დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.04.2018
საქმის ნომერი
114აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №114აგ-17 16 აპრილი, 2018 წელი

ჭ. ჯ., 114აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ჯ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 3 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2013 წლის 30 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჯ. ჭ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ჯ. ჭ.1 წლით, 6 თვითა და 26 დღით ადრე, პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

5. 2017 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ჯ. ჭ-მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და დარჩენილი სასჯელისაგან გათავისუფლება. მსჯავრდებული, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს საქართველოს სსკ–ის 74–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და საქართველოს სსსკ–ის 284–ე მუხლის მე–2 ნაწილით დადგენილ რეგულაციებს, რომელთა მიხედვითაც - სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული მამაკაცი 70 წლიდან, თუ მას მისჯილი არა აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. კასატორი - მსჯავრდებული ჯ. ჭ. ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას, თავისი ასაკის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

3. საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. აღნიშნული საკითხის განხილვის წესი კი მოწესრიგებულია საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლით, რომლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ საკითხზე შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლო სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საგანს.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე