საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.11.2017
საქმის ნომერი
2კ-373აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №373აპ-17 ქ. თბილისი

გ-ა ა, 373აპ-17 28 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. გ-ს ბრალი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებაში მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენით:

ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით.

ა. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 9 მარტიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 22 ნოემბერს ქ. თ-ი, სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ შესაბამის სამსახურში, ა. გ-მ მინდობილი პირის - მ. კ-ს მეშვეობით შეიტანა განცხადება თანდართული დოკუმენტებით, რათა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვითომდა, მიწის რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1500 კვ მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თ-ი, დ. ა-ს ხეივანი, მე-... კმ მის მიერ მინდობილი პირის - მ. კ-ს მეშვეობით სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ იქნა: 1998 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების უნომრო აქტი, 2011 წლის 29 ივნისით დათარიღებული მ-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის - თ. ა-ს ხელმოწერილი N... ყალბი წერილი და 2000 წლის 31 მაისით დათარიღებული გადასახადების აკრეფის N... ყალბი ქვითარი. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე 2011 წლის 7 დეკემბერს ა. გ-ს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს კუთვნილი 124388 ლარად ღირებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით.

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნდა გ. გ-ს გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლითაც დგინდება, რომ 1991-1998 წლებში მუშაობდა დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარედ და მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენდა მიწის რეფორმის საფუძველზე დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთების მოზომვა, კონკრეტული პირებისათვის განკუთვნილ მიწაზე შესაბამისი ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შევსება და ხელმოწერით დამოწმება. მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების ყველა აქტი იყო უშუალოდ მისი შედგენილი. მისი ხელმოწერის შემდეგ აქტი გადაეცემოდა დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორს - ჯ. ტ-ს, რომელიც აქტზე აფიქსირებდა ნომერს, რომელიც შეესაბამებოდა მეურნეობის სარეფორმო ფონდში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სიაში დაფიქსირებული კონკრეტული მოქალაქის გასწვრივ არსებულ ნომერს. ჯ. ტ-ი აქტზე აწერდა ხელს და უსვამდა ბეჭედს. ამის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტს ხელმოწერითა და ბეჭდით ამოწმებდა კადასტრის განყოფილების უფროსი გ. ხ-ი. მ-ს არქიტექტურული სამსახური აქტს იმ შემთხვევაში ამოწმებდა, თუ მიწის მიმღები შენობის აშენებას მოისურვებდა. მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ივსებოდა სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩებოდა მეურნეობაში, მეორე გადაეცემოდა კადასტრის განყოფილებას, მესამე კი – ნაკვეთის მიმღებს. მისივე ჩვენებით, 1998 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების უნომრო აქტი არის ყალბი, არ არის მის მიერ შევსებული, ასევე არ ეკუთვნის მისი სახელით შესრულებული ხელმოწერაც. ა. გ-ა არ იძებნება მეურნეობის მიწის რეფორმის სიაში, მიღება-ჩაბარების აქტს ასევე არ გააჩნია ნომერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ა. გ-ს დ-ს სასწავლო-საცდელ მეურნეობაში რეფორმის შედეგად არანაირი მიწის ნაკვეთი არ მიუღია. ამასთან, ა. გ-ს მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ე.წ. წყალსადენის დასახლების ტერიტორიაზე, ანუ დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის საზღვრებს გარეთ, სადაც მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება მათ არ ჰქონდათ და არც არასდროს გაუციათ.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გამოიკვლიეს გ. გ-ს ჩვენება, ვინაიდან 1-ლი ინსტანციის სასამართლოში 2016 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე (საქმის განხილვა დაიწყო 2016 წლის 10 მაისს და განაჩენი გამოტანილ იქნა 2016 წლის 22 აგვისტოს) პროკურორმა წარმოადგინა გ. გ-ს საზღვრის კვეთის ცნობა და მისი შვილის – გ. გ-ს სატელეფონო გასაუბრების ოქმი, რომლებიც გამოკვლეულ იქნა იმავე სხდომაზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ გ. გ-ე ჯანმრთელობის გაუარესების გამო საოპერაციოდ იმყოფებოდა თ-ს რესპუბლიკაში და მისი დისტანციური დაკითხვა ვერ მოხდებოდა, რასაც დაცვა ითხოვდა.

ჯ. ტ-ა, გ. გ-მ, ლ. ა-ა და გ. ხ-ა თავიანთ ჩვენებებში კატეგორიულად გამორიცხეს 1998 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების (უნომრო) აქტზე გრაფაში ,,მიწა ჩავაბარეთ:” მათი გვარის გასწვრივ არსებული ხელმოწერების მათ მიერ შესრულება. მათვე განმარტეს, რომ აქტის შედგენა, მასზე ხელმოწერა და ბეჭდების დასმა კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით არ ხდებოდა. ოთხივე მათგანმა ასევე გარკვევით მიუთითა, რომ ა. გ-ს მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ე.წ. წყალსადენის დასახლების ტერიტორიაზე, ანუ დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის საზღვრებს გარეთ, სადაც მიწის ნაკვეთის გაცემის უფლება მათ არ ჰქონდათ და არც არასდროს გაუციათ. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების რეალობა დასტურდება ექსპერტ ს. ო-ს ჩვენებითა და მის მიერ ჩატარებული კომპლექსური - გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმე (ექსპერტი) ქ. მ-ს ჩვენებითა და მის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა ექსპერტების ო-ა და მ-ს ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, კერძოდ, ექსპერტები მიუთითებენ ხელმოწერების დადგენის შეუძლებლობაზე და არა იმას, რომ ხელმოწერები შესრულებული არ არის იმ პირების მიერ, რომელთა ხელმოწერების სიყალბე უნდა დადგენილიყო და მიუთითა, რომ ს. ო-ა პროკურორის კითხვაზე, თუ რა მეთოდი გამოიყენა აღნიშნული დასკვნის გაცემისას, დეტალურად უპასუხა, რომ ხელნაწერებისა და მათ შორის – ხელმოწერის იდენტიფიკაცია მოხდა ხელწერის საიდენტიფიკაციო კერძო და საერთო ნიშნების შედარებით. მანამდე დათვალიერდა დოკუმენტი გამადიდებელი ხელსაწყოების სხვადასხვა სხივის წყაროს ქვეშ. მისივე განმარტებით, რომელი ხელმოწერებიც აღმოჩნდა ტექნიკურად გაყალბებული, მათი შედარებითი კვლევა, გრაფიკული ექსპერტიზის თვალსაზრისით აღარ ხდება. მანვე განმარტა, რომ მისი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ხელმოწერები და ბეჭდები არის ტექნიკური საშუალებით გაყალბებული, კატეგორიულია, გარდა გ. გ-ს ხელმოწერისა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება შესრულებული იყოს მის მიერ და შეიძლება – არა.

დაცვის მხარე აპელირებს 2016 წლის 26 ივლისის სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდების მხარე იკვლევდა წერილობით მტკიცებულებებს და დაცვა მიიჩნევს, რომ შეეზღუდა უფლება და შესაძლებლობა გამოეხატა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაში მიეღო მონაწილეობა და გამოეხატა თავისი აზრი. დაცვის მხარის ამ მოსაზრებას სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა, რადგან აღნიშნულ სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევისას დაცვის მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

საქმის მასალებში მოთავსებულია დ-ს სასწავლო-საცდელ მეურნეობაში სარეფორმო ფონდით გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სია, რომელშიც ასახულია 1474 მიწის ნაკვეთი სხვადასხვა ფართობით და პირები, რომლებზეც განაწილდა რეფორმის შედეგად შესაბამისი მიწის ნაკვეთები 1992 წლიდან 1998 წლამდე პერიოდში. აღნიშნულ სიაში ა. გ-ა მითითებული არ არის, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის მიწის რეფორმის კომისიას მისთვის მიწის ნაკვეთი არ გადაუცია.

1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ რაიმე პირდაპირი ან/და ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ა. გ-მ იცოდა, უნდა სცოდნოდა ან/და შესაძლებელია სცოდნოდა მაინც, რომ 1998 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი იყო ყალბი, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ა. გ-ს ჩვენებაზე, სადაც ის უთითებს, რომ 1993 წელს ნაკვეთის გადაცემის მიზნით განცხადებით მიმართა დ-ს სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორს – ჯ. ტ-ს. გარკვეული დროის შემდეგ (კონკრეტულად ვერ უთითებს, რამდენი წლის შემდეგ) დ-ს სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მიაკითხა ჯ. ტ-ს, რომელიც არ დახვდა და მის მაგივრად იგი შეხვდა მეურნეობის თანამშრომელს - მ. ნ-ს, რომელმაც გადასცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. ა. გ-ს მიაჩნია, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და მის მიერ სარეგისტრაციოდ გამოყენებული ყველა დოკუმენტი იყო ნამდვილი და არა ყალბი, მაშინ, როცა მისივე განმარტებით, 2001-2002 წლებში მ. ნ-ე მუშაობდა მეურნეობაში მიწის მზომავად, არ იყო მეურნეობის მიწის რეფორმის კომისიის წევრი. საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, ჰქონდა თუ არა რაიმე შეხება მ. ნ-ს ა. გ-ს გადაცემულ მიწის მიღება-ჩაბარების აქტთან და ნამდვილად გადასცა ის თუ არა ა. გ-ს, მით უმეტეს, მიწის რეფორმის კომისიის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ ა. გ-ს მიწის გადაცემას.

დაცვის მხარეს არც 1-ლი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოებში არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ა. გ-ს უდანაშაულობას დაადასტურებდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. გ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; მის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ იგი არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ა. გ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აგვისტოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[1] კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[2]

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43.