დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№51-18 28 თებერვალი, 2018 წელი
დ-ე გ., 51-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ირაკლი დონდოლაძის
ადვოკატ – ი. ნ-ის
მსჯავრდებულ _ გ. დ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განაჩენით გ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები; გ. დ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გ. დ. გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; გ. დ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება გ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული გ. დ. და მას განესაზღვრა სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2023 წლის 24 ივნისი.
6. 2018 წლის 16 იანვარს გ. დ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მსჯავრდებულის მითითებით, მას ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სასჯელის ის კონკრეტული ვადა, რომელიც განესაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.
7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. დ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. დ-ემ და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების გათვალისწინებით, რომლითაც მას ფაქტობრივად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამასთანავე, კასატორი მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი, ამავე კანონის შინაარსიდან გამომდინარე, ვრცელდება ყველაზე. შესაბამისად, მისი არასახვა უვადო თავისუფლებააღკვეთით მსჯავრდებულ პირებზე, წარმოადგენს მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებას, ხოლო ალტერნატივის სახით - საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას, საკონსულტაციო დასკვნისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას, ან საქმის წარმოების შეჩერებასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მას ერთი მეოთხედით აქვს შემცირებული სასჯელი, რაც რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, იგი უნდა აისახოს დღეის მდგომარეობით მისთვის განსაზღვრულ ვადიან სასჯელზე, რასათან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს:
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
4. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - არ შეცვლილა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გამოხატა ნება, რომ გ. დ. კონკრეტულ დღეს გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. შესახებ. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება პირისთვის დანიშნულ სასჯელზე, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა.
5. საკასაციო პალტა ვერ გაიზიარებს ასევე კასატორის მოთხოვნას საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან განსახილველი საკითხი არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამასთანავე, ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. N10აგ-14; N67აგ-16, №41-18), რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
6. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის თაობაზე მიმართვის შესახებ, ვინაიდან საკითხი არ ეხება კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების განმარტებასა და გამოყენებას, რა დროსაც შესაძლებელია, მიზანშეწონილად მიეჩნია აღნიშნული მოთხოვნა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 29 მაისის კანონის შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 3041-ე მუხლი (რომლითაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის თაობაზე მიმართვის უფლება) ამოქმედდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. დღეის მდგომარეობით, ხსენებული ოქმი არ არის ამოქმედებული, რის გამოც, პალატა კანონისმიერადაც მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს საქართველოს სსსკ-ის 3041-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურებით.
7. საკასაციო პალატა არ დგას ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე, ვინაიდან არ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოსაყენებელი კანონი ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციას. ამასთან, განუმარტავს კასატორს, რომ თავად მსჯავრდებული არ არის შეზღუდული, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნორმათა კონსტიტუციურობის შემოწმების შესახებ, რომლებიც, მისი მოსაზრებით, არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ მის უფლებებს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე