საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
2კ-346აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117001933432

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №346აპ-18 ქ. თბილისი

ი. ი. 346აპ-18 13 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ი-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ს. და ლ. ხ-ს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ი-ს ბრალი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 1100 საათზე, ი. ი., ქ. ფ. , აღმაშენებლის ქ.N...მდებარე კაფე-ბარ ,,V“ ყოფნისას, გ. ი-ს შეუთანხმდა, რომ ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. ავტომანქანით ჩაუტანდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, რის სანაცვლოდ წინასწარ გამოართვა თანხა - 800 ლარი. ი. ი–მ იმავე დღეს ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანით, სახ.#R .., რომელსაც თვითონ მართავდა, გ. ი-ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით, ქ. ფ-ნ ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. გადაზიდა 0.04 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, კერძოდ, 0.016 გრამი ,,ბუპრენორფინი“ მოთავსებული ჰქონდა ჟაკეტის ჯიბეში, ხოლო 0.024 გრამი ,,ბუპრენორფინი“ - ავტომანქანაში, თუმცა ი. ი-მ დანაშაულებრივი ქმედების - ნარკოტიკული საშუალების - გასაღების დამთავრება ვერ მოახერხა, ვინაიდან ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. დააკავეს ლ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, რა დროსაც მისგან და ავტომანქანიდან ჩხრეკის დროს ამოიღეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“.

2017 წლის 11 აპრილს ი. ი-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ქ. ფ. უკანონოდ შეიძინა 0.04 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად და იმავე დღეს ქ. ფ-ნ ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ. გადაზიდ ,,მაზდას“ მარკის ავტომანქანით, სახ.#R..., რომელსაც თვითონვე მართავდა. ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება შსს ლ-ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ი.ი-ს 0.016 გრამი ,,ბუპრენორფინი“ მოთავსებული ჰქონდა ჟაკეტის ჯიბეში, ხოლო 0.24 გრამი ,,ბუპრენორფინი“ - ავტომანქანაში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

ი. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ი. ი., - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით სსკ-ის 254-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ი. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 აპრილიდან.

მასვე. როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. ი-ს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ი. ი-ს გამართლებას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. ი-ს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) დამნაშავედ ცნობას და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

მსჯავრდებული ი. ი. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. ი-ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი დაფუძნებულია ურთიერთსაწინააღდეგო მტკიცებულებებსა და ვარაუდებზე.

მსჯავრდებული ი. ი. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ხ. საკასაციო საჩვირით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. ი-ს გამართლებას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო მასში მოყვანილი არგუმენტაციები არ გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

9. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ი. ი-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც უტყუარად მიუთითებენ ი. ი-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გადაზიდვის ფაქტზე.

10. უსაფუძვლოა ასევე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ი. ი-ს საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

11. პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECHR; 20.03.2009).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ი-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ს. და ლ. ხ-ს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. ქათამაძე