საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №708აპ-17 ქ. თბილისი
გ-ი გ., 708აპ-17 17 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით გ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. მ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ს. ბ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ლ. მ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ს. ბ-ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 24 სექტემბერიდან.
განაჩენით გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 21-22 სექტემბერს, ღამის საათებში, გ. გ-მ უკანონოდ შეაღწია ….. რაიონის სოფელ ….. მდებარე ს. ბ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ რადიომიმღებსა და სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 175 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2016 წლის 22-23 სექტემბერს, ღამის საათებში, გ. გ-მ უკანონოდ შეაღწია ….. რაიონის სოფელ ….. მდებარე ლ. მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 2 ცალ სპილენძის თასს, 2 ცალ სპილენძის ქვაბსა და სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 230 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ფარული დაუფლება მაშინ იკვეთება, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ასევე სხვა, გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არა აქვთ ეს ფაქტი. ამასთან, სუბიექტური მხრივ, პირს, რომელიც აღნიშნულ ქმედებას სჩადის, შეცნობილი აქვს, რომ ფარულად, სხვებისგან შეუმჩნევლად ეუფლება სხვის მოძრავ ქონებას, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა. ამასთან, დაზარალებულებს თავად არ დაუნახავთ, თუ როგორ შევიდა გ. გ-ი მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, დაზარალებულები არც იცნობენ ამ უკანასკნელს და, შესაბამისად, მათ ნება არ დაურთავთ გ. გ-თვის, შესულიყო საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებული იყო დაზარალებულების კუთვნილი, მატერიალური ღირებულების მქონე სხვადასხვა სახის ნივთი.
ასევე დადგენილია, რომ ….. რაიონის სოფელ …... მდებარეობს დაზარალებულ ლ. მ-ს მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სპილენძის ტაშტი, სპილენძის ქვაბი და სხვადასხვა ნივთი, დაზარალებულის ჩვენებით, განთავსებული იყო სოფელ ….. მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულს მისი კუთვნილი სპილენძის ტაშტი, სპილენძის ქვაბი და სხვადასხვა საოჯახო ნივთი არ გაუსხვისებია, არც სხვისთვის გადაუცია განკარგვის მიზნით. ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან გავიდა მისგან ფარულად. ასევე, მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის გასაღები არავისთვის გადაუცია, რითაც მას მიადგა 230 ლარისა და 50 თეთრის ზიანი. დადგენილია, რომ დაზარალებულმა მისი კუთვნილი სპილენძის ტაშტი და სპილენძის ქვაბი ამოიცნო, აღნიშნული ნივთები სხვა საოჯახო ნივთებთან ერთად აღმოჩნდა გ. გ-ს მეგობარ ლ. ზ-ს ავტომანქანაში, რომლითაც გ. გ-ს გადაჰქონდა ნივთები. საქმეზე დაკითხულმა მოწმე შ. ფ-მ დაადასტურა, რომ მასთან ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მივიდა ლ. ზ-ს მანქანით გ. გ-ი, რომელსაც ლ. ზ-ს ავტომანქანაში არსებული, როგორც თავად განაცხადა, თავისი კუთვნილი ნივთების ჩაბარება სურდა, ასევე მოწმეების - შ. ფ-ს, ზ. მ-ს, ვ. ჯ-ს ჩვენებებით დადასტურდა, რომ როდესაც გ. გ-მ დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, იგი სწრაფი ნაბიჯებით მიიმალა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N….. დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით ,,ბოქლომი, რომლითაც ლ. მ-ს განმარტებით, დაკეტილი ჰქონდა მის მფლობელობაში არსებული სახლი, რომელიც ამოღებული იყო ლ. მ-ს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულიდან“ მოთავსებულ ბოქლომზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. გ-ს. პაკეტში, წარწერით ,,სახრახნისი ჭანჭიკების გასაღები, და სახრახნისი, ლ. მ-ს საცხოვრებელი სახლის“ მოთავსებულ სახრახნისზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) და მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ N4) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ N3-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება გ. გ-ს (ობ N7) გენეტიკური თანამონაწილეობა. შესაბამისად, დადგენილია გ. გ-ს მიერ ლ. მ-ს სახლში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნივთების ფარული მისაკუთრების ფაქტი.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი თვალსაზრისით დადგინდა, რომ ….. რაიონის სოფელ …..მდებარეობს ს. ბ-ს მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი რადიომიმღები, რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა ს. ბ-მ, იყო მის კანონიერ მფლობელობაში, რომელიც ჰქონდა სოფელ ….. მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულს მისი კუთვნილი რადიომიმღები არ გაუყიდია, ან სხვაგვარი გზით არ გაუსხვისებია, არც სხვისთვის გადაუცია განკარგვის მიზნით. ნივთი მესაკუთრის ფლობელობიდან გავიდა მისგან ფარულად. ასევე მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის გასაღები არავისთვის გადაუცია, რითაც მას მიადგა 175 ლარის ზიანი. აღნიშნული ნივთი აღმოჩნდა გ.გ-ს მეგობარ ლ. ზ-ს საცხოვრებელ სახლში. დადგენილია ს. ბ-ს სახლში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნივთების ფარული მისაკუთრების ფაქტი. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ს. ბ-ს მფლობელობაში არსებულ სახლში აღებული სუნის კვალი, (რომელიც აღებულ იქნა მაგიდიდან, სადაც ეყარა ჩამტვრეული შუშები და მოწმეთა ჩვენებით დგინდებოდა, აღნიშნული ადგილიდან საცხოვრებელ სახლში შესვლის ფაქტი) იდენტურია გ. გ-ს სუნის კვლის ნიმუშისა. მოწმე შ. ფ-მ დაადასტურა, რომ მასთან მივიდა გ. გ-ი, რომელსაც ლ. ზ-ს ავტომანქანაში არსებული საოჯახო ნივთების ჩაბარება სურდა. ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ როდესაც გ. გ-მ დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისული ჯართის ჩამბარებელ პუნქტში, იგი სწრაფი ნაბიჯებით მიიმალა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულების - ლ. მ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ნივთები მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან მათი მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე და გ. გ-ს შეეძლო მოპარული ნივთის, როგორც საკუთარის განკარგვა, რაც განახორციელა კიდეც.
აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ, ესენია: გამომძიებელ მ. ქ-ს ჩვენება, გამომძიებელ გ.უ-ს ჩვენება, საქმეზე დართული საგნები და ნივთები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის ნიმუშები, ლ. ზ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული რადიომიმღები და სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთებს, ლ. მ-ს სახლის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთი, გ. გ-საგან ამოღებული სისხლის ნიმუში, გ. გ-საგან ამოღებული სუნის ნიმუში, რის გამოც, აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებებად, როგორც პრეიუდიცია.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება ისეთი გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული გ. გ-ს ბრალეულობა.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს კასატორი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი