საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002166698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №689აპ-18 ქ. თბილისი
ქ-ი გ, 689აპ-18 6 მაისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ქ-ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
გ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 29 აპრილიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 01:30 საათზე, წარსულში ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ქ-ი აივანზე გადავიდა და მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ქ.გ-ი, მ-ს გამზირის №....-ში მდებარე მ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა. ამ დროს იგი შენიშნა დაზარალებულმა მ. ბ-ა, რის შემდეგაც გ. ქ-ა მოახერხა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ქ-ს გამართლებას.
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და მისთვის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ქ-ს დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით.
9. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის პოზიცია გ. ქ-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ მ. ბ-ა და მოწმე მ. ვ-ს ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნითა და ექსპერტ ბ. ი-ს ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა უკანონოდ შეაღწია მ. ბ-ს საცხოვრებელ სახლში.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე