საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002435304
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№754აპ-18 ქ. თბილისი
ლ. გ. 754აპ-18 3 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენით გ. ლ., - დაბადებული 1…. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ. ლ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ლ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ლ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მარტიდან.
2. აღნიშნული განაჩენით გ. ლ-ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
გ. ლ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ. ლ. , პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 2200 საათზე, ხ-ს რ-ს ს. მ-სში, კ. ხ-ს საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „KUBOTA GL-2….-ის“ მარკის ტრაქტორიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 180 ლარად ღირებულ აკუმულატორს, რის შედეგადაც კ. ხ-ს მიადგა 180 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ლ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს თავისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39–ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ლ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის მინიმუმი, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა შთანთქმის წესი, შესაბამისად, სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობა პალატას არ გააჩნია, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლა კი - მიზანშეუწონლად მიაჩნია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე