საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№664აპ-17 ქ. თბილისი
ნ. დ, 664აპ-17 21 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით დ. ნ-ს. ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; დ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დ. ს-ას მიმართ სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ---- ჯ-ას ცემის ეპიზოდი) – ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ნ–ს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 3 სექტემბრიდან 2017 წლის 17 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დ. ნ. მთლიანად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ნ–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე – სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 3 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა და პირადი მოტივით განაწყენებულმა დ. ნ–მა ს-ის რაიონის სოფელ დ--, თავისი მეგობრის – ნ. ჯ-ას საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც ნ. ჯ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· დ. ნ–მა იმავე დროს და იმავე სახლში მყოფი ნ. ჯ-ას შვილის – დ. ს-ას მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, კერძოდ, მაისურის საყელოში ძლიერად მოჭიდებით მიაგდო იგი იქვე არსებულ საწოლზე და მიაყენა დაზიანება ყელის არეში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დათო ცირეკიძემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ნ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ნ. ჯ-ას ცემის ეპიზოდი) და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრას, ასევე – ამ საქმეზე დ. ნ-ს მიმართ წარმოებული სხვა სისხლის სამართლის მასალების დართვას და განხილვას იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. ნ–მა ძალადობით ჩაიდინა დაზარალებულ ნ. ჯ-ას იძულება ცრუ ჩვენების მიცემის ან/და შეცვლისათვის.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ჯ-ას ცემის ეპიზოდში დ. ნ-ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან თავად დ. ნ-ს, დაზარალებულების – ნ. ჯ-ასა და დ. ს-ას ჩვენებებით, სატელეფონო შეტყობინებების ამონაწერით დასტურდება, რომ დ. ნ–მა ნ. ჯ-ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მას გამორთული ჰქონდა მობილური ტელეფონი, არ პასუხობდა მის ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, მისი ტელეფონის ნომერი „ჩააგდო“ ე.წ. „შავ სიაში“ და მოწმედ დაასახელა დ. ს-ას გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეში. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეებს, არცერთი მათგანი არ არის შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, მათ დაადასტურეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ. ჯ-ა იყო ნაცემი, რის შესახებაც იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, ხოლო თავად ნ. ჯ-ას არცერთ ჩვენებაში არ უთქვამს, რომ დ. ნ. აიძულებდა ჩვენების შეცვლას.
8. ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დ. ნ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება – ნ. ჯ-ას ცემა.
9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ამ საქმეზე დ. ნ-ს მიმართ წარმოებული სხვა სისხლის სამართლის მასალების დართვისა და განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენასა და მათ გამოკვლევას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე