საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №583აპ-17 ქ. თბილისი
ა-ი პ. 583აპ-17 29 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. ა-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ….. რაიონის სოფელ ….. პ. ა-მ სახის არეში მარცხენა ხელის დარტყმით, თმის მოქაჩვისა და სახით მიწის თოვლიან ზედაპირზე რამდენიმე წუთიანი გათრევით იძალადა ცოლზე - გ. ა-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენით პ. ა-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, პ. ა-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და პ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა გ. ა-მ და მოწმეებმა - ს. ა-მ და ი. ა-მ, რომლებიც პ. ა-ს ახლო ნათესავები არიან, უარი განაცხადეს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია - „თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად...“ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული და მოწმეები, მართალია, გამოცხადდნენ სასამართლოში, მაგრამ მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად გამოქვეყნებული ჩვენება დაედოს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დანარჩენ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, კერძოდ: სამედიცინო ბარათი და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის ექთნისა და ექიმის - ნ. ფ-სა და ი. დ-ს ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ისინი ადასტურებენ გ. ა-ს დაზიანებების ფაქტს და არა - პ. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. გარდა ამისა, მიყენებული დაზიანებების შედეგად ტკივილის შეფასება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით. სხვა დანარჩენი მტკიცებულებები მხოლოდ ვარაუდები და ეჭვებია.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და პ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა; სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა - და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.
11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი