დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ა-380-ა-25-07 30 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი – შპს “ .. ..” დირექტორი დ.ჭ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ... მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირი (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინება
განცხადების ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ... მუშაკთა თავისუფალმა პროფკავშირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ .. ..” წინააღმდეგ შრომითი ანაზღაურების შედეგად საწევრო ანარიცხების სახით თანხის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე მუშა-მოსამსახურეებს ყოველთვიურად უქვითავდა ხელფასიდან პროფსაწევრო თანხას, რაც დღემდე პროფკავშირის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. 2004 წლის 10 იანვრამდე მოპასუხეს დარგობრივი პროფკავშირის სასარგებლოდ უნდა ჩაერიცხა 8515 ლარი, ხოლო პირველად პროფკავშირის სასარგებლოდ 24039 ლარი, სულ 32554 ლარი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული თანხა პროფკავშირების ანგარიშზე არ ჩარიცხულა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს “ .. ..” შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ იყო წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის განჩინებით შპს “ .. ..” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..”.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება მათ ჩაჰბარდათ 2006 წლის 14 თებერვალს და სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2006 წლის 20 თებერვალს ანუ მათ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადა არ დაურღვევიათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს “ .. ..” კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2007 წლის 1 მარტს შპს “ .. ..” დირექტორმა დ.ჭ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო პალატის განჩინებით შპს “ .. ..” კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მიზეზით, რომ შპს “ .. ..” კერძო საჩივარი შეიტანა გასაჩივრებისათვის დადგენილი 12 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც შპს “ .. ..” 2006 წლის 23 მარტის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 24 მაისს, ხოლო კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2006 წლის 5 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორ დ.ჭ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ _ თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია _ 100 ლარს, ხოლო, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია _ 300 ლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 5 მარტის განჩინებით შპს “ .. ..” დირექტორ დ.ჭ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე შპს “ .. ..” დირექტორ დ.ჭ-ს გაეგზავნა 2007 წლის 7 მარტს (ს.ფ. 87), რომელსაც განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 27 მარტს (ს.ფ. 93, ცნობა საქართველოს ფოსტიდან ს.ფ.94). განცხადების ავტორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 10 აპრილის ჩათვლით, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განმცხადებელს საკასაციო პალატისათვის არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ .. ..” დირექტორის - დ.ჭ-ს განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ .. ..” დირექტორის - დ.ჭ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.