საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.04.2019
საქმის ნომერი
2კ-642აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001336747

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №642აპ-18 ქ. თბილისი

ტ. ნ., 642აპ-18 22 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით ნ. ტ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (ნ. შ-ისა და ბ. შ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 16 ივლისის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2015 წლის 2 აპრილის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 12 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 ნოემბერს არასრულწლოვანი ვ. ო. (იგივე ნ. ტ.) ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიუსაჯა 5 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დამატებით სასჯელად დააკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2013 წლის 7 თებერვალს იგი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისგან, ხოლო დამატებითი სასჯელი დარჩა უცვლელად.

თაღლითობისთვის ნასამართლევმა გ. ტ-მა განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას, სხვადასხვა კომპანიის მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის ნოემბერში ნ. ტ., იგივე გ. ტ., ნ. შ-ს გაეცნო როგორც ადვოკატი და დაჰპირდა სასამართლოს წესით ბინის პრობლემების მოგვარებას, რისთვისაც მოსთხოვა მინდობილობა. 2014 წლის 11 ნოემბერს ნ. შ-მა გ. ტ-ს გადასცა ნოტარიუს გ. გ-ის სანოტარო ბიუროში შედგენილი რწმუნებულება-მინდობილობა, რითაც მას სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა, ემოქმედა მისი სახელით სასამართლოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში, რაც ნ. ტ-ს არ შეუსრულებია და 2014 წლის ნოემბრიდან - 2015 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, ვითომდა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის შეტანის მიზნით, მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლა ნ. შ-სა და მისი მეუღლის - ბ. შ-ის კუთვნილ ფულად თანხას, ჯამურად – 335 ლარს.

ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გ. ტ-მა შემოსავლების სამსახურში ნ. შ-ის სახელზე დაარეგისტრირა ,, ა. ჩ-ას სახელობის --- დეპარტამენტი“. 2015 წლის 11 ივლისს ნ. ტ-მა ცალმხრივი ხელშეკრულებით თავის სახელზე (იმავე გ. ჩ-ზე) რეგისტრირებულ ,,დ. უ-ის სახელობის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი განვითარებისა და თანამშრომლობის ასოციაციას“ დასახელება შეუცვალა და დაარქვა ,,ა. ჩ-ას ---- დეპარტამენტი“, რომლის თავმჯდომარედ დანიშნა ნ. შ. (დაბადებული -- წელს) ისე, რომ ეს საკითხი მისთვის ცნობილი არ იყო. ამავე ხელშეკრულებით თვითონ დაინიშნა დეპარტამენტის სპეციალისტად წარმომადგენლობის უფლებამოსილებით.

2015 წლის 16 ივლისს გ. ტ-მა, როგორც ,,ა. ჩ-ას -- დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს“ უფროსსა და შპს ,,ტ. ბ-ის“ დირექტორ ე. ქ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თ-ში, ვ-ის მე- და ვ-ის საცხოვრებელ რაიონებს შორის მდებარე შპს ,,ტ. ბ-ის“ ფილიალიდან მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ს. პ-ის მეშვეობით გამოიტანა 4936 ლარად ღირებული ტექნიკა, კერძოდ: 1045 ლარად ღირებული „ასერის“ მარკის ერთი ლეპტოპი, 897 ლარად ღირებული „ანდროიდ სონის“ ფირმის ერთი ტელეფონი, 950 ლარად ღირებული „ანდროიდ სამსუნგის“ ფირმის ორსიმბარათიანი ერთი ტელეფონი და „ანდროიდ სამსუნგის“ ფირმის ორი ტელეფონი, თითოეული – 1022 ლარად ღირებული, რომლებიც ნ. ტ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის იანვარში ნ. შ-ის მეშვეობით, ს. მ-მა გ. ტ. გაიცნო, როგორც ადვოკატი, რომელიც დაჰპირდა სასამართლოს წესით სს ,,ლ. ბ-ის“ სესხის პრობლემის მოგვარებას, რისთვისაც მინდობილობა მოსთხოვა. 2015 წლის 16 იანვარს ს. მ-მა ნ. ტ-ს (იმავე გ. ტ-ს) გადასცა ნოტარიუს ე. კ-ის სანოტარო ბიუროში შედგენილი რწმუნებულება-მინდობილობა, რითაც მას სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა, ემოქმედა მისი სახელით სასამართლოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში. სწორედ აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე ნ. ტ-მა შემოსავლების სამსახურში ს. მ-ის სახელზე დაარეგისტრირა „----’’.

2015 წლის 13 ივლისს ნ. ტ-მა (იმავე გ. ტ-მა) შემოსავლების სამსახურში “---“, როგორც არასამეწარმეო ორგანიზაცია, თავის სახელზე დაარეგისტრირა, ხოლო 2015 წლის 22 ივლისს აღნიშნული ორგანიზაცია -- დაბადებულ ს. მ-ზე დაარეგისტრირა ისე, რომ ეს უკანასკნელი აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა.

2015 წლის 23 ივლისს ნ. ტ-მა, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი მხრივ, ,,---“ (დირექტორი ს. მ.), ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო სამსახურის აკადემიის (დირექტორი გ. ტ.) და მესამე - ს. მ-ს შორის შექმნა არარეგისტრირებული კავშირი - გაერთიანება და დაარქვა ,,---“, რომელიც დაარეგისტრირა შემოსავლების სამსახურში. ამავე ხელშეკრულებით სამსახურის უფროსად ხუთი წლის ვადით დანიშნა ს. მ., ხოლო მის წარმომადგენლად დაინიშნა თვითონ.

ნ. ტ-მა ,, --- “ უფლებამოსილი პირის – ს. მ-ის სახელით ყალბად შეადგინა 2015 წლის 20 ივლისით დათარიღებული მინდობილობა --, რითაც გ. ტ-ს უფლებამოსილება ენიჭებოდა, ამ სამსახურისათვის განეხორციელებინა შესყიდვები, საქონლის ტრანსპორტირება და მიღება-ჩაბარება.

2015 წლის 24 ივლისს ნ. ტ-მა, როგორც ს. მ-ის მინდობილმა პირმა, ზემოხსენებული ყალბი მინდობილობა წარადგინა შპს ,,ტ. ბ-ის“ სათავო ოფისში მისამართზე: - ქ. თ-ი, დ. ა-ის ხეივანი, მე-- კილომეტრი, რასაც დაურთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2015 წლის 9 მარტით დათარიღებული წერილის ასლი იმის დასტურად, რომ ,,შემსყიდველ“ ორგანიზაციას, ანუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, ანუ ორგანიზაცია ფინანსდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და არ წარმოადგენდა კერძო პირების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ს და მოითხოვა, თითქოსდა, ს. მ-ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციისათვის ტექნიკის შეძენა. ყოველივე ზემოაღნიშნული შპს ,,ტ. ბ-ის“ დირექტორმა ე. ქ-ემ სარწმუნოდ მიიჩნია და შეთავაზებულ გარიგებას დასთანხმდა, რის შემდეგაც გ. ტ-მა შეადგინა ორმხრივი ხელშეკრულება, სადაც ს. მ-ის სახელით თვითონ მოაწერა ხელი და წარუდგინა შპს ,,ტ. ბ-ის“ ადმინისტრაციას, რაც ხელმოწერით დაადასტურა ე. ქ-ემ. აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ტ. ბ-ს“ მაღაზიიდან, მდებარე ქ. თ-ში, -ას გამზირის N--ში, მან კვლავ განვადებით შეისყიდა და გაიტანა 4680 ლარად ღირებული ტექნიკა, კერძოდ: ,,ასერ-ე17”, ,,E5-771G-594U/NX. MNVER.011” მარკის ერთი ცალი, 1847 ლარად ღირებული ლეპტოპი, „ასერ– ე17“, E5-771G-780QZ/NX.MNVER.016 მარკის ერთი ცალი, 2444 ლარად ღირებული ლეპტოპი და ერთი ცალი, 389 ლარად ღირებული მრავალფუნქციური პრინტერი HP-M125 nw/CZ173A, რომლებიც ნ. ტ-მა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 31 მარტს შპს ,,ო-ში“, ქ. თ-ში, ა. წ-ის N--ში, მივიდა ნ. ტ. (გ. ჩ.) და წარადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის შემოწმების შემდეგ, იმის გამო, რომ ხელშეკრულებაზე დასმულ ბეჭედზე არ იყო აღნიშნული იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი, უარი ეთქვა ტექნიკის გაცემაზე შემდგომი გადახდის პირობით. 2015 წლის 2 აპრილს ნ. ტ. (გ. ჩ.) ისევ მივიდა აღნიშნულ მაღაზიაში, წარადგინა ახალი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საიდანაც ირკვეოდა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,, -- “ (ს/ნ --) შემსყიდველ ორგანიზაციას ნივთების შესაძენად წარმოდგენილი ჰქონდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--. (02.04.2015წ), რომელზეც დართული იყო დანართი 1, ფასთა ცხრილი, ასევე გ. ჩ-ს (იმავე ნ. ტ-ს) წარმოდგენილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდებოდა აღნიშნული ფირმიდან მის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. ვინაიდან ნ. ტ-ის (გ. ჩ-ის) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩათვალეს სარწმუნოდ, გადაწყდა ნივთების გაცემა შემდგომი გადახდის პირობით, რის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მოაწერეს მაღაზიის დირექტორმა ნ. გ-ამ და ნ. ტ-მა (გ. ჩ-მა) (პ/ნ:--), რის საფუძველზეც ნ. ტ-მა (გ. ჩ-მა) მაღაზიიდან გაიტანა: სამი ცალი ,,ასუსის“ ფირმის ნოუტბუკი, მოდელი (X552LDV-SX512D), ერთეულის ღირებულება - 1282.00 ლარი (საერთო ღირებულება – 3846.00 ლარი), 1 ცალი ,,მულინექსის“ ფირმის ჩოფერი, მოდელი (AT712G61), ღირებულება – 160 ლარი, 1 ცალი ,,მულინექსის“ ფირმის ყავის აპარატი, მოდელი (FG361827), ღირებულება – 129.00 ლარი, 1 ცალი ,,ფილიპსის“ ფირმის წვერსაპარსი, მოდელი (RQ1195/21), ღირებულება – 495.00 ლარი, 2 ცალი (SWIVETELLI 37/40/46) მოდელის ტელევიზორის საკიდი, ღირებულება – 55.00 ლარი (საერთო ღირებულება – 110.00 ლარი). ტექნიკის საერთო ღირებულება - 4740.00 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, მას ათ დღეში უნდა მოეხდინა ანგარიშსწორება, თუმცა ნ. ტ-მა აღნიშნული ნივთები თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 2 აპრილს შპს ,,ზ. ჯ-ის“ ბუღალტერიაში დადგენილი წესით შევიდა დოკუმენტაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,, --“ (ს/ნ:--) მიერ აღნიშნული ფირმიდან ფოტოაპარატის აქსესუარის (გადამყვანი) შესყიდვის შესახებ და ასევე წარმოდგენილი იყო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N:--, (01.04.2015წ), რომელზეც იყო დანართი 1, ფასთა ცხრილი, სადაც მოცემული იყო ნივთის დასახელება, i-DISCOVERY TIMING REMOTE SWITCH TC-2001, რაოდენობა – 1 და ფასი – 75 ლარი, ასევე ,, -- “ უფროსს – გ. ჩ-ს (იმავე ნ. ტ-ს) წარმოდგენილი ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდებოდა ფირმიდან მის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. ფირმამ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (RS.GE) ატვირთა სასაქონლო ზედნადები საქონლის მიწოდებისთანავე, რომლის მიღებაც შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნ. ჩ-მა (პ/ნ:--) დაადასტურა პირადი ხელმოწერით. ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების ბუღალტერიაში წარდგენის შემდეგ ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა გადაიგზავნა ,, -- “ (ს/ნ:--), რომლის მიღების ფაქტიც დადასტურდა 2015 წლის 7 აპრილს. აღნიშნული ნივთები ნ. ტ-მა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 20 ივლისს შპს ,,ზ. ჯ-ის“ სადილერო გაყიდვების კოორდინატორმა ნ. ი-მა ფირმის ბუღალტერს – მ. მ-ეს შეუტანა საბუთები და განუცხადა, რომ შეექმნა პრობლემა ელექტრონულ ანგარიშფაქტურის ატვირთვასთან დაკავშირებით. დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ ზედნადები ატვირთული იყო ,, -- “ (ს/ნ --) სახელზე, რომელზეც წინა დღეს, წესების დაცვით, ცხელი ხაზის საშუალებით, დარეზერვებული იყო სამი ცალი ტელეფონი, ხოლო შეძენის მომენტში მყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა სერგო პეტროსიანმა გამოთქვა სურვილი, რომ დარეზერვებული ტელეფონები გაეტანა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,, --“ (ს/ნ --) სახელზე, შემდგომი გადახდის პირობით, რისთვისაც წარმოადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დათარიღებული 20.07.2015 წლით, ფირმიდან, შპს ,,ზ. ჯ-დან“ მობილური ტელეფონების შესყიდვის შესახებ, რომელზეც ასევე იყო დანართი 1, ფასთა ცხრილი, სადაც მოცემული იყო ნივთების დასახელება: ერთი ცალი, 1035 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი „SONY D6503 XPERIA Z2“ და ორი ცალი ტელეფონი „SAMSUNG G 920F GALAXY S6 32 GB“, თითოეული ღირებული - 1497 ლარად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძენი ნივთების საერთო ღირებულებამ შეადგინა 4029 ლარი. ასევე, ს. პ-ს ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება ფირმიდან მის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. აღნიშნული ფირმის წარმომადგენლობის დასადასტურებლად ს. პ-ს წარმოდგენილი ჰქონდა ,, --“ თავმჯდომარის - გ. ტ-ის (იმავე ნ. ტ-ის) მიერ ხელმოწერილი მინდობილობის ასლი. რადგან კოორდინატორ ნ. ი-ს ელექტრონული ზედნადები ატვირთული ჰქონდა დამრეზერვებელი ორგანიზაციის ,, --“ (ს/ნ --) სახელზე, რომელზეც დასმული იყო ს. პ-ის ხელმოწერა, ხოლო რეალურად ნივთები გატანილი იყო ,, --“ წარმომადგენლის მიერ, ბუღალტერმა მ. მ-ემ შეასწორა ელექტრონული სასაქონლო ზედნადები და მყიდველად მიუთითა ,, --“. აღნიშნული ნივთები სერგო პეტროსიანმა იმავე დღეს გადასცა გ. ტ-ს (იმავე ნ. ტ-ს), რომელმაც თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 24 ივლისს ქ. თ-ში, ჭ-ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ა-ის“ მაღაზიაში, მივიდა ნ. ტ-ი, რომელიც გაეცნო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციის სამსახურის ხელმძღვანელად. მან ამოარჩია მობილური ტელეფონები: 2180 ლარად და 90 თეთრად ღირებული IPone6 128 gb space gray და 1693 ლარად და 70 თეთრად ღირებული IPone6 16 gb space gray, ჯამურად – 3864 ლარად და 60 თეთრად ღირებული. აღნიშნულ ნივთებზე გამოიწერა ,,ინვოისი“ და ნ. ტ-მა იმავე დღეს წარადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რის შემდეგაც გადაეცა შერჩეული ორი მობილური ტელეფონი. ხელშეკრულების თანახმად, მას შვიდ დღეში უნდა მოეხდინა ანგარიშსწორება, თუმცა ნ. ტ-მა აღნიშნული ნივთები თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 28 ივლისს შპს „კ. შ-ში“, მდებარე კ-ის ქუჩა N--ში, მივიდა ნ. ტ. და დირექტორ მ. ს-ეს გაეცნო, როგორც ააიპ „ -- “ წარმომადგენელი და განუმარტა, რომ მათ ორგანიზაციას ევალებოდა თ-ში ფლორა–ფაუნის დაცვა და, შესაბამისად, ახორციელებდნენ მონიტორინგს, რათა სახელმწიფოს არ დაერღვია მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ასევე განმარტა, რომ სურდა ორი კომპიუტერის შეძენა. იმავე დღეს ნ. ტ-თან გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ნ. ტ-ის ორგანიზაციას კონსიგნაციის წესით მიჰყიდეს 2934 ლარად ღირებული კომპიუტერული ტექნიკა, კერძოდ, ორი ლეპტოპი. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნუგზარ ტატიშვილი თავისი ეგზემპლარით წავიდა ვ-ში მდებარე მაღაზიაში და წამოიღო „ასერის“ ფირმის ორი ნოუთბუკი, რომლებიც მან თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 12 ოქტომბერს შპს „ე. ს-ში“, მდებარე პ-ის ქუჩა N-–ში, მივიდა ნ. ტ. და მაღაზიის მენეჯერ გ. გ-ს გაეცნო, როგორც -- დაწესებულება - „ ---“ ხელმძღვანელი და განუცხადა, რომ პირველ ეტაპზე სურდა მხოლოდ ტელეფონების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, ხოლო თანხის ჩარიცხის შემდეგ კიდევ წარადგენდა შეკვეთებს. ვინაიდან გ. გ. დარწმუნებული იყო, რომ ნ. ტ. იყო --- სამინისტროს თანამშრომელი, შესაბამისად, დასთანხმდა სახელმწოფო შესყიდვის განხორციელებაზე კონსიგნაციის წესით, რის შემდეგაც ნ. ტ-მა ამოარჩია „ეფლის“ ფირმის ორი ტელეფონი, თითოეული - ღირებული 2202 ლარად, რაზეც გამოიწერა ,,ინვოისი“ და გადაეცა მას. ნ. ტ. წავიდა მაღაზიიდან და დაახლოებით ორ საათში დაბრუნდა უკან. მან წარადგინა დაბეჭდილი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზეც ნ. ტ-ის ორგანიზაციას კონსიგნაციის წესით მიჰყიდეს 4404 ლარად ღირებული „iPhone 6, silver, 128 GB“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი. ხელშეკრულების თანახმად, მას ხუთ დღეში უნდა მოეხდინა ანგარიშსწორება, თუმცა ნ. ტ-მა აღნიშნული ნივთები თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში შპს „ო. ს-ის“ ბუღალტერ დ. კ-ს მობილურ ტელეფონზე ქალბატონის ხმით დაუკავშირდა ნ. ტ. მობილური ტელეფონიდან - --, რომელიც გაეცნო, როგორც --- სამინისტროს თანამშრომელი, ვინმე ,,მ.“, მას გვარი არ უთქვამს და აცნობა, რომ მათთან ტარდებოდა კონკურსი და სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით, სურდათ ორი ლეპტოპის შეძენა, რომლებიც კონკურსის გამარჯვებულებისთვის უნდა გადაეცათ. ამის შემდეგ ,,მ-მ“ შეარჩია „ლენოვოს“ G580 (--) მოდელის ორი ლეპტოპი, თითოეული - 1800 ლარად ღირებული. 2015 წლის 20 ოქტომბერს „ა-ის“ მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ლ-ის ქუჩა N--ში, მივიდა ნ. ტ.. მან წარადგინა ხელშეკრულება, სადაც შემსყიდველს წარმოადგენდა „ -- “, რომლის წარმომადგენელიც იყო ნ. ტ.. მან ხელზე წაიღო 3600 ლარად ღირებული „ლენოვოს“ G580 (--) ფირმის ორი ლეპტოპი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2015 წლის 20 ოქტომბერს შპს ,,B. T-ის“ მფლობელ გ. ტ-ეს მობილურ ტელეფონზე – --- ნ. ტ-ის მობილური ტელეფონიდან – --- დაუკავშირდა პირი ქალის ხმით და გაეცნო, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსი, სახელი და გვარი არ უთქვამს. მან განუცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ესაჭიროებოდა ორი ნოუტბუკი i7 პროცესორით. 2015 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნული ტელეფონით ისევ დაუკავშირდა პირი ქალის ხმით, რომელმაც განუცხადა, რომ კომპიუტერის ფასები მისაღები იყო და შეუთანხმდა, რომ მათი კურიერი მივიდოდა ხელშეკრულებით და წამოიღებდა ორ ნოუტბუკს, თითოეულს - ღირებულს 2182 ლარად. 2015 წლის 22 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, აღნიშნულ კომპანიაში, მდებარე ფ-ის ქუჩაზე, მივიდა ნ. ტ., რომელიც გაეცნო გარემოს დაცვის სამინისტროს კურიერად, სახელი და გვარი არ უთქვამს და წარუდგინა ორ ეგზემპლარად შედგენილი ხელშეკრულება, რის შემდეგაც მას გადაეცა 4364 ლარად ღირებული ორი ნოუტბუკი, რომლებიც მან თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებული ნ. ტ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ნ. ტ-ის გამართლებას.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. დაცვის მხარის ვერსიას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც თაღლითობის შემადგენლობის ყველა ნიშანი დასტურდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებით, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების - ნ. შ-ის, ბ. შ-ის, ლ. ნ-ის, ა. ნ-ის, ნ. გ-ას, მ. ს-ს, გ. ტ-ის, მ. მ-ის, ვ. ძ-ის, ს. მ-ის, ს. პ-ის, ი. წ-ის, მ. ხ-ის, ნ. ნ-ის, ნ. გ-ს, ნ. ს-ის, ა. მ-ის, ს. ძ-ის, დ. კ-ის, რ. დ-ის, ნ. ი-ის, თ. ხ-ის, გ. გ-ის, ნ. ზ-ის, ქ. ბ-ის, ს. შ-ას, გ. ლ-ს, პ. ბ-ის, ე. კ-ის, დ. ო-ის, გ. გ-ის, თ. ბ-ის, ნ. ქ-ის, გ. ჯ-ს, კ. ე-ის, მ. შ-ის, გ. ე-ას ჩვენებებით, სახელისა და/ან გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერებით, რწმუნებულება/მინდობილობებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი მდივნის მიმართვითა და დოკუმენტების დათვალიერების ოქმებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ნ. ტ-ის ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური ნიშნების არსებობა.

7. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ” ქვეპუნქტებით მსჯავრდებას, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები - მათ შორის: 2015 წლის 20 ივლისს გაცემული მინდობილობა, მოწმე ს. მ-ის ჩვენება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული ექსპერტიზის -- დასკვნა საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე