-ის ქუჩის №-–ში მდებარე №- ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნითა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით მ. გ., მ. გ. და ბ. მ., ვ. ჩ-თან წინასწარი შეთნახმებით, თავს დაესხნენ ლ. ჩ-სა და რ. ლ-ს, რის შედეგადაც ისინი დაეუფლნენ ლ. ჩ-ის კუთვნილ ძვირფასეულობასა და 100 000 ლარს, 30 000 ამერიკულ დოლარსა და 30 000 ევროს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
ბრალდების მხარე ითხოვს ვ. ჩ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ვ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულ მ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა მ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალეულობა ვერ დადასტურდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდებულის მეუღლის ჩვენება და ასევე, ამოცნობის ოქმი, ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები კანონის არსებითი დარღვევით ჩატარდა. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, იგი ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა.
მსჯავრდებული ბ. მ. ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. ალტერნატივის სახით კასატორი ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას ყაჩაღობიდან ძარცვაზე. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, იგი ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
10. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვ. ჩ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა. დაზარალებულისა და მისი მეუღლის ვარაუდი, დანაშაულში ჩარქესლიანის მონაწილეობის შესახებ, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ შეიძლება პირის მსჯავრდება ვარაუდს ეფუძნებოდეს. პოლიციელების ჩვენებები, რომ მათ წინასწარ გამოძიებაში ბრალდებულებისგან - მათ შორის თავად ვ. ჩ-გან - მიიღეს ინფორმაცია მისი დანაშაულში მონაწილეობის შესახებ, ასევე ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი, ვინაიდან წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს.
11. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის მოტივებზეც, (რომლებზეც დაცვა აპელირებს საკასაციო საჩივრებშიც), რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე არ მიუთითებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ იმედა ფხაკაძის, მსჯავრდებულ მ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის, ასევე მსჯავრდებულ ბ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე