განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001231394
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №445აპ-18 ქ. თბილისი
მ. გ. 445აპ-18 10 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, გ. მ. წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ქ. მდებარე ა. ც-ს სასურსათო მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად დაეუფლა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 92 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით გ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. მ., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით გ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარი (დასტური N…) უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ფ-ს (პირადი ნომერი …) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება - გ. მ-ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება - ა. ც-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოთვალის ჩანაწერები 2 DVD დისკზე, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ. აპელანტმა ითხოვა გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. მ-მ ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები და დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს დეტალურად არ დაუთვალიერებია ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომლებიც უდავო იყო მოცემულ საქმეზე და მათზე ნათლად ჩანს, თუ როგორ შეთანხმებულად მოქმედებს გ. მ. გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად და ფარულად ეუფლება ნივთებს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან მურვანიძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმის სახით დაკითხული ა. ც-ს (დაზარალებული) ჩვენებით დადგენილია, რომ ქ., აქვს სუპერმარკეტი, სადაც მოლარე-ოპერატორებად მუშაობენ ქ. გ. და ნ. ც., 2015 წლის 26 დეკემბერს, დილით, დაურეკა ქ. გ-მ და აცნობა ალკოჰოლური სასმელების დანაკლისის თაობაზე, რის შემდეგ ჩავიდა მაღაზიაში და ნახა, რომ 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი „ფინლანდია“ და „ჯეკ დენიელსი“ მართლაც არ იდო ადგილზე. მეორე თუ მესამე დღეს გადაახვია ვიდეოთვალის კადრები და ნახა თუ როგორ იპარავდნენ მისთვის უცნობი პირები ალკოჰოლურ სასმელებს, რის თაობაზეც აცნობა პოლიციას. ა. ც-ს განცხადებით, გ. მ-მ ზიანი აანაზღაურა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
3. მოწმე ქ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მოლარე-ოპერატორად ქ. მდებარე სუპერმარკეტში. ერთ დღეს (ზუსტი თარიღი არ ახსოვს) პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში შევიდა სამი ახალგაზრდა. მათი წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილზე აღარ იყო 2 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რის თაობაზეც აცნობა ა. ც-ს. ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ ამოიცნო გ. მ.
4. მოწმე კ. ფ-ს ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2015 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათისათვის, ქ. მოპირდაპირედ, შეხვდა სამ ახალგაზრდას, რომელთაგან ერთი იყო მისი ნაცნობი - ლ. ფ., მას ახლდა ორი პირი, რომლებიც ლ-მ გააცნო. ერთ-ერთ მათგანზე უთხრა, რომ იყო გ. მ., ხოლო მეორის სახელი და გვარი არ დაამახსოვრდა, რადგან იყო ნასვამი. მათ გადაწყვიტეს ერთად დალევა. ამ სამ პირს უკვე შეძენილი ჰქონდა არაყი და ლუდი. იმავე ქუჩაზე, ე.წ. „ფანჩატურში“, დასხდნენ და დაიწყეს დალევა. შემდეგ სასმელი გაუთავდათ და მან, გ. მ-მ და უცნობმა პირმა ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდეს ერთი ბოთლი სასმელი, თუმცა ისიც დალიეს, რის შემდეგაც დაახლოებით ღამის პირველ საათზე შევიდნენ ა. მდებარე მაღაზიაში და შეიძინეს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი. მივიდნენ ისევ „ფანჩატურში“, სადაც ელოდებოდათ ლ. ფ., მაგიდაზე დააწყვეს ნაყიდი საჭმელი და ერთი ბოთლი დასალევი. უცნობმა პირმა, კიდევ ერთი ვისკი - 0.5 - ლიტრიანი ბოთლი „ჯეკ დენიელსი“ დადო მაგიდაზე და თქვა, რომ ის მისგან იყო. გააგრძელეს დალევა. კვლავ გაუთავდათ ალკოჰოლური სასმელი. გადაწყვიტეს ისევ იმ მაღაზიაში შესვლა, სადაც მანამდე იყვნენ და დაახლოებით ღამის 6 საათზე გ. მ., ლ. ფ. და მათთან ერთად მყოფი მესამე პირი წავიდნენ მაღაზიაში, ზუსტად რომელში, მისთვის უცნობია. ისინი მალევე დაბრუნდნენ და მოიტანეს ერთი 1.0 - ლიტრიანი ვისკი - „ჯეკ დენიელსი“ და 0.5 - ლიტრიანი - „ფინლანდია“, ასევე - 1 ბოთლი ლიმონათი. მან იცოდა, რომ ეს ნივთები მათ შეიძინეს მაღაზიაში, ქურდობის ფაქტის შესახებ შეიტყო მხოლოდ გამომძიებლისგან.
5. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ. ფ-მ (უდავო მტკიცებულება). მან დამატებით განმარტა, რომ „ფანჩატურში“ ქეიფისას, როდესაც დაახლოებით ღამის 6 საათზე გადაწყვიტეს სასმლის კიდევ შეძენა, თვითონ, გ. მ. და მესამე - უცნობი პირი, მივიდნენ ბ. მდებარე სასურსათო მაღაზიაში. გ. მ. და მესამე პირი წავიდნენ სასმელების მხარეს, ხოლო იგი არჩევდა ძეხვს. ბიჭებმა წამოიღეს ალკოჰოლური სასმელები, კერძოდ - ერთი ბოთლი 1.0 - ლიტრიანი ვისკი „ჯეკ დენიელსი“ და 0.5 - ლიტრიანი „ფინლანდია“, ასევე - 1 ბოთლი ლიმონათი. მან იცოდა, რომ ეს ნივთები მათ შეიძინეს მაღაზიაში და ქურდობის ფაქტის შესახებ შეიტყო მხოლოდ გამომძიებლისგან.
6. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, ქ. მდებარე სასურსათო მაღაზიის ვიდეოკამერის შიდა და გარე პერიმეტრების 2015 წლის 26 დეკემბრის ვიდეოჩანაწერში ჩანს ქ. მდებარე სასურსათო მაღაზიის შესასვლელი, სადაც შედის სამი პირი, შემდეგი აღწერილობით: პირს, რომელსაც აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიუშონით, ლურჯი შარვალი, მარჯვენა ხელზე გადაკიდებული აქვს შავი ქურთუკი, ფეხზე აცვია თეთრი სპორტული ფეხსაცმელი (დაუდგენელი პირი). მეორე პირი - აღნაგობით საშუალოზე მაღალი, მოშვებული წვერით, რომელსაც აცვია ლურჯი და ყავისფერი ფერებით გაწყობილი ქურთუკი, ქურთუკის შიგნით აცვია ნაცრისფერი ზედა კაპიუშონით, ლურჯი შარვალი და შავი ფეხსაცმელი - არის გ. მ., მესამე პირი - საშუალო აღნაგობის მოშვებული წვერით, რომელსაც ახურავს შავი ნაქსოვი ქუდი, ქუდს წინ აქვს თეთრი წარწერა, აცვია შავი ქურთუკი, შავი ნაქსოვი სვიტერი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი - არის ლ. ფ., აღნიშნული პირები ათვალიერებენ მაღაზიას, ხოლო ლ. ფ. რჩება შესასვლელში არსებულ დახლმაცივართან. მასთან მიდის გამყიდველი და ისინი საუბრობენ პროდუქტთან დაკავშირებით. გამყიდველი მას აჩვენებს სხვადასხვა პროდუქტს, ხოლო დაუდგენელი პირი და გ. მ. მიდიან სასმელების რიგში. გ. მ. დახლიდან იღებს ალკოჰოლურ სასმელს და აწვდის დაუდგენელ პირს, რომელიც მას მალავს ქურთუკის უკან. რამდენიმე წამის შემდეგ გ. მ. კვლავ იღებს ალკოჰოლურ სასმელს და იდებს წელის არეში. შემდეგ მიდის ლიმონათის მაცივართან, საიდანაც იღებს ერთ ბოთლ ლიმონათს, ეძახის გამყიდველს, რათა მივიდეს სალაროსთან. აღნიშნული პირები ყიდულობენ სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, იხდიან ფულს ისე, რომ არ აჩვენებენ ალკოჰოლურ სასმელებს და გადიან მაღაზიიდან.
7. გ. მ-მ აღიარა ქურდობის ჩადენის ფაქტი, თუმცა მან უარყო დანაშაულის ჩადენა სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით.
8. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვიდეოჩანაწერები (2 DVD დისკი) მხარეებმა ცნეს უდავო მტკიცებულებად. როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უშუალოდ ჩანაწერის დემონსტრირება არ მომხდარა და ორივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა დათვალიერების ოქმში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც განმარტეს შემდეგი: სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით ნამდვილად დადგენილია, რომ გ. მ. გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ერთობლივად ახორციელებს დანაშაულის შემადგენლობას, თუმცა ხსენებული მტკიცებულებით სრულიად გაურკვეველია ამ პირებს შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა. მართალია, წინასწარ შეთანხმებაში აუცილებელი არ არის ქმედებას წინ უძღოდეს ხანგრძლივი პერიოდი თანამონაწილეთა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად გაურკვეველია, დაუდგენელი ვინაობის პირმა იცის თუ არა იმის შესახებ, თუ რა თანხას იხდის მ. სასმელში.
9. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს: ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერი მხარეებმა უდავო მტკიცებულებად ცნეს, სასამართლოს არ ზღუდავს და არ ართმევს იმის უფლებას, რომ გამოიკვლიოს უშუალოდ ვიდეოჩანაწერი და არ შემოიფარგლოს მხოლოდ მისი დათვალიერების ოქმის გამოკვლევით. ამდენად, საკასაციო პალატამ დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები, რის შემდეგაც საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიაჩნია, რომ გ. მ-მ ქურდობა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
11. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება N618აპ-15 საქმეზე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის მიერ გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებითა და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. მ. გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ახორციელებს ქურდობის ობიექტურ შემადგენლობას, კერძოდ:
13. ვიდეოჩანაწერებიდან დგინდება, რომ გ. მ., ლ. ფ. და დაუდგენელი პირი დაახლოებით დილის 6 საათზე ერთად შედიან ქ. მდებარე სასურსათო მაღაზიაში. ლ. ფ. რჩება შესასვლელში არსებულ დახლმაცივართან. მასთან მიდის გამყიდველი და ისინი საუბრობენ პროდუქტთან დაკავშირებით. გამყიდველი მას აჩვენებს სხვადასხვა პროდუქტს, ხოლო დაუდგენელი პირი გადის სასმელების რიგისკენ. რამდენიმე წამში მას უკან მიჰყვება გ. მ. , ისინი ერთად მიდიან სასმელების რიგში და ერთად ჩერდებიან დახლთან, სანტიმეტრების დაშორებით. გ. მ. დგას მასზე ოდნავ წინ, სახით სასმელების დახლისკენ. შემდეგ ოდნავ შორდება სიღრმეში, უყურებს დაუდგენელ პირს და თან დახლიდან იღებს ბოთლს. დაუდგენელი პირი, რომელიც დგას გამყიდველისგან ზურგით, იყურება გ. მ-ს მიმართულებით. გ. მ. ბოთლით ხელში მოდის მასთან და ხელში აწვდის სასმელს. დაუდგენელი პირი ართმევს ბოთლს და მალავს ქურთუკის უკან, რომელიც ხელში უჭირავს. შემდეგ გ. მ. კვლავ ბრუნდება სასმელების დახლისკენ, იხედება დაუდგენელი პირის მიმართულებით, იღებს ალკოჰოლურ სასმელს, მოდის ამ პირისკენ, ამავდროულად მაღლა იწევს ნაცრისფერ კაპიუშონიან ზედას და ბოთლს მალავს სამოსის ქვეშ - მუცლის არეში. ამ დროს უცნობი პირი ისევ იქ დგას და პირდაპირ უყურებს გ. მ-ს. , გ. მ. მიდის ალკოჰოლური სასმელების მოპირდაპირე მხარეს, აღებს გამაგრილებელი სასმელების მაცივრის კარს და იღებს სასმელს (ლიმონათს). დაუდგენელი პირი მიჰყვება მას და დგება მის უკან. შემდეგ ისინი მიდიან სალაროსთან, დაუდგენელი პირი ქურთუკს აფარებს ბოთლს. ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან და თან ესაუბრებიან გამყიდველ გოგონას. გ. მ. და დაუდგენელი პირი რამდენიმე წამი დგანან სალაროსთან, ელაპარაკებიან გამყიდველ გოგონას, გ. მ. ამ დროს იხდის ლიმონათის საფასურს და ისე, რომ არ აჩენენ დახლიდან აღებულ ალკოჰოლურ სასმელებს, ერთად ტოვებენ მაღაზიას.
14. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: გარდა იმისა, რომ ვიდეოჩანაწერებით აშკარად დასტურდება გ. მ-სა და დაუდგენელი პირის წინასწარ შეთანხმებული და ერთობლივი მოქმედება, რაც სრულიად გამორიცხავს მსჯავრდებულის ვერსიას, რომ მან მარტომ მოიპარა ალკოჰოლური სასმელი, პალატა დამატებით ხაზს უსვამს მოწმეების - ლ. და კ. ფ-ების ჩვენებებს (უდავო მტკიცებულებები), რომლებითაც, დადგენილია, რომ გ. მ., ლ. ფ., კ. ფ. და გამოძიებით დაუდგენელი პირი ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მათ რამდენჯერმე გაუთავდათ სასმელი და ამ მიზნით, თავდაპირველად, სასმლის შესაძენად კ. ფ., გ. მ. და გამოძიებით დაუდგენელი პირი დაახლოებით ღამის პირველ საათზე წავიდნენ ა. მდებარე მაღაზიაში, ხოლო მოგვიანებით, 06:00 საათისკენ, იმავე მაღაზიაში წავიდნენ - ლ. ფ., გ. მ. და დაუდგენელი პირი. ორივე მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ. მ-მ და მესამე პირმა სუფრაზე მიიტანეს 1.0 - ლიტრიანი ვისკი - „ჯეკ დენიელსი“, 0.5 - ლიტრიანი არაყი „ფინლანდია“ და გააგრძელეს დალევა.
15. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ გ. მ. და დაუდგენელი პირი მთელი საღამო ერთად სვამდნენ და რამდენჯერმე ერთად წავიდნენ სასმლის მოსატანად. ისინი ერთად შედიან მაღაზიაში, გადიან ალკოჰოლური სასმელების დახლისკენ და შეთანხმებულად იწყებენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებას. მთელი ამ პროცესის განმავლობაში დაუდგენელი პირი პირდაპირ უყურებს, თუ როგორ იღებს დახლიდან ბოთლს გ. მ., აწვდის მას და მალავს ქურთუკის ქვეშ, შემდეგ ისევ უყურებს, თუ როგორ იღებს მეორე ბოთლს გ. მ. და მალავს სამოსის ქვეშ, რის შემდეგაც მიდიან სალაროსთან, გ. მ. იხდის ლიმონათის ფულს და გადიან მაღაზიიდან. შემდეგ ფანჩატურში აგრძელებენ დალევას. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ გ. მ. და გამოძიებით დაუდგენელი პირი მოქმედებდნენ ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით.
16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
17. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მითითებული ვიდეოჩანაწერებითა და მოწმეთა ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ გ. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.
18. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას ითვალიწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას, აგრეთვე იმ გარემოებებს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა მიყენებული ზიანი და დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ მას უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან მურვანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებული გ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან;
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით გ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარი (დასტური N…) დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ფ-ს (პირადი ნომერი ….) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
6. ნივთმტკიცება - გ. მ-ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. ნივთმტკიცება - ა. ც-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოთვალის ჩანაწერები 2 DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე