განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700062728
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №407აპ-18 ქ. თბილისი
მ. ბ. ა. 407აპ-18 28 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ქ-ს და ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. მ. ბ-ს ბრალი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში; ასევე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობაში.
ნ-ს მოქალაქე ა. მ. ბ-ს თავის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდავი კომპანია - შპს ,,A.”, რომელსაც 2016 წლის ივნისში ი-დან ჰ-ში უნდა გადაეზიდა ბრინჯი. ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო ა. მ. ბ-ს საკუთრებაში არსებული საწევარას (ნ- ს სახ. N.) მისაბმელით (სახ. N. ), რომელშიც მოწყობილი იყო სპეციალური სამალავი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ს. სატრანზიტო გზით ნ-ს სამეფოში შენიღბულად გადაზიდვის მიზნით.
2016 წლის 10 ივნისს ა. მ. ბ-მ თ-სთან მდებარე სატვირთო ავტომანქანების ავტოსადგომიდან წამოიყვანა თავის საკუთრებაში არსებული ხსენებული საწევარა, რომლის მისაბმელის იატაკში სპეციალურად მოწყობილ სამალავში მოთავსებული იყო 356 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ცალ ბრიკეტად დაფასოებული ფხვნილი - კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც მას უნდა გადაეზიდა ს. სატრანზიტო გზით ნ-ს სამეფოში.
2016 წლის 13 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბ-ს პ-ს საბაჟო კონტროლის ზონიდან ამოიღეს ა. მ. ბ-ს საკუთრებასა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საწევარას (ნ-ს სახ. N...) მისაბმელიდან (სახ. N..) საბაჟო ინსპექტირების დროს, აღმოაჩინეს 356 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ცალ ბრიკეტად დაფასოებული ფხვნილი, რომელიც წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, საერთო წონით - 177 750.8 გრ (177 კგ 750.8 გრ), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონაა - 96 598.67 გრ (96 კგ 598.67 გრ).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით ა. მ. ბ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ა. მ. ბ., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. მ. ბ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო, 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ა. მ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 13 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტესტი, ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტები და პნევმატური მექანიზმის მქონე რკინის ხუფი უნდა განადგურდეს;
ა. მ. ბ-ს საკუთრებაში არსებული საწევარა (ნ- ს სახ. N.. ), მისაბმელი (სახ. N..), მასში მოთავსებული ტვირთი - 9 (ცხრა) ტონა ბრინჯი, ფულადი თანხა - საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას და უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს;
ა. მ. ბ-ს მობილური ტელეფონი და პასპორტი უნდა გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი: ნ-ს მოქალაქეს - ა. მ. ბ-ს თავის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდავი კომპანია - შპს ,,A.”, რომელსაც 2016 წლის ივნისში ი-დან ჰ-ში უნდა გადაეზიდა ბრინჯი. ტვირთის გადაზიდვა უნდა მომხდარიყო ა. მ. ბ- ს საკუთრებაში არსებული საწევარას (ნ-ს სახ. N..) მისაბმელით (სახ. N..), რომელშიც მოწყობილი იყო სპეციალური სამალავი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ს. სატრანზიტო გზით ნ-ს სამეფოში შენიღბულად გადაზიდვის მიზნით. 2016 წლის 13 ივნისს, ბ-ს პორტის საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო ინსპექტირების დროს, აღმოაჩინეს საწევარას მისაბმელის იატაკში სპეციალურად მოწყობილი სამალავი და მასში მოთავსებული, 356 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ცალ ბრიკეტად დაფასოებული ფხვნილი - კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნარევი, საერთო წონით - 177 750.8 გრ (177 კგ 750.8 გრ), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონაა - 96 598.67 გრ (96 კგ 598.67 გრ).
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ქ-მ და ჯ. ქ-მ. აპელანტებმა საჩივრით ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით უტყუარად არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის ფაქტი. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - მ. ღ-მ, ი. ს-მ, ბ. ნ-მ, უ. დ-მ და რ. ბ-მ სასამართლოს მისცეს ჩვენებები მათ მიერ ჩატარებული შემოწმების შესახებ, მაგრამ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების წარმომავლობასთან დაკავშრებით და მსჯავრდებულის მასთან კავშირის შესახებ ვერაფერს განმარტავენ. მსჯავრდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული დოკუმენტაციით, ტელეფონისა და „ნოუთბუქის“ დათვალიერებით არ დგინდება მსჯავრდებულის კავშირი ჩადენილ დანაშაულთან. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისი მანქანიდან ამოღებული იყო ნარკოტიკული საშუალება, არ ადასტურებს, რომ ნარკოტიკი ეკუთვნის მსჯავრდებულს, მითუფრო მაშინ, როდესაც ავტომანქანას დაახლოებით ერთი თვის მანძილზე განკარგავდნენ სხვა პირები. კერძოდ, მოწმე ს. ე-ს და მსჯავრდებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ კომპანიის წარმომადგენელი ა. ო. იმყოფებოდა ი-ში, აკონტროლებდა მანქანის გადაადგილებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის განკარგავდა მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებულ მანქანას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ სამალავის აღმოჩენა მისაბმელზე ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელი იყო.
ამასთანავე, განაჩენი ემყარება კანონის უხეში დარღვევით მოპოვებულ ერთადერთ მტკიცებულებას - ამოღების ოქმს, რითაც ასევე არ დასტურდება ამოღებული ნარკოტიკის მსჯავრდებულთან კავშირი. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების ამოღების დროს უხეშად დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები. აპელანტები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ბინის თუ სხვა კერძო მფლობელობაში თუნდაც მისი მესაკუთრის და კანონიერი მფლობელის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისა და მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ქ-მ და ჯ. ქ-მ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას შერაცხულ ბარლდებაში სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ქ-ს და ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმე მ. ღ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ივნისს მისმა სამსახურმა დააფიქსირა საეჭვო გადაზიდვა, კერძოდ, ავტომანქანა (სახ. N..) მისაბმელით (სახ. N..), რომელიც, მძღოლის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით, დატვირთული იყო დაახლოებით ცხრა ტონამდე ბრინჯითა და ი-დან ა-ს გავლით მოდიოდა საქართველოში, უ-ს გავლით ჰ-ში გადასასვლელად. ასეთი მარშრუტი პირველად იყო დაფიქსირებული, საეჭვო იყო ტვირთის სახეობაც, ვინაიდან მისი ასეთ დიდ მანძილზე ტრანსპორტირება აჭარბებდა ტვირთის თვითღირებულებას. საეჭვო მანქანისა და ტვირთის შემოწმების მიზნით წავიდა ბ-ს პორტში, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ავტომანქანა ტვირთით უნდა გასულიყო ბ-ს პ-დან საზღვაო ბორნით. 2016 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბ-ს პ-ში“ მართლაც შევიდა ნ-ს მოქალაქე ა. მ. ბ., რომელიც მართავდა ავტომანქანას, სახ. N., მისაბმელით, სახ. N. მას ჰ-ში მიჰქონდა 8 985 კგ ბრინჯი. ვინაიდან ავტომანქანა და ტვირთი მიიჩნიეს საეჭვოდ, საბაჟო გამშვები პუნქტის „ბ-ს პ-ს“ თანამშრომლებმა მანქანა და მასში არსებული ტვირთი დასკანერების მიზნით გადაიყვანეს ადლიის სტაციონარულ სკანერზე. დასკანერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მისაბმელის ძარის ქვედა ნაწილში იყო სამალავი, რის გამოც იგი დაათვალიერეს. სამალავი, რომელსაც ჰქონდა ლითონის ხუფი პნევმატური მექანიზმით, გაიხსნა ელექტროხერხის გამოყენებით, რის შედეგადაც მასში აღმოჩნდა 356 ცალი ვერცხლისფერი ბრიკეტი. ერთ-ერთი ბრიკეტიდან ამოღებული ნიმუშის სპეციალური ტესტით შემოწმებისას დადინდა, რომ აღმოჩენილი ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
3. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ი. ს-მ. მანვე განმარტა, რომ ერთ-ერთი ბრიკეტიდან ამოღებული ნიმუშის სპეციალური ტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა ბრიკეტებში მოთავსებულ ნივთიერებაში ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ არსებობა. 356 ცალი ბრიკეტი, სამალავის ხუფი და ჩატარებული ტესტი შეიფუთა და დაილუქა საბაჟო ლუქით, რაც შემდეგ გადაეცა გამომძიებელს.
4. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ბ. ნ-მ, უ. დ-მ და რ. ბ-მ.
5. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ავტომანქანაზე საბაჟო კონტროლის პროცედურები ჩატარდა ა. მ. ბ-ს თანდასწრებით, რომელსაც წინააღმდეგობა არაფერზე გაუწევია, არც მათი მიმდინარეობისას გაუპროტესტებია და არც შედეგზე განუცხადებია რაიმე.
6. სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმით, დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისს ქ. ბ-ში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების სამმართველოს მთავარმა ანალიტიკოსმა მ. ღ-მ, ს.გ.პ. „ბ-ს პ-ს“ უფროსმა ი. ს-მ, ცვლის უფროსმა ბ. ნ-მ, მებაჟე-ოფიცრებმა - რ. ბ-მ და უ. დ-მ შაემოწმეს „iveco-ს“ მარკის ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება - სახ. N. /O. - და მასში არსებული ტვირთი, რომელსაც მართავდა ჰ-ს მოქალაქე ა. მ. ბ., რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი: ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დატვირთული იყო 8 985 კგ ბრინჯით და გადაადგილდებოდა ი-დან ჰ-ის მიმართულებით, ა-სა და საქართველოს გავლით, ს.გ.პ. „ბ-ს პ-ში“ შევიდა 2016 წლის 12 ივნისს, 19:11 საათზე, ბორან „გ-თ“ ქვეყნის დატოვების მიზნით. საფუძვლიანი ეჭვის ნიადაგზე, ა/სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანეს სატვირთო რენტგენ-სკანერზე, სადაც აღმოჩნდა, რომ მისაბმელის ძარაში, გამწევთან ბმის ადგილზე, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო სამალავი. აღნიშნულ ადგილის დეტალური ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ძარის ნაწილი შედგებოდა ორმაგი კედლებისგან, რომლის ხუფზე დამონტაჟებული იყო სპეციალური (სავარაუდოდ, პნევმატური), საკეტიანი სამალავი. ხუფის ელექტრომჭრელით გაჭრის შემდეგ სამალავიდან ამოიღეს დაახლოებით 530-გრამიანი, 356 ბრიკეტად დაფასოებული, ფხვნილისებრი ნივთიერება, რომლებიც დაინომრა 1-დან 356-ის ჩათვლით. აქედან N356 ბრიკეტი გაიხსნა, აიღეს სინჯი და შემოწმდა ნარკოტესტზე, რის შედეგადაც გაირკვა, რომ აღნიშნული ნივთიერება, სავარაუდოდ, იყო ნარკოტიკული საშუალება („ჰეროინი“). N356 და სხვა ბრიკეტები, ნარკოტესტი და სამალავის პნევმატური ხუფი დაილუქა საბაჟო ლუქით პოლიეთილენის პარკებში. ოქმის სისწორე დაადასტურეს შემოწმებაში მონაწილე ზემოაღნიშნულმა პირებმა და თვითონ მ. ბ-მ, რომელსაც ოქმი უთარგმნა თარჯიმანმა.
7. ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისს, 15:15 დან – 16:30 სთ-მდე პერიოდში გამომძიებელმა ი. ს-მ ქ. ბ-ში, ბ-ში არსებული ს.გ.პ. „ბ-ს პ-ს“ საბაჟო კონტროლის ზონაში, ცვლის უფროს ბ. ნ-საგან, ექსპერტ ბ. ა-ს მონაწილეობით, ამოიღო ბ. ნ-ს მიერ შედგენილი სატრანსპორტო საშუალების შემოწმების ოქმის ასლი - 3 (სამ) ფურცლად; დოკუმენტაცია ტვირთის შესახებ - 27 (ოცდაშვიდ) ფურცლად; ასევე - საბაჟო ლუქებით დალუქული, ავტომანქანის, სახ. N.., მისაბმელის, სახ. N.., საბაჟო ინსპექტირების დროს აღმოჩენილი 356 ცალი ე. წ. „ბრიკეტის“ შემცველი 4 (ოთხი) ტომარა, გამოყენებული ნარკოტესტი და სამალავის პნევმატური მოწყობილობის მქონე ხუფი. ამოღებული ნივთები, გარდა დოკუმენტაციისა, შეიფუთა და დაილუქა შსს N19 ლუქებით კანონით დადგენილი წესით. ოქმს თვალსაჩინოებისათვის ერთვის საგამოძიებო მოქმედებისას ფოტოაპარატით გადაღებული 45 (ორმოცდახუთი) ფოტოსურათი და ფოტოკადრების შემცველი CD დისკი.
8. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადასტურებულია, რომ 2016 წლის 13 ივნისს ა. მ. ბ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მისაბმელის (სახ. N...) საბაჟო ინსპექტირების დროს აღმოჩენილი: 356 ცალი ბრიკეტის შიგთავსი, მოყვითალო-მოყავისფრო, „ოპიუმისათვის“ დამახასიათებელი, მძაფრი სპეციფიკური სუნის მქონე ფხვნილისებური ნივთიერება, დაპრესილი სახით, საერთო წონით 177 750,8 გრამი (177 კგ, 750,8 გრ), წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონა შეადგენს - 96 598,67 გრამს (96 კგ, 598,67 გრ). აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ. ნ-მ , ა. დ-მ, გ. ქ- მ და თ. უ-მ.
9. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომანქანის (სახ. N. ) მისაბმელზე (სახ. N.) არსებულ სათავსს აღენიშნება კუსტარული წესით დამზადება-გადაკეთების კვალი; სათავსი დამზადებულია კუსტარული წესით. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ. შ-მ.
10. მოწმე ს. ე-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არის თ-ს მოქალაქე და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქ. ბ-ში. მუშაობს მძღოლად, იღებს კერძო შეკვეთებს და სხვისი სატვირთო მანქანით გადააქვს ტვირთი, ძირითადად, აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. 2016 წლის 12 მაისს თ-ს შემოვლით გზაზე მდებარე ე. წ. „ტირპარკში“ გაიცნო ეროვნებით თურქი, ვინმე ა., რომელმაც 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა იქვე მდგარი, „ივეკოს“ მარკის, ჰ. სარეგისტრაციო ნომრების მქონე ავტომანქანით თ-სიდან ი- ს ქ. თ-ში ტვირთის ჩატანა. მანქანა დალუქული იყო, მისაბმელს საბაჟო ლუქი ედო. როგორც ა-სგან შეიტყო, ი-ში კარები უნდა გადაეტანათ, რასაც დასთანხმდა და მასთან ერთად, ზემოაღნიშნული ავტომანქანით, ჯერ ს.გ.პ. „წ. ხ-ს“ გავლით - ა-ში, შემდეგ კი ს.გ.პ. „ა-ს“ გავლით ი-ში გადავიდა. 19 მაისს ჩავიდნენ ქ. თ-ში, სადაც ტვირთის, კარების, ჩამოცლის შემდეგ ტირპარკში მანქანა ა-ს დაუტოვა. მოწმემ ასევე აღნიშნა: მას ა-თან საუბრისას საეჭვოდ ეჩვენა ის გარემოებები, რომ იგი ი-ში. ქ. უ-ში, რომელიც ცნობილია, როგორც საშიში და ნარკოტიკებით მოვაჭრე ქალაქი, ხურმის ყიდვას აპირებდა ჰ-ში ჩასატანად. ამასთან, ი-ში შესვლისას დანიშნულების ადგილად, ქ. თ-ს ნაცვლად, ქ. უ-ს მითითებას სთხოვდა, რასაც არ დასთანხმდა, რადგან იქ ჩასვლაზე წინასწარ არ შეთანხმებულან.
11. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოდან მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2016 წლის 11 მაისს ა. მ. ბ. შემოვიდა საქართველოში თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანითა (სახ. N.) და მისაბმელით (სახ. N..). 2016 წლის 13 მაისს ა. მ. ბ-ს ზემოაღნიშნულმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ს. ე. დატოვა საქართველოს ტერიტორია ს.გ.პ. „წ. ხ-ს“ გავლით. 2016 წლის 10 ივნისს ა. მ. ბ-ს ზემოაღნიშნულმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ს. ო. , ს.გ.პ. „წ. ხ-ს“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
12. მსჯავრდებულმა ა. მ. ბ-მ სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ, გამოძიების დროს აღიარებითი ჩვენება მისცა პოლიციის თანამშრომელ „მ-ს“ რჩევით, პასუხიმგებლობის შემსუბუქების მიზნით. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მანქანა და მისაბმელი მის სახელზეა გაფორმებული, არ უარყოფს, თუმცა მისაბმელი არის დ-ს და მის სახელზე დარეგისტრირდა იმიტომ, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო გადაზიდვა. ამასთან, ვიზა ი-ში ვერ აიღო იმ მიზეზით, რომ მას დ-მმ არ მისცა გადმოტვირთვის მისამართი ი-ში, რაც სპეციალურად გააკეთა, ვინაიდან არ სურდა, რომ ის ი-ში წასულიყო. შემდეგ კი დ-მ შესთავაზა თავისი ბიძაშვილი ა., რადგან თ-ს მოქალაქეებს ი-ში ვიზა არ სჭირდებათ. ა. ი. იყო ცუდი მძღოლი, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ა. გადაზიდავდა თ- სიდან ტ-ში და უკან, დანარჩენ გზას თვითონ გაივლიდა. ამ მიზნით იყო საქართველოში. მსჯავრდებულმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად ეს მარშრუტი უ-ს გავლით იყო დაგეგმილი, თუმცა უ-ში მიმდინარე საომარი ვითარების გამო გადაწყდა ჰ-ში საქართველოს გავლით წასვლა. მსჯავრდებულის განმარტებით, მისთვის უნდა გადაეხადათ ფიქსირებული თანხა, ამიტომ მანქანა დატვირთული იქნებოდა თუ არა, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამასთან, უკანა გზაზე მარშრუტი არანაკლებ მომგებიანია.
13. საკასაციო პალატა, მართალია, სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ა. მ. ბ-მ არაფერი იცოდა მის სატრანსპორტო საშუალებაში არსებული სამალავისა და მისი შემცველობის შესახებ, თუმცა არ ეთანხმება შერაცხული ბრალდების კვალიფიკაციას შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატას, ისევე როგორც სააპელაციო პალატას, წარმოდგენილი საქმის მასალებით დადასტურებულად მიაჩნია ის, რომ მსჯავრდებულმა ნამდვილად იცოდა მისსავე ავტომანქანაში არსებული სამალავისა და მასში ნარკოტიკული ნივთიერებების მოთავსების შესახებ, კერძოდ:
14. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. საერთაშორისო ტრანზიტში იგულისხმება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს ფიზიკურ პირთა, ტვირთის ან სატრანსპორტო საშუალებათა მსვლელობა. საერთაშორისო ტრანზიტი არის გზის ნაწილი, რომელიც იწყება და მთავრდება ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაეროს კონვენციის პირველი მუხლის (u) ქვეპუნქტის თანახმად, „სატრანზიტო სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის გავლითაც გადააქვთ უკანონო ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები და რომელიც არც მათი წარმომავლობის ადგილია და არც მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი“, ხოლო ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვა (გადატანა) „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ“ პუნქტის თანახმად, არის ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება ნებისმიერი საშუალებით, მისი განმკარგავის ან მფლობელის მიერ“.
15. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს თავის სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა გადამზიდავი კომპანია - შპს „A.“, რომელსაც 2016 წლის ივნისში ი-დან ჰ-ში უნდა გადაეზიდა ბრინჯი. ტვირთი უნდა გადაზიდულიყო ა. მ. ბ-ს საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანითა (სახ. N...) და მისაბმელით (სახ. N...), რომელშიც მოწყობილი იყო სამალავი ნარკოტიკის შენიღბულად გადაზიდვის მიზნით.
· 2016 წლის 11 მაისს ა. მ. ბ. შემოვიდა საქართველოში მითითებული ავტომანქანითა და მისაბმელით. 2016 წლის 13 მაისს ა. მ. ბ-ს ზემოაღნიშნულმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ს. ე. დატოვა საქართველოს ტერიტორია ს.გ.პ. „წ. ხ-ს“ გავლით, ხოლო ა. მ. ბ. გაემგზავრა ნიდერლანდებში.
· 2016 წლის 8 ივნისს ა. მ. ბ. დაბრუნდა საქართველოში, ხოლო იმავე წლის 10 ივნისს მისმა კუთვნილმა სატვირთო ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა ს. ო. , ს.გ.პ. „წ. ხ-ს“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ავტომანქანა გააჩერა ავტოსადგომზე.
· 2016 წლის 12 ივნისს ა. მ. ბ. ამ ავტომანქანით გაემართა ბ-ს პ-სკენ, ხოლო იმავე წლის 13 ივნისს, ბ-ს პ-ს საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო ინსპექტირების დროს, მებაჟე-ოფიცრებმა მისაბმელის იატაკში აღმოაჩინეს სამალავი და მასში მოთავსებული, 356 ცალად დაფასოებული ფხვნილი - კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნარევი.
16. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, დოკუმენტურად დადასტურებულ იმ ფაქტს პალატაც დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის ივნისში ი-დან ჰ-ში ა. მ. ბ-ს საკუთრებაში არსებული საწევარას (ნ-ს სახ. N...) მისაბმელით (სახ. N...) უნდა გადაეზიდა ბრინჯი მისსავე სახელზე რეგისტრირებული კომპანიის - შპს ,,A.” მეშვეობით, თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ტვირთის (ბრინჯის) წამოსაღებად ა. მ. ბ. ფიზიკურად ვერ ჩავიდა ი-ში (უარი ეთქვა ი-ს ვიზაზე) და საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 8 ივნისს, მანამ, სანამ მისი კუთვნილი საწევარა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთდა; შემდეგ, იმავე წლის 10 ივნისს, მისმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არა ა. მ. ბ. , არამედ - ს. ო. , უპრობლემოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ს.გ.პ. „წ. ხ-ს“ გავლით; საწევარა 2016 წლის 10 ივნისიდან - იმავე წლის 12 ივნისის შუალედში განთავსებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე - არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, თუ სად, რომელ ქვეყანაში და როდის განთავსდა ავტომანქანის სამალავში ნარკოტიკული ნივთიერება.
17. რაც შეეხება ა. მ. ბ-ს მიერ გამოძიებაში მიცემულ აღიარებით ჩვენებას, როდესაც მან წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა ტვირთის გადაზიდვის დეტალები, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს და შეაფასებს მას, რადგან 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ა. მ. ბ. დაიკითხა და მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაიკითხონ, მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. ამასთან, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში, გარდა ა. მ. ბ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, რომელსაც საკასაციო პალატა ვერ დაეყრდნობა, არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება საწევარას სამალავში განათავსა ი-ს რესპუბლიკაში და, შესაბამისად, ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობა.
18. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. მ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 19, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშნები, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, არა ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობა), არამედ - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონოდ გატანის მცდელობის შემადგენლობა, რაც პალატას დადასტურებულად მიაჩნია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოდან „უკანონო გატანაში” იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონოდ გატანა, ე.ი. როდესაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გატანა მოხდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრიდან მისი გატანით. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი მოახერხებს ამ ნივთიერების გატანას საქართველოდან, ე.ი. გადალახავს საზღვარს და ნარკოტიკულ საშუალებას გადაიტანს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.
20. მოცემულ შემთხვევაში მოწმე მ. ღ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველომ მოახდინა საეჭვო გადაზიდვის იდენტიფიცირება, ვინაიდან ასეთი მარშრუტი პირველად იყო დაფიქსირებული, ამასთან, ტვირთის ტრანსპორტირება აჭარბებდა თვითღირებულებას. საეჭვო მანქანისა და ტვირთის შემოწმების მიზნით, იგი წავიდა ბ-ს პ-ში, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რომ ავტომანქანა ტვირთით უნდა გასულიყო ბ-ს პ-დან საზღვაო ბორნით. 2016 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბ-ს პ-ში“ შევიდა ნ-ს მოქალაქე ა. მ. ბ., რომელიც მართავდა ავტომანქანას, სახ. N., მისაბმელით, სახ. N. მას ჰ-ში მიჰქონდა 8 985 კგ ბრინჯი. აღნიშნული ავტომანქანა დასკანერების მიზნით გადაიყვანეს ადლიის სტაციონარულ სკანერზე, რის შედეგადაც მისაბმელის ძარის ქვედა ნაწილში აღმოჩენილი სამალავიდან ამოიღეს 356 ცალი ვერცხლისფერი ბრიკეტი. ერთ-ერთი ბრიკეტიდან ამოღებული ნიმუშის სპეციალური ტესტით შემოწმებისას დადგინდა, რომ აღმოჩენილი ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა - ი. ს- მ, ბ. ნ-მ, უ. დ-მ და რ. ბ-მ. მითითებულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ავტომანქანაზე საბაჟო კონტროლის პროცედურები შესრულდა ა. მ. ბ-ს თანდასწრებით, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია არც მათი მიმდინარეობისას და არც დასრულების შემდეგ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებების სისწორე დადასტურებულია და სრულად შეესაბამება როგორც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების, ასევე - ამოღების ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, დადგენილია, რომ მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შესაბამისად, გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობა.
21. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ა. მ. ბ-მ არაფერი იცოდა მის ავტომანქანაში არსებული სამალავისა და მასში მოთავსებული ნივთიერების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ვერსია სრულად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ამასთან, ალოგიკურია და მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
22. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შემდეგ არგუმენტებს: იმ სატრანსპორტო საშუალების (სახ. N...) მისაბმელის (სახ. N...) დათვალიერება, რომელსაც მართავდა ა. მ. ბ., ჩატარდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 01 აგვისტოს N... ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის III თავის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის თანახმად, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ტარდება საგადასახადო ორგანოს (საბაჟო დეპარტამენტის) უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ და შეიძლება განხორციელდეს სკანირებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. სკანირების შედეგების ამსახველი სურათის ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ან ასეთი დარღვევის მცდელობისას შესაძლებელია საქონლის ნებისმიერი შეფუთვის (შეკვრის) გახსნა ან/და სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი სათავსის (განყოფილების) შემოწმება, მასში საქონლის სამალავების ან/და საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაადგილებული საქონლის აღმოჩენის მიზნით. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას, დათვალიერების შედეგები აისახება შემოწმების ოქმში, რომლის ასლიც, საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალებსა და ნივთმტკიცებულებებთან ერთად, გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, რაც მოცემულ შემთხვევაშიც შესრულდა.
23. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ამოღებისას დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან გამომძიებელმა ი. ს-მ ს.გ.პ. „ბ-ს პ-ს“ თანამშრომლებისგან, მათივე თანხმობით, ამოიღო მათ მიერ კანონის სრული დაცვით მოპოვებული და დალუქული მტკიცებულებები, რასაც სასამართლოს განჩინება არ სჭირდება, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამომძიებელს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად (სასამართლოს ნებართვის გარეშე) ჩაატაროს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შეზღუდვასთან; ხოლო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება სასამართლოს განჩინებით.
24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებასა და ქმედების კვალიფიკაციაზე, რომელიც სააპელაციო პალატამაც გაიზიარა, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ა. მ. ბ-ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) თავისთავად მოიცავს 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებულ დანაშაულებსაც, რადგან ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვა ამ ნივთიერების შეძენისა და შენახვის გარეშე შეუძლებელია. პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N937აპ-09) დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად: ,,თუ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას საქართველოში წინ უსწრებდა ამ ნივთიერების შეძენა-შენახვა, სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით” და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსისგან განსხვავებით, კოდექსის იმდროინდელი რედაქცია არ იძლეოდა საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაზე მსუბუქ დანაშაულს, რის გამოც ვერაფრით მოიცავდა მის შემადგენლობას.
25. საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ ა. მ. ბ-ს არასწორად ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, პალატა კანონისმიერად არ არის უფლებამოსილი, დაამძიმოს მსჯავრდებულის მდგომარეობა და ამდენად, შემოიფარგლება მხოლოდ განმარტებით, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N937აპ-09) ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლი თავისთავად არ მოიცავს 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობასაც, ვინაიდან საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა (მოცემულ შემთხვევაში გატანა) უცხო ქვეყნიდან წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დამოუკიდებელ დანაშაულს, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წინ უსწრებდა მსჯავრდებულის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ამიტომ თუ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას (მოცემულ შემთხვევაში გატანას) საქართველოში წინ უსწრებდა ამ ნივთიერების შეძენა-შენახვა, სამართლებრივი კვალიფიკაცია უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით - საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით. შესაბამისად, არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ კოდექსის იმჟამინდელი რედაქცია არ იძლეოდა საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის შესაძლებლობას, მითითებული დანაშაულების სიმძიმიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების იმჟამად და არც ამჟამად მოქმედი რედაქციით მითითებული მუხლებით ქმედების კვალიფიკაციისათვის არარელევანტურია, თუ რომელი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს უფრო მსუბუქსა, თუ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ვინაიდან, როგორც საკასაციო პალატამ უკვე განმარტა, 262-ე მუხლი თავისთავად არ მოიცავს 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და ისინი წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დამოუკიდებელ დანაშაულს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობა, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა შეიცვალოს და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობად. რაც შეეხება სასჯელს, მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, მითითებულ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. მ. ბ- ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ქ-ს და ჯ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ა. მ. ბ-ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობა), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობა);
4. მსჯავრდებული ა. მ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ა. მ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 13 ივნისიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე